პარლამენტის წევრებმა ეკა ბესელიამ და გედევან ფოფხაძემ საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართეს
პარლამენტის წევრებმა ეკა ბესელიამ და გედევან ფოფხაძემ საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართეს
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში რამდენიმე დღის წინ შეტანილი ცვლილებების მიზანი კიდევ ერთხელ განუმარტა.
მისი თქმით, სასამართლოს ინსტიტუციური გაძლიერებისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოს ნდობის გაძლიერებისკენ იყო ეს ცვლილებები მიმართული. „ამიტომ ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით კანონის იმპლემენტაციის პროცესს, რომელიც მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით და გვაქვს ისეთი განცდა, რომ არის აშკარა მცდელობა, საკონსტიტუციო სასამართლო იყოს ჩართული პოლიტიკურ პროცესში“,- აღნიშნა ეკა ბესელიამ.
მისი განცხადებით, სამწუხაროა, რომ ამ პროცესის ერთ მხარეს დგას სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“- ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია. „ის განცხადებები თუ ცალკეული შეფასებები, რომელიც კეთდება ბოლო პერიოდში საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით, მეტყველებს იმაზე, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პოლიტიკურ პროცესში ჩართვის ძალიან ღია მცდელობასთან გვაქვს საქმე. გვარამიას მიერ გაკეთებული განცხადება, რომ სააპელაციო სასამართლოს ეშინია, არ დაასწროს საკონსტიტუციო სასამართლომ რაღაც გადაწყვეტილების მიღება, ეს იყო პირდაპირი ტექსტი და აღიარება, რომ მისთვის არის ცნობილი მოსალოდნელი გადაწყვეტილებების შესახებ“,- .განაცხადა ეკა ბესელიამ.
მან ჟურნალისტებს შეახსენა სარჩელი, რომელშიც საქართველოს პარლამენტი არის მოპასუხე მხარე. მისივე განმარტებით, ეს სარჩელი არის სწორედ ტ/კ „რუსთავი 2“-ისა და ტ/კ „საქართველოს“ საქმე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
ეკა ბესელიას ინფორმაციით, აღნიშნული სარჩელის განხილვისას, პარლამენტის სახელით გამოდიოდა წარმომადგენელი, რომელმაც დააყენა რამდენიმე მოსამართლის აცილების საკითხი. მან შუამდგომლობის ტექსტი გააცნო ჟურნალისტებს, სადაც, მისივე თქმით, არის დასაბუთებული მოსამართლეების – ვარძელაშვილისა და კოპალეიშვილის მიმართ გაცხადებული უნდობლობა და აცილების მოთხოვნა.
„ყველა ის სარჩელი, რომელიც არის ნაციონალური მოძრაობის ინტერესის სფეროში, სარჩელები, რომელიც შეაქვს ტელეკომპანიას, რატომღაც ხვდება ყოველთვის ერთ კოლეგიაში, ერთი კოლეგიის სამ მოსამართლესთან. როდესაც ჟურნალისტები გვისვამთ კითხვას, რატომ დააყენა ერთმა მოსამართლემ შუამდგომლობა პლენუმის წინაშე საქმის პლენუმის მიერ განხილვის თაობაზე, ხომ არ იწვევს ეჭვებს ის გარემოება, რომ სასამართლოს ერთი კოლეგიის მხოლოდ 3 მოსამართლესთან ხვდება ყველა სარჩელი, რომელიც არის კონკრეტულად ტ/კ „რუსთავი 2“ -ის ან ნაციონალური მოძრაობის ინტერესის ქვეშ?“- მიმართა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ.
მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტის სახელით მოსამართლეების აცილების საკითხის დადგომისას კონკრეტული ფაქტები იყო მითითებული. „როცა ნიკა გვარამია იყო განათლების მინისტრი, მისი პირველი მოადგილე გახლდათ მეუღლე ვარძელაშვილის -ერთ-ერთი კოლეგიის თავმჯდომარის, ამავე კოლეგიის მეორე მოსამართლე – კოპალეიშვილი ნიკა გვარამიას იუსტიციის მინისტრობისა და განათლების მინისტრობის დროს იყო მისი მოადგილე“, – განაცხადა ეკა ბესელიამ. მისი განმარტებით, სწორედ სასამართლოს მიმართ უნდობლობისა და მასზე ზეწოლის თავიდან ასაცილებლად იქნა შემოღებული საქმეების განაწილების შემთხვევითობის პრინციპი. სწორედ ამიტომ გაიზარდა მოსამართლეთა იმუნიტეტი და გადაწყვეტილების მიღების კვორუმი.
გედევან ფოფხაძის მოსაზრებით, რომელიც მან ნიკა გვარამიას მისამართით გამოხატა, თუ ვინმეს პოზიცია არაა მისაღები, ეს უნდა კეთდებოდეს კორექტულ ფორმებში.
ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით კანონის იმპლემენტაციის პროცესს
10/06/2016