ცარიელ ადგილზე, კონკრეტული გადაცდომის და დანაშაულის გარეშე, ვერანაირი ფარული ჩანაწერით ვერანაირ კომპრომატს ვერ შექმნით

15/10/2018

„ჩვენ ვიხილეთ ერთი სპექტაკლი, რომელიც წარუმატებლად უკვე დასრულდა და შემოგვთავაზეთ ახლა მეორე სპექტაკლი, რომელიც ასევე წარუმატებლად დასრულდება იმიტომ, რომ იქ, სადაც არ არის გადაცდომა, იქ, სადაც არ არის დანაშაული, ვერ შეიქმნება ხელოვნურად კომპრომატი“, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უმცირესობის წევრის, სერგი კაპანაძის განცხადებას.

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის განცხადების საპასუხოდ, რომელიც პარლამენტის როლს ეხებოდა, ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარლამენტს გამოკვეთილი როლი აქვს რომელსაც სათანადოდ ასრულებს.
ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა სერგი კაპანაძის კიდევ ერთ განცხადებასაც.

„9 წელს რაც შეეხება, იქ კომპრომატებით და ფარული ჩანაწერებით კი არ შეიქმნა შთაბეჭდილება თქვენს რეჟიმზე, შეიქმნა ფაქტებით და ფაქტი იყო რა: 10 ათასმა კაცმა, მაგალითად, აჩუქა სახელმწიფოს საკუთარი ქონება, ეს ფაქტი იყო. კონკრეტული ადამიანები აწამეთ, კონკრეტული ადამიანები დახოცეთ და ეს არის ფაშიზმი, ნაციზმი და ყველაფერი. ამიტომ ვერ გადაფარავთ ამას ვერანაირად, ვერც ერთი სპექტაკლით, ვერც მეორეთი და ვერც მესამეთი. პარლამენტი თავის ფუნქციას შეასრულებს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება მირზა სუბელიანის საკითხს, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მმართველ გუნდს მუქარის არ ეშინია და პრინციპების შესაბამისად მოქმედებს. ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა ხაზგასმით, რომ თუ იქნება ვინმეს მხრიდან კონკრეტული დანაშაული, „პარლამენტი არცერთ შემთხვევაში არ დახუჭავს თვალებს“.

„თქვენი მესიჯი იყო ის, რომ თითქოს ჩვენ გვეშინია მუქარის, შანტაჟის, ჩვენ დავამტკიცეთ, რომ არც მუქარის გვეშინია, არც შანტაჟის გვეშინია და ეს ადამიანი დღეს ზის იქ, სადაც ზის. შესაბამისად, მომავალშიც გვექნება, ბუნებრივია, იგივე მიდგომა. თუ იქნება მუქარა, მაგალითად, მირზა სუბელიანის მხრიდან, ჩვენ ამ მუქარის არ გვეშინია და ზუსტად ვმოქმედებთ ჩვენი პრინციპების შესაბამისად იმიტომ, რომ არავის არ ეშინია მუქარის. რაც შეეხება კონკრეტულ საქმეს, რომელსაც იძიებდა საგამოძიებო კომისია, ჭეშმარიტება არის ისევ იგივე, რაც დადგინდა ჯერ პროკურატურის მიერ და რაც დადგინდა შემდეგ საგამოძიებო კომისიის მიერ. როგორც ვერ დაადგინა ასპროცენტიანი სიზუსტით პროკურატურამ, თუ ვინ იყო სასიკვდილო ჭრილობის მიმყენებელი იმ საქმეში, ასევე ვერ დაადგინეთ ვერც თქვენ. ეს არის მთავარი გარემოება. დანარჩენი, ბუნებრივია, ჩვენ გვაქვს ჩვენი როლი. თუ ვინმე რამეს დააშავებს, თუ ვინმეს აქვს კონკრეტული დანაშაული, გადაცდომა, ამაზე გპირდებით, რომ პარლამენტი არცერთ შემთხვევაში არ დახუჭავს თვალებს, თუმცა, რაც შეეხება 9 წელს, ეს მესამე საკითხი იყო, მინდა გაგცეთ პასუხი: ზუსტადაც რომ ეს იყო ფაშისტური, ნაცისტური ღირებულებებით მოქმედი რეჟიმი, რომელმაც შედეგად მოგვცა ადამიანების წამება, გაუპატიურება, ეს იყო კონკრეტული ფაქტები, ამას არანაირი ფარული ჩანაწერები არ სჭირდებოდა. ფარულმა ჩანაწერებმა მხოლოდ და მხოლოდ გაამყარა ის აღქმა, რომელიც ისედაც იყო ჩამოყალიბებული საზოგადოებაში და ეს 9 წელი არ იყო უბრალო გადაცდომების 9 წელი. ეს იყო უმძიმესი დანაშაულების, ადამიანის ღირსების ტოტალური ხელყოფის 9 წელი და ზუსტად ამიტომ გაგცათ თქვენ პასუხი საზოგადოებამ 2012 წელს და ამიტომ კიდევ ერთხელ გაგცემთ პასუხს საზოგადოება ამ არჩევნებში, 28 ოქტომბერს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, „როგორც ოქუაშვილის საქმეში გაეცა ყველა კითხვას პასუხი, ასევე, ამ საქმეშიც ძალიან კონკრეტული პასუხი გაეცემა ყველა კითხვას“. პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ჩანაწერში კონკრეტული პირის მხრიდან, კონკრეტული მუქარა ამოიკითხა.

„რაც შეეხება გუშინდელ ჩანაწერს, მე აქ ამოვიკითხე კონკრეტული მუქარა კონკრეტული პირის მხრიდან, ისევე, როგორც ამოვიკითხეთ ეს მუქარა თავის დროზე, ოქუაშვილის მხრიდან. ამ მუქარის არავის არ ეშინია. ვერც ნიკა გვარამიას მიერ მინიჭებული იმუნიტეტი ვერ დაიცავს ვერავის, როდესაც ის ემუქრება ხელისუფლებას, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს კონკრეტული პასუხები კითხვაზე და ამ კითხვებს პასუხები აუცილებლად გაეცემა. რაც შეეხება ზოგად სურათს, ჩვენ გვპირდებოდნენ, რომ ახალ საქართველოში გავიღვიძებდით ამ ჩანაწერის შემდეგ და ეს საქართველო არის ისევ ის საქართველო, რაც იყო გუშინ. ეს არის ის საქართველო, სადაც წარსულში „ნაცმოძრაობა“ აწამებდა, აუპატიურებდა, აყაჩაღებდა ბიზნესმენებს. კიდევ ერთხელ გავიხსენებ, 10 ათასი კაცი როცა ჩუქნის სახელმწიფოს ქონებას, იმას ფარული ჩანაწერები არ სჭირდება. ვერანაირი ფარული ჩანაწერებით ამ რეალობას ვერ შეცვლიდა ზუსტად ამიტომ დაემხო თქვენი რეჟიმი და ზუსტად ამიტომ მოხდა სათანადოდ თქვენი რეჟიმის მხილება, იმიტომ, რომ ამას აკეთებდით თქვენ 9 წლის განმავლობაში და ცარიელ ადგილზე კონკრეტული გადაცდომის და დანაშაულის გარეშე, ვერანაირი ფარული ჩანაწერით, ვერანაირ კომპრომატს ვერ შექმნით. აქ ექნება პარლამენტს თავისი როლი და პარლამენტი უზრუნველყოფს იმას, რომ ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. მგონი სათანადოდ ვთქვით ყველაფერი“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0