ჩუღურეთში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება

14/08/2016

თბილისის მერი დავით ნარმანია და ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე წინამძღვრიშვილისა და კიევის ქუჩების კვეთაზე მდებარე სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნენ და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.

სკვერის ტერიტორიაზე მიმდინარეობს ბორდიურებისა და დეკორატიული ფილების მონტაჟი, რის შემდეგაც დაიდგმება სკამები და ინვენტარი. სკვერი ლითონის დეკორატიული ღობით შემოიღობება. პატარებისთვის კი სათამაშო მოედანი მოეწყობა.
დედაქალაქის მერის თქმით, სკვერის კეთილმოწყობა დაპირებისამებრ ხორციელდება და მიმდინარე სამუშაოები უახლოეს მომავალში დასრულდება.

„გარდა სკვერისა, მაზნიაშვილის ქუჩაზე მიმდინარეობს გზის კეთილმოწყობის სამუშაოები. მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე კი, მოვაწესრიგეთ შიდა ეზოები. ჩვენ მაქსიმალურად ვეხმარებით მოსახლეობას, რათა მათ უკეთესი საცხოვრებელი პირობები შევუქმნათ“- განაცხადა დავით ნარმანიამ.

ჩუღურეთის რაიონში წელს კიდევ 4 ახალი სკვერის კეთილმოწყობა იგეგმება. გარდა ამისა, რაიონში ასევე მიმდინარეობს თანადაფინანსებული პროექტების განხორციელებაც. ამ დროისთვის უკვე დასრულდა წინამძღვრიშვილის N50 საცხოვრებელი სახლის გამაგრება. აღნიშნულ მისამართზე, ეზოში ჩატარდა ინფრასტრუქტურული სამუშაოები. კერძოდ, მოწესრიგდა წყალ-კანალიზაციის სისტემა და დაიგო ასფალტის საფარი.
სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოებს შპს „ტაო“ აწარმოებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0