ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საარჩევნო განვითარების სკოლების პრეზენტაცია გამართა. სასტუმრო „რედისონში“ გამართულ ღონისძიებას ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. სტუმრებს საარჩევნო განვითარების სკოლების შესახებ პრეზენტაცია ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ წარუდგინა.
მისი განმარტებით, აღნიშნული პროექტის მიზანი სამოქალაქო ჩართულობის გაზრდა, ცნობიერების ამაღლება, ახალგაზრდებში არჩევნების პოპულარიზაცია, პროფესიული კადრების მომზადების მიზნით გრძელვადიანი და ეფექტური მექანიზმების შექმნა არის. თამარ ჟვანიას ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის განხორციელება შარშან დაიწყო, წელს კი პროექტში მონაწილე მუნიციპალიტეტების რაოდენობა გაიზარდა და პროექტი გაფართოვდა.
„მთავარია, რომ ახალგაზრდებში საარჩევნო საკითხების და არჩევნების პოპულარიზაცია მოხდება. არჩევნებში მათი ჩართულობის ხარისხი გაიზრდება, რაც განვითარებისთვის მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა თამარ ჟვანიამ და დასძინა, რომ სასწავლო კურსი განკუთვნილი არის 18-დან 24 წლის ახალგაზრდებისთვის.
საქართველოს 20 მუნიციპალიტეტში სასწავლო კურსი 25 ივლისს დაიწყება. სწავლებაში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია გაიარა 680-მა ახალგაზრდამ. ორკვირიანი სასწავლო კურსი 10 სამუშაო-სატრეინინგო დღეს მოიცავს. საარჩევნო განვითარების სკოლა ევროპის საბჭოს და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება. სწავლებას საოლქო-საარჩევნო კომისიის წევრები და საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენერები ჩაატარებენ. სწავლება უფასო იქნება.
„ჩვენ ვეხმარებით ცესკო-ს პროექტის განვითარებაში, რათა ხელი შევუწყოთ ახალგაზრდებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას, რათა რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა ჩაერთოს არჩევნებში. პირველადი ინფორმაცია ძალიან კარგია“, – აღნიშნა ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა კრისტიან ურსემ.