ჩვენ შემდგომი პერიოდი უნდა გამოვიყენოთ ოპოზიციასთან კონსულტაციებისთვის

08/02/2021

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს წევრებს პარლამენტის დადგენილების პროექტები და ახალი საკანონმდებლო ინიციატივები გააცნო, რომელთა განხილვაც 16-19 თებერვლის პლენარულ სხდომებზე იგეგმება.
„საქართველოს პარლამენტის მეგობრობის ჯგუფების შესახებ“ პარლამენტის დადგენილების პროექტზე საუბრისას, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ მეგობრობის ჯგუფის მიზნები შესაბამის რეგულაციებშია აღწერილი, მაგრამ ამ საკითხს, განსაკუთრებით პოსტკოვიდურ პერიოდში, სტრატეგიული მიდგომა და გააქტიურება სჭირდება და დამატებით თუ რა უნდა იყოს მეგობრობის ჯგუფების მიზნები და ამოცანები ამაზე პარლამენტში ცალკე დისკუსია იქნება საჭირო.
პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს წევრებს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეორგანიზებასთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტთა ვრცელი პაკეტი წარუდგინა, რომელზეც ბიურომ შესაბამისი კომიტეტები განსაზღვრა. აღნიშნულ საკითხს უკავშირდება ასევე „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი, რომლის თანახმადაც, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის ნაცვლად, ორი კომიტეტი – განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი და კულტურის კომიტეტი შეიქმნება.
ბიუროს სხდომაზე, „2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ“ პარლამენტის დადგენილების პროექტთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარემ განცხადება გააკეთა.

„ვიდრე კომისია დაიწყებს საქმიანობას, ჩვენ შემდგომი პერიოდი უნდა გამოვიყენოთ ოპოზიციასთან კონსულტაციებისთვის, რათა მათი მაქსიმალური მონაწილეობა იყოს უზრუნველყოფილი. მეორე მხრივ, საზოგადოების წინაშე ეს იყო ჩვენი პირობა, რომ საპარლამენტო საქმიანობის დაწყებისთანავე, საგაზაფხულო სესიაზე აუცილებლად შევქმნიდით საგამოძიებო კომისიას, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საკითხს შეისწავლიდა. ჩვენ მაშინაც მიგვაჩნდა და დღესაც დარწმუნებული ვართ, რომ გაყალბებასთან დაკავშირებით რადიკალური ოპოზიციის ბრალდებები გახლდათ უსაფუძვლო. დღეს ჩვენ პრინციპულად მზად ვართ და გაგვაჩნია პოლიტიკური ნება, რომ ოპოზიციასთან ერთად შევისწავლოთ ეს საკითხი და მათივე პრეტენზიები საგამოძიებო კომისიის ფორმატში გამოვიკვლიოთ და მიუკერძოებელი დასკვნა დავდოთ. ჯერჯერობით, რასაც საჯაროდ ვისმენთ არის ერთადერთი კონტრარგუმენტი – ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელი აცხადებს, რომ რაღა აზრი აქვს კომისიის შექმნას, როცა ხელისუფლებას ოქმებში ყველაფერი გადასწორებული აქვს და შესაბამისად, დარღვევების აღმოჩენა ვეღარ მოხდებაო. ამ ღიმილისმომგვრელ არგუმენტზე მინდა ცალსახად განვაცხადო, რომ როგორც თავდაპირველი დათვლის ოქმები, ასევე დათვლიდან მოკლე დროში გაკეთებული შესწორების ოქმები ხელმოწერილია ოპოზიციური პარტიების 11 ათასამდე წარმომადგენლის მხრიდან. თუ ეს ასე არ არის, მათ შორის, ამის გადამოწმებაც შეუძლია საგამოძიებო კომისიას. მაგრამ ეს ასეა და შესაბამისად, არგუმენტი, რომ თითქოს ყველაფერი უკვე შესწორებულია, რა თქმა უნდა, აბსურდულია, იმიტომ რომ შესწორების ოქმებს, სადაც ასეთი არსებობს, ყველგან ახლავს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა ხელმოწერები. მე კიდევ ერთხელ მივმართავ, განსაკუთრებით, ოპოზიციის იმ წარმომადგენლებს, ვისი მთავარი არგუმენტიც არჩევნების შედეგების დელეგიმიტაციასთან დაკავშირებით გახლდათ ის, რომ თითქოს არჩევნები გაყალბდა, მათ აიღონ პასუხისმგებლობა, ჩაერთონ კომისიის საქმიანობაში და საკუთარი ბრალდებები დაადასტურონ ფაქტებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც კი კომისიის საქმიანობა დასრულდება, ჩვენ ჩავთვლით, რომ ეს ბრალდებები უბრალოდ აღარ არსებობს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

სხდომაზე ბიუროს წევრები საორგანიზაციო საკითხებსაც გაეცნენ, რომლებიც პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარედ პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ვოლსკის წარდგენას და სხვადასხვა კომიტეტებში პარლამენტის წევრების გადაადგილებებს შეეხებოდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0