საქართველოში სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით პიოტრ გეტმანის სახელობის სახმელეთო ჯარების აკადემიის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი პავლო ტკაჩუკი იმყოფება. დღეს, უკრაინულ დელეგაციას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ უმასპინძლა.
საქართველოს გენერალური შტაბის უფროსმა უკრაინულ მხარეს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
“ჩვენ ძალიან კარგად ვერკვევით ჩვენი ქვეყნების გარშემო არსებულ სიტუაციაში და გვაქვს ერთნაირი ხედვა. ვაპირებთ უკრაინელ კოლეგებს გავუზიაროთ ცოდნა ჩვენი წინგადადგმული ნაბიჯების შესახებ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინელების გამოცდილება ჰიბრიდულ ომებთან დაკავშირებით. მსგავსი ცოდნის გაზიარება ორივე მხარეს წაგვადგება. რაც მთავარია იგეგმება სტუდენტების და სამხედრო პედაგოგების გაცვლა ჩვენს სასწავლებლებში, რაც საშუალებას მოგვცემს უფრო მეტად გავაძლიეროთ ჩვენი შეიარაღებული ძალების განვითარება“- აღნიშნა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.
შეხვედრაზე უკრაინასა და საქართველოს შორის სამხედრო განათლების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს სამხედრო განათლების განვითარების საკითხებს.
„მადლობას ვუხდით გენერალური შტაბის უფროსს საქართველოში მოპატიჟებისთვის. ჩვენ ერთმანეთს ცოტა ხნის წინ ლვოვის აკადემიაში შევხვდით, სადაც გენერალ-მაიორი კაპანაძე დაწესებულების სწავლის პროცესს და უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების მომზადების მეთოდებს გაეცნო. ჩემი ვიზიტის მიზანია ინფორმაცია მივიღო თქვენი სამხედრო სასწავლებლების შესახებ. გვაინტერესებს სწავლის მეთოდები, რომლითაც საქართველოში ოფიცრებს, სერჟანტებს და სხვადასხვა დანაყოფებს ამზადებთ. გარდა ამისა, სურვილი გვაქვს შევისწავლოთ თქვენი გამოცდილება ნატოს სტანდარტებზე გადასვლის პროცესში და კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგათ ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხში“ – განაცხადა გენერალ-ლეიტენანტმა პავლო ტკაჩუკმა.
დღესვე, უკრაინის სახმელეთო ჯარების აკადემიის უფროსი გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრს და ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისს“ ესტუმრება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია დავით აღმაშენებლის ეროვნული თავდაცვის აკადემიისა და გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მონახულება.