ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები და დები, ჩვენი თანამოქალაქეები, რომ ერთადერთი ალტერნატივა მათთვის, მათი განვითარების, მათი შვილებისთვის, არის სწორედ ქართველებთან ერთად თანაცხოვრება, ჩვენს ერთიან, ძლიერ საქართველოში

03/08/2021

ჩვენი არასწორი პოლიტიკის შედეგია ის, რომ ჯერ 90-იან წლების დასაწყისში გვქონდა სამოქალაქო დაპირისპირება, ძმათა შორის მკვლელობა; დროებით დავკარგეთ ტერიტორიები. შემდეგ გავიმეორეთ შეცდომა 2008 წელს, როდესაც ვერ იქნა თავიდან აცილებული უმძიმესი პროვოკაცია, რამაც განაპირობა ჩვენი საკუთარი ძირძველი ისტორიული ტერიტორიების ოკუპაცია და ე.წ აღიარების პოლიტიკა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის 10-წლიანი სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოკუპაცია ქვეყნის უმთავრესი გამოწვევაა.

„ჩვენ ვაგრძელებთ მთავრობის 10-წლიანი განვითარების ხედვების პრეზენტაციას. დღეს წარმოგიდგენთ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ხედვას. ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ერთ-ერთი მთავარი, თუ უმთავრესი გამოწვევა არა, არის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის საკითხები, ოკუპაცია. ძალიან ბევრი საუბარი გვესმის არაერთი ადამიანისგან, პოლიტიკოსებისგან, ჩვენ, ჩვენის მხრივ, მივყვებით ჩვენს თანმიმდევრულ, პრაგმატულ და მშვიდობიან პოლიტიკას. ჩვენი თითოეული ნაბიჯი უნდა იყოს შედეგებზე ორიენტირებული. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ბევრი შეცდომა იქნა დაშვებული. მოდით, ღიად, გულახდილად ვისაუბროთ. ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენის პირველივე დღეებიდან ბევრი შეცდომა დავუშვით. ჩვენი არასწორი პოლიტიკის შედეგი არის ის, რომ ჯერ 90-იან წლების დასაწყისში გვქონდა სამოქალაქო დაპირისპირება, ძმათა შორის მკვლელობა. დროებით დავკარგეთ ტერიტორიები. შემდეგ გავიმეორეთ შეცდომა 2008 წელს, როდესაც ვერ იქნა თავიდან აცილებული უმძიმესი პროვოკაცია, რამაც განაპირობა ჩვენი საკუთარი ძირძველი ისტორიული ტერიტორიების ოკუპაცია და ე.წ აღიარების პოლიტიკა, რომელიც რუსეთის ფედერაციამ წამოიწყო. ჩვენი მთავრობა წარმატებით უმკლავდება აღნიშნულ გამოწვევას. მე ვგულისხმობ არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით ჩვენი დიპლომატების ძალისხმევას, მაგრამ ეს გამოწვევა რჩება დიდ პრობლემად ჩვენი მოსახლეობისთვის, ჩვენი მომავალი თაობებისთვის. ჩვენ ერთი რამ უნდა შევახსენოთ ერთმანეთს, თუ როგორ საქართველოს ვუტოვებთ ჩვენს შვილებს; ვუსმენთ რა პოლიტიკოსებს, სულ უფრო და უფრო ნაკლები გვესმის რეალური ხედვების შესახებ, რეალური გადაწყვეტილებების, შემოთავაზებების თუ გამოსავლის შესახებ, რომელიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამ დროს, ეს უნდა იყოს ერთ-ერთი ყველაზე მთავარი საკითხი, სხვა გამოწვევებთან ერთად, როგორიც არის მოსახლეობის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, უმუშევრობა, სიღარიბე, ახლა კოვიდპანდემია, განათლების სფეროში არსებული გამოწვევები და ა.შ

„ჩვენ დავისახეთ მიზნად, ეტაპობრივად, თანმიმდევრული, პრაგმატული, მშვიდობიანი პოლიტიკით ეს საკითხები გადაიჭრას. ამას, რა თქმა უნდა, სჭირდება კონკრეტული შედეგების ჩვენება და დემონსტრირება. მხოლოდ საუბარი, დამეთანხმებით, საკმარისი არ არის. ჩვენ, პოლიტიკოსებმა, შეიძლება ბევრი ვისაუბროთ და ძალიან ბევრჯერ მოვუწოდოთ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს და დებს, როგორც ტრადიციულად ვიმეორებთ, მაგრამ ჩვენ უნდა ვაჩვენოთ კონკრეტული ნაბიჯები. რა შეიძლება იყოს ასეთი კონკრეტული ნაბიჯი, თუ არა ის, რომ ჯერ შიგნით, კონტროლირებად ტერიტორიაზე და ჩვენს საზოგადოებაში ვაჩვენოთ ერთობა. ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა დღეს არის ერთობა და მოდით, გულახდილად ვთქვათ, რომ ერთობა ყოველთვის იყო გამოწვევა ქართველებისთვის, მაშინ, როდესაც ვიყავით ერთიანი და ძლიერი, ყოველთვის წარმატებული იყო ჩვენი საქართველო”, – განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, სატელევიზიო არხების და პოლიტიკური პარტიების უმეტესობას, ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით, დღის წესრიგი არ გააჩნია.

„მოდით, ერთი წამით დავფიქრდეთ, რას ხედავს აფხაზი ან ოსი ახალგაზრდა, როცა გადართავს და ქართულ სატელევიზიო არხებს, გადაცემებს უყურებს; ისინი ყოველდღიურ რეჟიმში უსმენენ ძალადობის რიტორიკას, ღვარძლს, შუღლს, პირდაპირ უნდა ითქვას, ბოროტებას და შუღლის გაღვივებას ჩვენს შიგნით. არავითარი დღის წესრიგი არ არსებობს, ვგულისხმობ სატელევიზიო არხების და პოლიტიკური პარტიების უმეტესობას, ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით. მათ სურთ, მთელი საზოგადოება, ამ სიტყვას ვიტყვი – დააზომბირონ ყოველდღიურად ხელოვნურად შექმნილი კრიზისებით, საბოტაჟით, შანტაჟით და შეთქმულებების დადგმით საკუთარი ხალხის და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. ეს არის რეალობა, მე ამ რეალობაზე მსურს გესაუბროთ დღეს თქვენ და ჩვენს მოსახლეობას. ოსი ახალგაზრდა, რომელსაც ძალიან კარგად ახსოვს აგვისტოს ომის მძიმე დღეები, ესეც უნდა გავითვალისწინოთ, რას უსმენს ყოველდღიურად ჩვენგან, რა გზავნილებს, რა მესიჯებს იღებენ ჩვენგან. ისინი ხედავენ, რომ ჯერ ჩვენ შიგნით, პირდაპირ ვთქვათ, ვერ ჩამოვყალიბდით, ვერ დავლაგდით, ვერ შევრიგდით, ვერ განვსაზღვრეთ, რა არის მთავარი, პრიორიტეტული საკითხები, პრობლემები, ამოცანები, როგორ უნდა გადავჭრათ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რაც არის ეკონომიკური სიდუხჭირე, სიღარიბე, უმუშევრობა. იმის მიუხედავად, რომ ჩვენმა მთავრობამ ძალიან ბევრი რამ გააკეთა ბოლო 8 წლის განმავლობაში, როგორიც არის მაგალითად ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით გადადგმული რეალური, ეფექტური, ხელშესახები ნაბიჯები, იქნება ეს ასოცირების ხელშეკრულება, უვიზო რეჟიმი, ნატოსთან მიმართებით ინტეგრაცია, ბაზრების გახსნა, ეკონომიკის რეალური ზრდა და ა.შ. ეს საკმარისი არ არის. ჩვენ უნდა გავხადოთ უალტერნატივო აფხაზების და ოსებისთვის ჩვენთან ერთად თანაცხოვრება. ეს უნდა იყოს ჩვენი ამოცანა. მომდევნო მინიმუმ 10 წლის განმავლობაში ეს უნდა იყოს ყოველდღე გასაკეთებელი და საზრუნავი ჩვენი მთავრობის და ჩვენი ხალხის, ჩვენი ყველასი ერთად”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამისთვის ერთადერთი გამოსავალი განვითარება და კეთილდღეობაა.

„ამ შემთხვევაში ერთადერთ გამოსავლად მესახება განვითარება და ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობა. რას ვთავაზობთ. ჩვენ, პირდაპირ უნდა ითქვას, უნდა შევთავაზოთ გაცილებით მომხიბვლელი ალტერნატივა ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს. პირდაპირ, ღიად ვთქვათ, დღეს ამ ალტერნატივას, გარდა ერთგვარი ინიციატივებისა თუ წამახალისებელი და მომხიბვლელი მექანიზმებისა, ჩვენ ვერ ვთავაზობთ. ვთქვათ პირდაპირ, წარმოიდგინეთ რეალობა, რომ მოსახლეობის მნიშვნელოვანმა ნაწილმა, მე გადავალ ცოტა პოლიტიკურ ნაწილში და მინდა, რომ კიდევ ერთხელ ერთგვარი შეფასება გავაკეთოთ, რამდენიმე თვის წინ არჩევანი გააკეთეს საპარლამენტო არჩევნებზე და მხარი დაუჭირეს 9 პოლიტიკურ პარტიას, რომელთაგან აბსოლუტურმა უმრავლესობამ უარი განაცხადა პარლამენტში მონაწილეობაზე. რომელ ჭკუათმყოფელ და გონიერ ადამიანს მოუნდება ამ პოლიტიკურ რეალობაში ქართველებთან თანაცხოვრება?! მე არ მინდა პესიმისტური შეფასებები გავაკეთო, ეს არის რეალობა, მეგობრებო და მინდა ამაზე კარგად დავფიქრდეთ. ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ ჩვენი ევროპელი და ამერიკელი მეგობრების, პარტნიორების დახმარებით აბსოლუტურად ხელოვნურად, უსაფუძვლოდ შექმნილი კრიზისი ამოიწურა და შევთანხმდით, რომ ვაგრძელებთ ნორმალურ, პოლიტიკურ ცხოვრებას პარლამენტში, რომ ყველამ ერთად ამ გამოწვევებს, როგორიცაა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, პანდემია და ა.შ. ერთობლივი ძალისხმევით გავუმკლავდეთ. ახლა ვხედავთ, რომ ბოიკოტი გრძელდება. ამ ვითარებაში, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია, დაარწმუნო ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები, რომ პერსპექტიულია და ქართველებთან ერთად თანაცხოვრების მზაობა არის. მით უმეტეს მაშინ, როცა კარგად გვესმის ჩვენ, ყველას, რომ გამოწვევები ძალიან ბევრია. ეკონომიკური სიდუხჭირე, განვითარება, უმუშევრობა და ა.შ. ამიტომ, მე კიდევ ერთხელ ვუბრუნდები იმას, რითაც დავიწყე, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს განვითარება, რეალური კეთილდღეობა. მთავარი არის საქართველოში პოლიტიკური სტაბილურობის მიღწევა. გრძელვადიანი პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობა, რომელიც იქნება ჩვენი მოსახლეობის რეალური პრობლემების გადაჭრის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დაძლევის და თითოეული ოჯახისთვის კეთილდღეობის მოტანის მყარი გარანტი. მხოლოდ ამის შემდეგ გახდება საქართველო მიმზიდველი და უალტერნატივო ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისთვის. ჩვენ კარგად გვახსოვს, იყო დრო, როდესაც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდში, აფხაზეთს და სოხუმს ეძახდნენ შავი ზღვის რივიერას. რატომ არ შეიძლება, განვიხილოთ პერსპექტივა, რომ იგივე რეალობა შეიძლება დადგეს?! რეალური განვითარებით, რეალური პროექტებით. ეს ყველაფერი ჩვენს ხელშია, მეგობრებო. ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები და დები, ჩვენი თანამოქალაქეები, რომ ერთადერთი ალტერნატივა მათთვის, მათი განვითარების, მათი შვილებისთვის, არის სწორედ ქართველებთან ერთად თანაცხოვრება, ჩვენს ერთიან, ძლიერ საქართველოში. ჩვენი საგარეო პოლიტიკა არის შეუცვლელი, ეს პროცესი არის შეუქცევადი, ჩვენ უნდა გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ერთ-ერთი კონკრეტული ამოცანაა, რომ 2030 წელს საქართველოს ყველა მოქალაქე გამართულად საუბრობდეს ქართულ ენაზე.
„ჩემთვის ძალიან მტკივნეულია ის ფაქტი რომ დღეს ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქე ვერ საუბრობს და ვერ წერს ქართულ ენაზე, რაც რა თქმა უნდა, არის პრობლემა. მოდით ვაღიაროთ, რომ ეს არის პრობლემა. მე აქ ვხედავ ჩვენს წარმატებულ პარლამენტის წევრებს. ეთნიკურად აზერბაიჯანელებს, რომლებიც აბსოლუტურად გამართულად, სუფთად საუბრობენ ქართულ ენაზე. არიან წარმატებულ ახალგაზრდები. მათ თავიანთი შრომით, განათლებით, ცოდნით მიაღწიეს იმას, რომ გახდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები. მანამდეც შთამბეჭდავი კარიერა ჰქონდათ. ეს არის ერთ-ერთი კონკრეტული მაგალითი. მე მინდა, ბევრი ასეთი ახალგაზრდა ვიხილო პარლამენტში, სამინისტროებში, მინისტრებად, მინისტრების მოადგილეებად და ა.შ. ამისათვის ერთ-ერთი ყველაზე პირველი წინაპირობაა, რომ ქართული ენა შევასწავლოთ ჩვენს ყველა მოქალაქეს. დავისახოთ მიზნად, რომ 2030 წელს საქართველოს ყველა მოქალაქე ისაუბრებს გამართულად ქართულ ენაზე. ეს არის ერთ-ერთი კონკრეტული ამოცანა. ამის თაობაზე არაერთხელ მისაუბრია ჩვენ ეთნიკურად აზერბაიჯანელ და სომეხ თანამოქალაქეებთან და ყველასგან არის სრული მზაობა, რომ სახელმწიფოს მხრიდან ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯებია გადასადგმელი. მათი მხრიდან არის მონდომება და ჩვენ უნდა შევუქმნათ ყველა ინსტრუმენტი, რაც საჭიროა ამ მიზნის მისაღწევად – განათლებაზე და ხარისხიან ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა, მათი ჩართულობა სოციალურ-ეკონომიკურ პროექტებში და მათი მეტი მონაწილეობა ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში იქნება მყარი გარანტი ჩვენი ძლიერი მომავლის”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ათწლიანი განვითარების გეგმის პრეზენტაცია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა გამართა. ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0