USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამის ორგანიზებითა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ადგილობრივი განვითარების თემაზე, მერების სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე დაესწრო. რწმუნებულმა სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას.
“30 წელზე მეტია ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული და მნიშვნელოვანი პარტნიორია. შიდა ქართლის რეგიონს USAID-თან მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს, დღემდე ერთობლივად არაერთი საჭირო და მოსახლეობის ინტერესებზე მორგებული პროექტი განვახორციელეთ. მიმდინარე პროექტიც – “ძლიერი სოფლის პროგრამა” სწორედ ამის კარგი მაგალითია. ეს პროგრამა ხელს უწყობს რეგიონში საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის განვითარების ხელშეწყობას, ადგილზე ახალი შესაძლებლობების გაჩენასა და ადგილობრივების სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში ჩართულობას. ჩვენ, რა თქმა უნდა, მომავალშიც გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობასა და ადგილობრივების გაძლიერებაზე ორიენტირებული პროექტების მხარდაჭერას” – აღნიშნა რეგიონის რწმუნებულმა.
ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მდებარე მუნიციპალიტეტების მერების კონფერენციის სამუშაო შეხვედრის მიზანს პროგრამის პარტნიორ მუნიციპალიტეტებში საშუალოვადიანი ადგილობრივი განვითარების დაგეგმვის პროცესის განხილვა და სამომავლო ღონისძიებებზე შეთანხმება წარმოადგენდა. ღონისძიებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, USAID-ის ეკონომიკური ზრდის ოფისის დირექტორის მოადგილე ენი სტიდი, პარნიორი რეგიონების სახელმწიფო რწმუნებულები, პროგრამის სამიზნე მუნიციპალიტეტების მერები და სხვა სახელმწიფო და არასამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრაზე განიხილეს ადგილობრივი საშუალოვადიანი განვითარების სტრატეგიის დოკუმენტების შემუშავების პროცესი, მუნიციპალური ინფრასტრუქტურული პროექტების გამოვლენისა და განხორციელების ეტაპზე არსებული გამოწვევები, ადგილობრივი განვითარებისთვის დამატებითი რესურსების მოძიებისა და კერძო-საჯარო პარტნიორობის კარგი პრაქტიკის დანერგვის შესაძლებლობები. შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს მათ წინაშე არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებზე, რომელთა მოგვარებაც მდგრადი ადგილობრივი განვითარებისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ასევე, ისაუბრეს სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში მიმდინარე რეფორმაზე, ახალ კანონსა და მის მნიშვნელობაზე ადგილობრივი შესაძლებლობების განვითარებისთვის.
USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამის მიზანია, დაეხმაროს საქართველოს ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობასა და მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებს. ამ მიზნის განხორციელებისას პროგრამა ორიენტირებულია კერძო სექტორის ჩართულობაზე და საგრანტო და ტექნიკური დახმარების მექანიზმების მეშვეობით ინვესტიციების სტიმულირებაზე.
USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამა მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასა და სამოქალაქო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან, რათა შეიქმნას მეტი სამუშაო ადგილი, გაუმჯობესდეს მოსახლეობის საარსებო პირობები და ხელი შეეწყოს საქართველოს ეკონომიკის მდგრად განვითარებას.