ჩვენ რეალურად ძალიან ცუდ კონსტიტუციას ვცვლით ძალიან კარგი კონსტიტუციით

10/04/2017

ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულისა და ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხთა სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართა.

„ჩვენ რეალურად ძალიან ცუდ კონსტიტუციას ვცვლით ძალიან კარგი კონსტიტუციით. ისეთი კონსტიტუციით, რომელიც კონსტიტუციური სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებთან არის შესაბამისობაში და რომელიც ჩაუყრის ძალიან მყარ კონსტიტუციურ საფუძველს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გაგრძელების პროცესს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის პირველი სამუშაო ჯგუფის შეხვედრისას.

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულისა და ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხთა სამუშაო ჯგუფის მესამე, დასკვნითი სხდომა, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით დაიწყო. ირაკლი კობახიძემ სამუშაო ჯგუფის წევრებს, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხთა სამუშაო ჯგუფის შედეგები გააცნო. მისი განცხადებით, 8 აპრილს გამართულ შეხვედრისას, სამუშაო ჯგუფის წევრებმა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის, ადგილობრივი თვითმმართველობის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ კონსტიტუციური კანონპროექტი განიხილეს, სადაც საკითხთა მიმართ სრული კონსესუსი გამოიკვეთა. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ დღევანდელი შეხვედრის განსახილველ საკითხებზეც ისაუბრა და სამუშაო ჯგუფის წევრებს აქტიური თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენ გვქონდა შეხვედრები ვენეციის კომისიის წევრებთან, ასევე კონსულტაციები მაღალი რანგის უცხოელ ექსპერტებთან და უკვე გამოიკვეთა, რომ მათი საერთო შეფასება ძალიან დადებითი და პოზიტიურია, რაც ბუნებრივია, მისასალმებელია. მნიშვნელოვანია რომ ეს კარგად დაწყებული პროცესიბოლომდე კარგად მივიყვანოთ და ერთად შევქმნათ ისეთი დოკუმენტი, რომელიც იქნება სრულად დახვეწილი და კონსტიტუციური სამართლის პრინციპებთან სრულ შესაბამისობაში მოყვანილი“, -აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს პრეზიდენტის მიერ კომისიის რიგ სუბიექტებთან გამართულ კონსულტაციებზე განცხადება გააკეთა და აღნიშნულ ინფორმაციას სამწუხარო უწოდა.

„მქონდა სარწმუნო ინფორმაცია იმაზე, რომ პრეზიდენტი ცალკეულ პარტიებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან მართავდა კონსულტაციებს მათ მიერ კომისიის დატოვებასთან დაკავშირებით. სამწუხაროა, რომ ეს ინფორმაცია მართლდება. ჩვენი ინფორმაციით, რამდენიმე სუბიექტს განძრახული აქვს შესაბამისი გადაწყვეტილების გახმოვანება, თუმცა ეს ყველაფერი ხელს ვერ შეუშლის იმ სამუშაოს ბოლომდე მიყვანას, რომელიც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში დავიწყეთ. ჩვენ აუცილებლად შევასრულებთ ჩვენთვის დასახულ მიზანს, იმ მიზანს, რომელიც ჩვენ საქართველოს პარლამენტმა დაგვისახა. ამ მუშაობის საბოლოო შედეგეი იქნება ძალიან დახვეწილი კონსტიტუციის შემუშავება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულისა და ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხთა სამუშაო ჯგუფის შეხვედრა კონსტიტუციის პრეამბულის და პირველი თავის რედაქციული შინაარსის განხილვით გაგრძელდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0