ჩოხატაურის პირველი საჯარო სკოლის ბიბლიოთეკა თანამედროვე ლიტერატურით აღიჭურვა

29/03/2021

ჩოხატაურის პირველი საჯარო სკოლის ბიბლიოთეკა თანამედროვე ლიტერატურით აღიჭურვა. სკოლას წიგნები სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში გიორგი სახოკიამ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერთან ირაკლი კუჭავასთან და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორთან გიორგი კეკელიძესთან ერთად გადასცა. სკოლაში გაიხსნა “თანასწორობის კუთხე“, სადაც თავმოყრილი იქნება წიგნები, რომლებიც თემატურად დაკავშირებულია თანასწორობის, ტოლერანტობისა და თავისუფლების იდეასთან, რაც შესაძლებლობას აძლევს მოზარდებს, თანამედროვე ლიტერატურის საშუალებით აიმაღლონ ცნობიერება უნივერსალური ღირებულებების შესახებ. „თანასწორობის კუთხეების“ გახსნა საქართველოს რეგიონების სკოლებსა და ბიბლიოთეკებში გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ინიციატივაა, რომელიც 2019 წლიდან, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან, სახელმწიფო უწყებებთან და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან პარტნიორობით ხორციელდება. ინიციატივა გულისხმობს UNFPA-ს საქართველოს ოფისის პროგრამების სამიზნე რეგიონებში, იმ სკოლების და ბიბლიოთეკების თანამედროვე ლიტერატურით აღჭურვას, სადაც წიგნების ფონდის განახლების განსაკუთრებული საჭიროება და ამავდროულად, მისი მართვის შესაძლებლობა არსებობს. სკოლაში ფოტოგამოფენა “გოგონები მომავლიდან“ ჩვენებაც გაიმართა, რომელიც ფოტოგრაფ დინა ოგანოვას ავტორობით და გაეროს მოსახლეობის ფონდის ინიციატივით შექმნილი პროექტია. ფოტოპროექტი საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა და სოფელში მცხოვრები 10-დან 16 წლამდე გოგონების ისტორიებს გვიამბობს როგორც ფოტოების, ასევე, ტექსტების მეშვეობით. პროექტის მიზანია, საზოგადოებას ხაზგასმით დაანახოს, რომ გოგონების პოტენციალის სრულ რეალიზებას, მათთვის თანაბარი პირობებისა და თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნას, განათლებასა და ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თითოეული სახელმწიფოს წინსვლისა და განვითარებისთვის, რომ თითოეულ გოგონას უნდა მიეცეს საშუალება, დაასრულოს განათლება და მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილებები საკუთარი ცხოვრებისა და ჯანმრთელობის შესახებ. ფოტოპროექტის პრეზენტაცია ოზურგეთის პირველ და ჩოჩხათის საჯარო სკოლებშიც გაიმართება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0