ცაგერის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ნალექმა სოფელ ლაშიჭალაში მდინარის ადიდება გამოიწვია. დაიტბორა საავტომობილო გზის სავალი ნაწილი და დაზიანდა სამი ხიდი. მდინარის ნატან მასალაში მოყვა ორი მსუბუქი ავტომობილი, თუმცა სტიქიისას, არცერთ მათგანში მოქალაქეები არ იმყოფებოდნენ. ადგილზე მყისიერად მოხდა სამაშველო სამსახურის მობილიზება, შესაძლებელი გახდა ავტომანქანების უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა. არსებული ვითარების გასაცნობად, სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მაქარაშვილი, რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები სტიქიის ზონაში იმყოფებიან. გზის გაწმენდითი სამუშაოები ახლაც გრძელდება, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, საგანგებო სიტუაციების მართვისა და მუნიციპალური სამსახურები. ამ დროისათვის უკვე გაწმენდილია გზის სავალი ნაწილი, სადაც შესაძლებელია მაღალი გამავლობის ავტომანქანებით გადაადგილება. მოსახლეობის საკარმიდამო ტერიტორიებს საფრთხე არ ემუქრება. ადგილობრივები შემოვლითი გზებით უკავშირდებიან გარესამყაროს და საჭირო პროდუქტით უზრუნველყოფის პრობლემა არ დგას. ადგილზე, სპეციალისტების ჩართულობით, მიმდინარეობს ზარალის დათვლა.
ცაგერის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ნალექმა სოფელ ლაშიჭალაში მდინარის ადიდება გამოიწვია
09/09/2020