ცესკოს საგანგებო განცხადება საოლქო საარჩევნო კომისიებში განვითარებულ მოვლენებზე

25/08/2018

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ცესკო) მნიშვნელოვანად მიაჩნია საზოგადოების ინფორმირება საოლქო საარჩევნო კომისიების მიმართ განხორციელებული პროვოკაციული ქმედებების შესახებ, რამდენადაც ეს არის არა მხოლოდ საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის, არამედ საარჩევნო გარემოსათვის ზიანის მიყენების მცდელობაც.
რამდენიმე საოლქო საარჩევნო კომისიაში არაიდენტიფიცირებული პირების მიერ განხორციელდა სატელეფონო კომუნიკაცია, რომლის შინაარსიც მიუღებელი და შეუსაბამოა საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობასთან. კერძოდ, უცხო პირების მიერ ხდებოდა საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების მიმართ შეტყობინების გადაცემა, თითქოს ისინი დაბარებულები იყვნენ შეხვედრებზე რეგიონის ახალ გუბერნატორებთან.
ასევე, სატელეფონო ზარები განხორციელდა სახელისუფლებო პარტიის სახელის გამოყენებითაც, ვითომდა მათ მიერ „გადაგზავნილი“ საარჩევნო უბანში ასარჩევი პირების სიის მიღების დასადასტურებლად. ზემოაღნიშნული შინაარსის სატელეფონო ზარები დაფიქსირებულია გარდაბნის, მარნეულის, ზუგდიდის, თბილისის რამდენიმე საარჩევნო ოლქში და ა. შ.
ცესკო არ გამორიცხავს ამგვარი ქმედებების გაგრძელებას, შესაძლო დამუშავებული ჩანაწერების გავრცელებას, თუმცა სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ – საარჩევნო ადმინისტრაცია არის დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც საქმიანობის განხორციელებისას არ ექვემდებარება არც აღმასრულებელ ხელისუფლებას და არც პარტიულ სტრუქტურებს. დაკომპლექტებულია პროფესიული კადრებით, ხელმძღვანელობს მხოლოდ კანონის მოთხოვნებით, მოქმედებს ამომრჩევლების ინტერესებიდან გამომდინარე და ვერანაირი პროვოკაციული ქმედება ვერ შეუშლის ხელს ჩაატაროს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი არჩევნები.
ცესკო მიმართავს დამოუკიდებელ დამკვირვებლებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, მედიას, გააძლიერონ ძალისხმევა, დააკვირდნენ საარჩევნო ადმინისტრაციისა და სხვა ჩართული მხარეების საქმიანობას, აქტიურად ჩაერთონ საარჩევნო პროცესებში, რაც ხელს შეუწყობს გამჭვირვალე, უსაფრთხო და სანდო საარჩევნო გარემოს ჩამოყალიბებას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0