ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა 70 წლისაა

27/10/2019

1949 წლის 1 ოქტომბერს პეკინში, ტიანანმენის მოედანზე გამართულ მიტინგზე ცენტრალური ეროვნული ხელისუფლების თავმჯდომარე მაო ძედუნმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსებაზე განაცხადა. 2019 წელს კი, ქვეყანა დაარსებიდან 70 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამ პერიოდში, ჩინეთი სამთო-მომპოვებელი და საფეიქრო მრეწველობის მქონე ქვეყნიდან „მსოფლიო „ქარხნად“ გარდაიქმნა, რომელიც აერთიანებს ყველა სამრეწველო სფეროს.
1970 წლის ბოლოს დაწყებულმა რეფორმებისა და ღიაობის პოლიტიკამ, მეწარმეებს მისცა შესაძლებლობა გაეხსნათ საკუთარი ბიზნესი და მცირე მასშტაბის სახელოსნოები მსხვილ კომპანიებად ექციათ. ჩინეთის გადამამუშავებელი მრეწველობის ახალი სიმბოლოა (რომელიც ცნობილია ფრაზით „Made in China”) მაღალსიჩქარიანი მატარებლები და ნახევარგამტარები.
მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2010 წელს ჩინეთმა უკან დატოვა შეერთებული შტატები და გახდა უმსხვილესი მწარმოებელი მსოფლიოში. დღემდე ჩინეთი მყარად იკავებს ამ პოზიციას. თანამედროვე სამრეწველო სისტემის ჩამოყალიბების გზით, 21-ე საუკუნეში ჩინეთი ორიენტირებულია გადამამუშავებელი მრეწველობის მაღალტექნოლოგიურ და მოწინავე სექტორებზე. კაპიტალის მუდმივი დაბანდების შედეგად, 2017 წელს მაღალტექნოლოგიური დარგების ძირითადი ოპერაციული შემოსავლები აღწევდნენ დაახლოებით 2.2 ტრილიონ აშშ დოლარს. დღეს ჩინეთი აწარმოებს და ყიდის პრაქტიკულად ყველაფერს – ყოველდღიური მოთხოვნის საქონლით დაწყებული და მაღალსიჩქარიანი მატარებლებით დასრულებული. არადა, 70 წლის წინ ჩინეთი იყო ჩამორჩენილი სასოფლო-სამეურნეო ქვეყანა, რომელიც ძლივს ახერხებდა საკუთარი მოსახლეობის გამოკვებას.
ბოლო პერიოდში ჩინეთის მოსახლეობის სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა გაიზარდა 35-დან 77 წლამდე. სტატისტიკურად, საშუალო შემოსავალი ერთ სულზე 1949 წელს იყო 49,7 იუანი, ხოლო 2018 წელს 28 ათასი იუანი, ფაქტობრივად შემოსავალი ერთ სულზე 59,2 ჯერ გაიზარდა. ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში ვახტანგ ხომიზურაშვილი აცხადებს: „წელს ჩინეთი დაარსებიდან 70 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამ ქვეყნის მაგალითი ნათლად გვიჩვენებს, თუ რამდენად შთამბეჭდავია წარმატება, როდესაც ქვეყანა, ხელმძღვანელობა და მთელი ერი გაერთიანებულია განსაზღვრული მიზნების მიღწევაში. ჩინეთი უმსხვილესი ქვეყანაა, საკუთარი რესურსებით. მიუხედავად ამისა, ასეთი რაოდენობის მოსახლეობის პირობებში ქვეყანამ შეძლო მშვიდობიანი და სწრაფი განვითარება რეფორების და ღიაობის პოლიტიკის წყალობით.
წარმატება მიღწეულია არა მხოლოდ ცალკე აღებულ დარგში, მაგალითად ელექტრონიკაში, მრეწველობაში და ა.შ., არამედ ეკონომიკის ყველა აზიმუტში. ჩინეთმა გვაჩვენა შესანიშნავი შედეგები, კოსმოსური სივრცის ათვისებიდან სასოფლო მეურნეობამდე. ჩინეთმა მიაღწია ეკონომიკურ წარმატებას – 2013 წლიდან ჩინეთის ეკონომიკა თითქმის 45%-ით გაიზარდა.
დღეს ეკონომიკის ზრდა ჩინეთში შეადგენს 6%-ს, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანა გადაერთო საკუთარი მოსახლეობის მოთხოვნების დაკმაყოფილებასა და ქვეყანაში რეფორმების ჩატარებაზე“.
ვახტანგ ხომიზურაშვილის თქმით, ჩინური განვითარების გამოცდილება უმნიშვნელოვანესია როგორც უშუალოდ ჩსრ-სთვის, ასევე საქართველოსა და სხვა ქვეყნებისთვის: „ჩვენ შეგვიძლია ვისწავლოთ ბევრი რამ ჩინელებისგან. პირველ რიგში, საორგანიზაციო კუთხით, ვინაიდან ეს ქვეყანა ორიენტირებულია პროგრესზე, ქვეყანაში დანერგილია საბაზრო მექანიზმები. ჩინელი ახალგაზრდობა სწავლობს უცხოურ დაწესებულებებში და სამშობლოში დაბრუნებისთანავე ნერგავს ახალ ტექნოლოგიებს და ნოუ-ჰაუს.
„რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ასევე განპირობებულია ჩინელების შრომისმოყვარეობით. ეს არის ხალხი, რომელიც ყოველთვის მოძრაობაშია. ჩინეთის მთავრობამ შექმნა ყველა პირობა ახალი ინიციატივების რეალიზებისთვის ბიზნესისა და უახლესი ტექნოლოგიების სფეროში. მთავრობა სტიმულირებას უკეთებს ამ პროცესებს და ჩაატარა საგადასახადო სფეროში რეფორმები, კერძოდ, შეამცირა გადასახადები გარკვეული ტიპის საქმიანობებისთვის.
ჩინეთმა დაიწყო სწრაფი განვითარება და შექმნა თანაბარი პირობა მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესისთვის რასაც არც ერთი მათგანი არ დაუზარალებია.
ჩინეთში მიღებული კანონები მკაცრად კონტროლდება, ვინაიდან სასამართლო სისტემა არის ობიექტური და სამართლიანი. ყველა კანონი გაწერილია დეტალურად. ყველა ამ სტიმულირების მექანიზმა თავისი შედეგები აჩვენა იმდენად, რამდენადაც ზოგადად შესაძლებელი იყო ნებისმიერ ქვეყანაში. ამჟამად ჩინეთი არის მსოფლიოში მეორე ეკონომიკა და აშშ-ს ძლიერი კონკურენტი.
ხაზი უნდა გავუსვათ სახელმწიფო საწარმოების წარმატებულ მართვას. ჩინეთში შეირჩა ყველაზე პერსპექტიული მენეჯერები, რომლებიც სახელმწიფო საწარმოების ხელმძღვანელ პოსტებზე დაინიშნენ.
არ არის საჭირო ვიმსჯელოთ ქვეყანაზე, კერძოდ მის სიმდიდრესა და განვითარებაზე, მილიონრების რაოდენობის მიხედვით. ეს ასე არ არის, ეროვნული სიმდიდრის განაწილება ჩინეთში მიმდინარეობს თანაბრად. ქვეყანაში არ არის დიდი სხვაობა საშუალო და დაბალ კლასებს შორის. გასაზიარებელია ჩინეთის გამოცდილება ეკონომიკური მოდელის აგებასა და ტექნიკური პრინციპების გამოყენებაში, რომელიც საკმაოდ წარმატებულად მიმდინარეობს. ჩინეთის მთავრობის ინიციატივები, ჩემი აზრით, პატრიოტულია. ასევე უნდა გავიზიაროთ ზოგიერთი პრინციპი და მიდგომა და შემდეგ მოვახდინოთ მათი ადაპტირება ქართულ რეალობასთან და დავიწყოთ რეფორმების გატარება, ვინაიდან უკვე არსებობს ჩინური მოდელის სოციალურ-ეკონომიკური სისტემის თვალსაჩინო მაგალითი“.
აღსანიშნავია, რომ ბოლო წლები იყო განსაკუთრებით ნაყოფიერი ქართულ-ჩინური ურთიერთობებისთვის. მიმდინარეობს ჩინური ინვესტიციების ზრდა ქართულ ეკონომიკაში, ჩინური კომპანიები წარმატებულად მუშაობენ საქართველოში ისეთ სექტორებში, როგორიცაა მშენებლობა, გზები და ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, საბანკო საქმე და სხვა.
2017 წლის მაისში, პეკინში გაიმართა დიდი ღონისძიება, სადაც საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი. მოლაპარაკებები, ორივე მხარის ძალისხმევით, დასრულდა რეკორდულად მოკლე ვადებში – 7 თვეში. ამ შეთანხმების ხელმოწერის მომენტიდან საქართველო გახდა ერთადერთი ქვეყანა ევრაზიულ რეგიონში, რომელმაც ხელი მოაწერა ასეთ ხელშეკრულებას ჩინეთთან.
ეს დოკუმენტი არის ძალიან მნიშვნელოვანი სტიმული საქართველოში ახალი საინვესტიციო პროტექტების რეალიზაციის, მეწარმეობის განვითარებისა და ქართული პროდუქციის ექსპორტისთვის. ასევე გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს გავლით ჩინური კომპანიები გაყიდიან პროდუქციას ევროპულ ბაზარზე. მაგრამ სტატისტიკის გარდა, არსებობენ ადამიანები, რომლებიც წარმართავენ ბიზნესს და ხელს უწყობენ ჩვენი ქვეყნების დამეგობრობის პროცესს.
აღსანიშნავია, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერის ცერემონია გაიმართა საერთაშორისო ფორუმის „ერთი სარტყელი-ერთი გზის“ ფარგლებში ქ. პეკინში.
ასევე ყურადსაღებია, რომ საქართველოს მთავრობამ ა.წ. 21-23 ოქტომბერს ჩაატარა მესამე ფორუმი „Tbilisi Belt and Road Forum” თბილისში.
ფორუმის დელეგატის, საქართველოს მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარის ლევან სილაგავას თქმით, საქართველო ისტორიულად თამაშობდა უმნიშვნელოვანეს როლს აბრეშუმის გზის განვითარებაში: „თანამედროვე ეკონომიკური ინტეგრაციისა და გლობალიზაციის კონტექსტში, როდესაც სავაჭრო-ეკონომიკურ განვითარებას აქვს დიდი მნიშვნელობა, კონცეფცია და მონაწილება ახალ აბრეშუმის გზაში ჩვენთვის ხდება უფრო პრიორიტეტული.
საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც მოახდინა რეაგირება ჩსრ-ს თავმჯდომარის სი ძინპინის ინიციატივაზე „ერთი სარტყელი – ერთი გზა“, რომელიც მიმართულია ახალი სავაჭრო დერეფნების შექმნასა და არსებული დერეფნების გაუმჯობესებაზე ქვეყნებს შორის ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობის პრინციპების საფუძველზე. ამ პრინციპიდან იწყება ჩვენი ურთიერთობების განვითარება. ამ ინიციატივაში მონაწილე ქვეყნები არიან კონკურენტები, ხოლო საერთო მოგების საფუძველზე აღწევენ საუკეთესო შედეგებს.
აბრეშუმის გზა უმნიშვნელოვანესია ზოგადად, და არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მთლიანი სატრანსპორტო დერეფნისთვის, რომელიც განაპირობებს ტვირთების გადაზიდვის რეალობას. გადაზიდვების გამართული სისტემებისთვის უმნიშვნელოვანესია ისეთი კომპონენტები, როგორიცაა ტვირთების ღირებულება, ტვირთების გადაზიდვა და გადაზიდვის ვადები.
დღესდღეობით მიმდინარეობს სატარიფო პოლიტიკის შეთანხმება იმისთვის, რომ კომპანიებმა მიიღონ მომსახურება ერთი ფანჯრის პრინციპით, ერთიანი ტარიფის დახმარებით“.
საქართველოს გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, ასევე ყურადსაღებია, რომ უმოკლესი მარშრუტი ჩინეთსა და ევროპას შორის საქართველოს ტერიტორიაზე გადის. დღეს სახმელეთო ტრანსპორტით აღმოსავლეთ აზიაში საქართველოში ჩასვლა შესაძლებელია არაუმეტეს 10 დღეში, საიდანაც ნებისმიერ ევროპულ პორტს მიაღწევთ ხუთ დღეში.
მატერიალურ-ტექნკური პოტენციალის წყალობით, მომგებიანი გახდა საქართველოში საწარმოო სიმძლავრეების მიწოდება. ასევე შესაძლებელია რამდენიმე ახალი მიმართულების განვითარება, მაგალითად, ერთობლივი ჩინურ-ქართული თავისუფალი ვაჭრობის ზონების, სამრეწველო და ტექნოლოგიური ზონების შექმნა და განვითარება.
ჩინეთმა და საქართველომ მაქსიმალურად უნდა განავითაროს ურთიერთობები იმისთვის, რომ ჩვენმა საწარმოებმა მჭიდროდ ითანამშრომლონ და შექმნან უფრო მეტი სამუშაო ადგილი ორივე ქვეყანაში. დღეს, ჩინეთის ხელისუფლება ხელს უწყობს კერძო სექტორს და სახელმწიფო კომპანიებს საქართველოში ინვესტირებისთვის და საწარმოო სიმძლავრეების გაფართოებისთვის. განსაკუთრებით ეს უმნიშვნელოვანესია სავაჭრო-ეკონომიკური შეთანხმებების თვალსაზრისით, რომელიც საქართველოს აქვს დადებული პარტნიორ ქვეყნებთან, მათ შორის საკვანძო არის ევროკავშირთან დადებული თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ შეთანხმება..
ლიკა ჟორჟოლიანი

Tweet about this on TwitterShare on Facebook0