ცვლილებების მეშვეობით, საქართველოს უნივერსიტეტებს ვაძლევთ საერთაშორისო პროგრამების განხორციელების შესაძლებლობას

24/03/2022

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებზე მეორე მოსმენით იმსჯელეს. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ამილახვარმა განმარტა, კანონპროექტით საქართველოს უნივერსიტეტებს ფართო შესაძლებლობები ეძლევა.

„გარდა ამისა, უნდა მოხდეს უნივერსიტეტების რეგისტრაცია შესაბამის სსიპ-ში, რაც ტექნიკური საკითხია, ასევე მნიშვნელოვანია ვეტერინარიის სასერტიფიკატო პროგრამის აღიარების საკითხი, რაც ასევე ტექნიკურია. მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი ინოვაციური საკითხი კანონპროექტში არის ის, რომ ჩვენ ძალიან ფართო შესაძლებლობებს ვაძლევთ უნივერსიტეტებს, თავის საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ჩამოაყალიბონ ფაკულტეტების მსგავსი ერთეულები და ვაძლევთ ასევე საერთაშორისო პროგრამების განხორციელების შესაძლებლობას,“ – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას. დღესვე კომიტეტმა მესამე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა პაკეტს, რომელიც მოიცავს ცვლილებებს ზოგადი განათლების, უმაღლესი განათლებისა და განათლების ხარისხის განვითარების შესახებ საქართველოს კანონებში. ​როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ვალერიან გობრონიძემ აღნიშნა, მეორე მოსმენის შემდეგ, რედაქციული ცვლილება არ შესულა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0