ჩვენ შევძლებთ ისეთი გარემოს შექმნას, სადაც უზრუნველყოფილია ახალგაზრდების პოტენციალის განვითარება

04/02/2021

პარლამენტის 4 თებერვლის პლენარულმა სხდომამ მუშაობა დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხების განხილვით დაიწყო.
პარლამენტმა მეორე მოსმენით – მუხლობრივად განიხილა კანონპროექტები:

„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. პარლამენტის წევრების: ნინო წილოსანის, ხატია წილოსანის, ალექსანდრე მოწერელიას, შალვა კერესელიძის ინიციატივა სხდომაზე ნინო წილოსანმა წარადგინა. მან კოლეგებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ დაჩქარებული წესით განსახილველი კანონპროექტით 2020 წლის 1 იანვრამდე დაფუძნებულმა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებმა კოოპერატივის წევრთა რაოდენობის, პაის ოდენობისა და საკუთარი წესდებების მოქმედ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა უნდა უზრუნველყონ 2022 წლის 1 იანვრამდე, ნაცვლად 2021 წლის პირველი იანვრისა.
პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“. რეგლამენტის პროექტი ახლებურად განსაზღვრავს წინა მოწვევის პარლამენტში განსახილველად წარდგენილი კანონპროექტების განხილვის პროცედურის გაგრძელების მიზანშეწონილობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების წესს. პარლამენტის წევრების: ირაკლი ქადაგიშვილის, მიხეილ სარჯველაძის, ანრი ოხანაშვილის, დავით მათიკაშვილის, გიორგი კახიანის, გურამ მაჭარაშვილის, გიორგი ამილახვარის, ვიქტორ სანიკიძის, ალუდა ღუდუშაურის, მიხეილ დაუშვილის, ალექსანდრე ტაბატაძის ინიციატივა ანრი ოხანაშვილმა წარადგინა და კოლეგებს კომიტეტის სხდომაზე მეორე მოსმენის შედეგად დაზუსტებული პროექტის ვარიანტი გააცნო. კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს.
უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ დღევანდელ სხდომაზე რამდენიმე სარატიფიკაციო დოკუმენტიც განიხილა. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ სამი შეთანხმება წარადგინა:

„საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმების ცვლილების“ წერილ-შეთანხმება“;
„2017 წლის 12 ივნისის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (ბათუმის შემოვლითი გზის პროექტი)“ №3 ცვლილების წერილ-შეთანხმება“ ;
„საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმებების ცვლილებების: საბაზისო განაკვეთების გარდამავლობა“ წერილი-შეთანხმება“
პირველ საკითხთან დაკავშირებით, მომხსენებელმა განაცხადა, რომ იგი საპროცენტო განაკვეთების გამოთვლის მეთოდოლოგიის ცვლილებას ეხება და ამ წერილი-შეთანხმებით ბევრ ძველ შეთანხმებაში შედის ცვლილება

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტთან ორი ტიპის საპროცენტო განაკვეთი არსებობს, ერთი ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი, მეორე კი – ცვლადი განაკვეთი, რომლის შემთხვევაშიც საპროცენტო განაკვეთი დაფუძნებულია LIBOR-ის ან EURIBOR-ის საპროცენტო განაკვეთებზე იმის მიხედვით, ეს სესხი დოლარშია აღებული თუ ევროში.

გამომდინარე იქიდან, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ამუშავებენ მეთოდოლოგიას ახალი მექანიზმების გამოყენებაზე, საუბარია LIBOR-ის გაუქმების საკითხზე 2022 წლის 1 იანვრიდან და დიდი ალბათობით იგივე შეეხება EURIBOR-საც წლების განმავლობაში.

„სწორედ ამიტომ, მსოფლიო ბანკმა ოფიციალური წერილით მოგვმართა, რომ 2022 წლიდან აპირებენ ახალ მექანიზმზე გადასვლას და მოსალოდნელია რომ EURIBOR-ის შემთხვევაშიც მოხდეს სხვა მექანიზმზე გადასვლა, ეს მექანიზმი არ იქონიებს გავლენას ჩვენს საპროცენტო ხარჯებზე და იგივე მოცულობით იქნება შენარჩუნებული, რაც გვქონდა. შეთანხმებაში კი ჩნდება ჩანაწერი, რომ LIBOR-ის ან EURIBOR-ის ნაცვლად ჩვენ შეგვეძლება სხვა მექანიზმის გამოყენებაც“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

ანალოგიურ მექანიზმებზეა საუბარი „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმებების ცვლილებების: საბაზისო განაკვეთების გარდამავლობა“ წერილ-შეთანხმებაშიც“. რაც შეეხება „2017 წლის 12 ივნისის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (ბათუმის შემოვლითი გზის პროექტი)“ №3 ცვლილების წერილ-შეთანხმებას“, გიორგი კაკაურიძის განმარტებით, მართალია იგი ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის თანადაფინანსებას ითვალისწინებს, მაგრამ წარმოდგენილი ცვლილებით, კოვიდ-პანდემიისა და ქვეყნის ეკონომიკის წინაშე არსებული ახალი გამოწვევების გათვალისწინებით, ბათუმის შემოვლითი გზის პროექტის ფარგლებში სესხის თანხის რელოკაცია ხდება. შესაბამისად, გარკვეული თანხა მიმართული იქნება თბილისი-თიანეთის 21 კმ გზისა და 7 მეწყრული მონაკვეთის რეაბილიტაციის დასაფინანსებლად და მომხსენებლის განმარტებით, ეს არის თანხის მიმართვა მიზნობრივი საჭიროების მიხედვით.

„საქართველოსა და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდს შორის დაფინანსების შეთანხმება (მერძევეობის დარგის მოდერნიზაცია და ბაზარზე წვდომა: ადაპტაციის კომპონენტი (DiMMAdapt))“ სარატიფიკაციოდ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა წარადგინა და კანონმდებლებს ამ შეთანხმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მისი განცხადებით, საგრანტო შეთანხმება IFAD -სა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის ეფექტიანი თანამშრომლობის შედეგს წარმოადგენს და მისი მიზანია კლიმატის ცვლილების საზიანო ზემოქმედებისადმი რძის და რძის პროდუქტების ღირებულების ჯაჭვის მოწყვლადობის შემცირება. სოფლის მეურნეობის საერთაშორისო ფონდმა „მერძევეობის დარგის მოდერნიზაციისა და ბაზარზე წვდომის“ პროექტისათვის მოიზიდა ადაპტაციის ფონდის გრანტი 4 მილიონ 327 ათასი აშშ დოლარის ოდენობით. ამ გრანტის მთავარი მიზანია ძირითადი პროექტის განხორციელების შედეგად, მეცხოველეობის განვითარებისას ბუნებისადმი მიყენებული ზიანის შემცირება, შერბილება, ცალკეულ შემთხვევებში აღმოფხვრა-გაუმჯობესება. ამგვარად, პროექტი დაეხმარება ფერმერებს კლიმატის ცვლილებისადმი მდგრადი საძოვრების ეკოსისტემის მომსახურების გაუმჯობესებაში. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია ეს გრანტი.

„ძალიან მნიშვნელოვანი გრანტია, რადგანაც ეს ის შემთხვევაა, როდესაც გარემოსდაცვითი საკითხების გადასაწყვეტად და ეკო სერვისების შესახებ ინფორმაცია და რესურსი მიეწოდება სოფლის მოსახლეობას და ეს კიდევ ერთხელ წინგადადგმული ნაბიჯია იმისკენ, რომ „მწვანე ეკონომიკის“ განვითარება საქართველოში ეტაპობრივად დაიწყოს“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

ამ საკითხების განხილვის შემდეგ, გაიმართა კენჭისყრის პროცედურა და პარლამენტმა ყველა განხილულ საკითხს მხარი ერთხმად დაუჭირა. პარლამენტმა ასევე კენჭი უყარა ოპოზიციის კვოტით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე ასარჩევ კანდიდატს და ამ პოსტზე ლევან იოსელიანი 87 ხმით, ერთხმად აირჩია. პლენარულ სხდომაზე გამოცხადებული შესვენებისას, გაიმართა კომიტეტების სხდომები დაჩქარებული წესით განსახილველი კანონპროექტების განსახილველად და პარლამენტის ბიუროს სხდომა, რომელმაც პლენარულ სხდომაზე განსახილველი საკითხები განსაზღვრა. პარლამენტმა შესვენების შემდეგ საბოლოო – III მოსმენით განიხილა კანონპროექტები: „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“. პარლამენტმა განიხილა და მხარი დაუჭირა პარლამენტის დადგენილების პროექტს „ეთიკის საბჭოს შექმნის შესახებ“. როგორც საკითხის წარდგენისას ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, ეთიკის საბჭოს შექმნის მიზანია პარლამენტის წევრთა ეთიკის კოდექსის აღსრულების უზრუნველყოფა, რომელიც არეგულირებს პარლამენტის წევრის ქცევას მისი სტატუსიდან გამომდინარე და განსაზღვრავს წესებს, რომლებიც მან უნდა გაითვალისწინოს თავის საქმიანობაში და ასევე კოლეგებთან, თანამშრომლებთან, მედიასთან, სხვა ინსტიტუტებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობისას. პარლამენტმა დღესვე სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების 2020 წლის საქმიანობის ანგარიშები მოისმინა.
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ ყაველაშვილმა თავის გამოსვლაში ყურადღება, ძირითადად, დარგობრივ პოლიტიკაში არსებულ ძირითად გამოწვევებზე, კომიტეტის მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებზე გაამახვილა. როგორც მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, აუცილებლად უნდა შეიცვალოს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებში დამკვიდრებული სტერეოტიპები, თითქოს სპორტი მხოლოდ სპორტსმენების და სპორტული ფედერაციების საქმეა, ხოლო ახალგაზრდული პოლიტიკა მხოლოდ გასართობი და შემეცნებითი პროექტების განხორციელებით შემოიფარგლება და ამისათვის საჭიროა ერთობლივი ძალისხმევა როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლებების მხრიდან. მისი თქმით, დღეს სპორტის უნიკალური როლი არ არის ასახული სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტებსა და სხვადასხვა საჯარო დაწესებულებების მიდგომებში და ეს პრაქტიკა უნდა შეიცვალოს.

„ჩვენ უნდა შევძლოთ სპორტის უზარმაზარი პოტენციალის და მისი დიდი როლის გამოყენება: ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის განმტკიცების, ღირსეული სამუშაო ადგილების შექმნის და ეკონომიკის გაზრდის, რეგიონების და ქალაქების მდგრადი განვითარების, ასევე საზოგადოებისთვის ცხოვრების სხვა ასპექტების გაუმჯობესებისთვის“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მისივე თქმით, სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ახალგაზრდული პოლიტიკა და ახალგაზრდების წინაშე არსებული გამოწვევების მოგვარება. ამისათვის კი საჭიროა შეიცვალოს ახალგაზრდული პოლიტიკისადმი არსებული მცდარი დამოკიდებულება და მიდგომები.

„შესაბამისად, ჩვენ შევძლებთ ისეთი გარემოს შექმნას, სადაც უზრუნველყოფილია ახალგაზრდების პოტენციალის განვითარება, მათი აქტიური მონაწილეობა საზოგადოებაში, ღირსეული დასაქმება და კეთილდღეობა. ახლო მომავალში, კომიტეტი შექმნის ახალგაზრდული პოლიტიკის სამუშაო ჯგუფს, რომელიც დაკომპლექტდება სამოქალაქო და საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე სხვა დაინტერესებული პირებით“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მოსახლეობის სპორტული და ფიზიკური აქტივობის დონის გაზრდის მიზნით, უახლოეს მომავალში კომიტეტი მიმართავს საქართველოს მთავრობას, რომ შეიქმნას ინტერ-ინსტიტუციური საბჭო (მთავრობის და პარლამენტის წევრების შემადგენლობით) და მასთან ექსპერტთა სამუშაო ჯგუფები. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, საბჭოს ეგიდით ჩამოაყალიბებენ საქართველოში სპორტის განვითარების სტრატეგიას და შესაბამის სამოქმედო გეგმას, რომლის გამოყენებით უნდა უზრუნველყონ სპორტის პოტენციალის სრული გამოყენება ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში, რადგან კომიტეტის ხედვაა ქვეყანაში ისეთი გარემოს შექმნა, სადაც სპორტი ემსახურება ადამიანს, საზოგადოებას და ეკონომიკურ კეთილდღეობას.

როგორც მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, 2020 წელს საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთნ ერთად კომიტეტმა „ქართულ სპორტში კარგი მმართველობის კოდექსის“ პროექტი მოამზადა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ფედერაციების საქმიანობის გამჭვირვალობა, დემოკრატიული პროცესები, შიდა ანგარიშვალდებულება და სოციალური პასუხისმგებლობა.

„სახელმწიფომ მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს სპორტის პოტენციალი და ხელი შეუწყოს სპორტის გამოყენებას საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა და შემდეგ კოლეგების კითხვებს უპასუხა.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ თავისი გამოსვლა წინა მოწვევის პარლამენტის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის და კომიტეტის აპარატის წევრების მიმართ სამადლობელი სიტყვებით დაიწყო, რომლებმაც მისი შეფასებით, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით მნიშვნელოვანი რეფორმების შემუშავებაში, მათ განხორციელებაში. მიხეილ სარჯველაძის თქმით, განსაკუთრებულ მადლობას იმსახურებს სოფო კილაძე, რომელიც წინა მოწვევის პარლამენტში ამ კომიტეტს ხელმძღვანელობდა და ძალიან მნიშვნელოვანი, ხშირ შემთხვევაში გარდამტეხი გადაწყვეტილებებიც კი მიუღია ჩვენს ქვეყანაში ადამიანის უფლებების სტანდარტების გაუმჯობესების მიმართულებით. მან მოკლედ ისაუბრა კომიტეტის მიერ წინა წელს გაწეული საქმიანობის შესახებ, რომელიც მისივე შეფასებით იყო წარმატებული, წლის განმავლობაში 292 კანონპროექტი იქნა განხილული, იგი მოიცავდა საკმაოდ დიდ რეფორმასაც – 12 საკანონმდებლო პაკეტს, მათ შორისაა: სექსუალური ექსპლუატაციისა და პორნოგრაფიისგან ბავშვთა დაცვის გარანტიების გაძლიერებისკენ მიმართული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კანონის პროექტი, დასაქმების ხელშეწყობის შესახებ კანონი, შრომის კოდექსის ცვლილებები სხვადასხვა მიმართულებით, საზედამხედველო ფუნქციების განხორციელება და სხვა.

„საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება წრე იმ საკანონმდებლო ცვლილებების, რომელთა ინიციატორად და ასე ვთქვათ, მთავარ ლოკომოტივად ამ რეფორმების განხორციელებისა, გვევლინებოდა ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი. შემდეგი წლების განმავლობაში კომიტეტის საქმიანობის უმნიშვნელოვანესი მიმართულება კვლავაც იქნება ამავე საკანონმდებლო აქტების შემდგომი იმპლემენტაციის პროცესზე საზედამხედველო ფუნქციების განხორციელება. ასევე დღევანდელობა გვაიძულებს, რომ ვიფიქროთ ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებაზე, როგორიცაა კოვიდ პანდემიის გავლენა ადამიანის უფლებების სტანდარტებზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს თემა მუდმივი მონიტორინგის ქვეშ იყოს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მან ყურადღება სამომავლო საქმიანობის პრიორიტეტებზე და საკანონმდებლო ინიციატივებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ეს იქნება წინა წლებში დაწყებული და განხორციელებული რეფორმების ერთგვარი გაგრძელება. პარლამენტმა ორივე კომიტეტის მიერ წარმოდგენილი ანგარიშები ცნობად მიიღო. პარლამენტმა კენჭი უყარა და მესამე მოსმენით, ერთხმად მიიღო კანონპროექტები „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0