სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საერთო კრებები მიმდინარეობს. ამჯერად სოფლის კრება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშში ჩატარდა. მოსახლეობის მიერ, პრიორიტეტების შერჩევის პროცესს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ედიშერ თოლორაია და ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია დაესწრნენ. ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ და მათგან არსებული პრობლემების და საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მიიღეს. სოფლის კრებაზე, ადგილობრივების უმეტესობამ, მხარი რკინიგზის გადასასვლელის რეაბილიტაციას, გარე განათების და მოსაცდელის მოწყობას დაუჭირა. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ბიუჯეტი 40 მილიონი ლარია. პროგრამით, მუნიციპალიტეტებში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები ფინანსდება. სოფლების მიერ შერჩეული პროექტები კი დასამტკიცებლად მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება. პროგრამა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის შემადგენელი ნაწილია.
ცაიშში სოფლის კრებაზე ადგილობრივებმა პრიორიტეტები აირჩიეს
10/02/2020