„სერბეთისა და საქართველოს მომავალი ევროპულ ოჯახშია და გვწამს, რომ ჩვენი საერთო მისწრაფება ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპისკენ, მალე რეალობად იქცევა“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სერბეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
სერბეთში ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძემ მასპინძელი ქვეყნის პარლამენტის წევრებს სიტყვით მიმართა და სერბ კოლეგას, მაია გოიკოვიჩს გულთბილი მასპინძლობისთვის, ასევე, ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი პერსონალური წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები საერთო ღირებულებების – თავისუფლების, დემოკრატიისა და მშვიდობიანი განვითარების მიმართ ერთგულებას და ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპებს ეფუძნება.
„გვწამს, რომ მიუღებელია საერთაშორისო სამართლის ამ ფუნდამენტური პრინციპების უგულებელყოფა ან მათით მანიპულირება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, არსებობს აუთვისებელი პოტენციალი მრავალი მიმართულებით. მისივე შეფასებით, ქვეყნები პროდუქტიულად თანამშრომლობენ საჯარო ადმინისტრირების მიმართულებით, გარდა ამისა, უვიზო მიმოსვლა საქართველოსა და სერბეთის მოქალაქეებისთვის დამატებითი სტიმულია ტურიზმის სფეროში თანამშომლობისთვის.
„ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, შევინარჩუნოთ ეს დინამიზმი ჩვენს ურთიერთობაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის თავმჯდომარემ ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობასა და იმ როლზე ისაუბრა, რომელსაც საქართველო რეგიონში ასრულებს. მისი თქმით, ჩვენი ქვეყნის უნიკალური მდებარეობა არის შესანიშნავი შესაძლებლობა და იმავდროულად, პასუხისმგებლობაც. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო სრულად აცნობიერებს საკუთარ როლს რეგიონში და გამოცდილებაც ადასტურებს, რომ ჩვენი ქვეყანა მზადაა, ეს როლი შემართებითა და პასუხისმგებლობით იტვირთოს.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ რეგიონალურ თანამშრომლობას ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში. მჭიდრო პარტნიორობა გვაკავშირებს უკრაინასთან, მოლდოვასთან, თურქეთთან, აზერბაიჯანსა და სომხეთთან. მეტიც, ქართველი სამხედროები, რომლებიც გმირულად დაეცნენ მსოფლიოს სხვადასხვა ცხელ წერტილებში, ყველაზე მტკივნეული წვლილია, რომელიც საქართველოს შეაქვს გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებაში, რაც ადასტურებს ჩვენს მზაობას“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო მოწადინებულია, გააგრძელოს წვლილის შეტანა უკეთესი და მშვიდობიანი მომავლის შექმნაში.
„სერბეთის რესპუბლიკა ასეთივე პოზიტიურ როლს ასრულებს ბალკანეთის რეგიონში, ამრიგად, შეგვიძლია გავაერთიანოთ ჩვენი ძალისხმევა და გავაუმჯობესოთ ჩვენ ორ რეგიონს შორის კავშირები, მათ შორის შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის ფორმატში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესსა და მიღწეულ პროგრესზე საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყნის ევროპული მისწრაფება აისახა კონსტიტუციაშიც, რითაც ხაზი გაესვა საქართველოსთვის ევროინტეგრაციის მნიშვნელობას.
„დასავლეთში ვეძებთ საქართველოს სტაბილურ მომავალს თავისუფალ და დემოკრატიულ სახელმწიფოებს შორის, რადგან დემოკრატიულ საზოგადოებას ძალუძს შექმნას გაცილებით უფრო მტკიცე სტაბილურობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა თითოეული მოქალაქისა და მთელი ქვეყნისათვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, საქართველო ამაყობს ევროკავშირთან ურთიერთობებში ბოლო წლების განმავლობაში მიღწეულ ხელშესახები წინსვლით. ამ კონტექსტში, პარლამენტის თავმჯდომარემ უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ უვიზო მიმოსვლა ევროკავშირის მხრიდან ნდობისა და მხარდაჭერის გამოსახატ მტკიცე პოლიტიკურ გზავნილს წარმოადგენს.
„ასევე, ეს არის ჯილდო ჩვენი მუხლჩაუხრელი შრომისა და პარლამენტის, მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მოქალაქეების ამ მიზნისადმი ერთგულებისათვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, საქართველოს ძალისხმევა ევროკავშირთან მეტი ინტეგრაციის მიღწევაზეა ფოკუსირებული. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ჩვენი ქვეყანა აფასებს სერბეთთან ამ მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებლობას.
„ჩვენი ძალისხმევა ფოკუსირებულია ახალი შესაძლებლობების გამოვლენის გზით, ევროკავშირთან მეტი ინტეგრაციის მიღწევაზე. ამ კუთხით, ვმუშაობთ ამბიციური საგზაო რუკაზე ევროკავშირთან დასაახლოებლად. ასეთი მიდგომა და ინიციატივა უზრუნველყოფს, რომ საქართველო მზად იქნება, როდესაც შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების დრო დადგება“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ ქვეყანაში განხორციელებულ და მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე ისაუბრა. პარლამენტის თავმჯდომარმე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საგარეო მიმართულებით წარმატება შიდა რეფორმების დღის წესრიგს ეფუძნება.
„ჩვენ გვესმის, რომ „თავისუფლების საზღვარი“ ვრცელდება მხოლოდ იქამდე, სადამდეც – დემოკრატიული მმართველობა და კანონის უზენაესობა. ამ მხრივ, ჩვენი ქვეყანა სამაგალითო გახდა რეგიონში ფუნდამენტური ინსტიტუციური რეფორმების განხორციელებისა და დემოკრატიული ტრანსფორმაციის კუთხით.
დემოკრატიული რეფორმები, პირველ რიგში, უზრუნველყოფს ჩვენს სტაბილურობასა და კეთილდღეობას. ვახორციელებთ ამბიციური რეფორმების დღის წესრიგს რათა უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნის განვითარება, ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა, ყველა ასაკის, სქესის, ეთნიკური და რელიგიური წარმოშობის ადამიანისათვის თვითრეალიზების შესაძლებლობის მიცემა თავისუფალ და თანამედროვე საზოგადოებაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებებმა დაასრულა ხელისუფლების ორგანოთა დაბალანსებული სისტემის შექმნისა და ჩვენი ქვეყნის ევროპული ტიპის საპარლამენტო დემოკრატიად საბოლოოდ ჩამოყალიბების პროცესი.
„გვწამს, რომ პარლამენტი უნდა გახდეს ქართული პოლიტიკის ძლიერი ხმა, რაც თავიდან აგვარიდებს ავტორიტარიზმის განმეორების საფრთხეს გრძელვადიან პერსპექტივაში, მოახდენს პოლიტიკური პოლარიზაციის და რადიკალიზაციის პრევენციას, ხელს შეუწყობს პარტიული პოლიტიკის ინსტიტუციონალიზაციას და პოლიტიკური დიალოგის გაძლიერებას, ასევე, აღმასრულებელ ხელისუფლებაზე საკანონმდებლო ზედამხედველობის გაძლიერებას.
საქართველოს პარლამენტი ძალისხმევას არ იშურებს, რათა უკეთ ემსახუროს მოქალაქეებს პარლამენტის ღიაობის და ანგარიშვალდებულების გაუმჯობესების, მოქალაქეთა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართულობით და მათზე ორიენტირებული და ინოვაციებზე დაფუძნებული ეფექტური მმართველობის გაძლიერებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ დამსწრეებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა, მიღწეული წარმატებები და პრიორიტეტები გააცნო.
„საქართველომ შექმნა ერთერთი საუკეთესო საინვესტიციო კლიმატი – ეფექტური საჯარო მომსახურება, კორუფციისაგან თავისუფალი მთავრობა, და თავისუფალი და გამჭვირვალე ბიზნესგარემო, რამაც უკვე მოგვიტანა ხელშესახები შედეგი და ჰპოვა ფართო საერთაშორისო აღიარება“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, საქართველო განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებს მომსახურების გაუმჯობესებას. მისივე თქმით, ჩვენი ქვეყნის მთავრობის მიერ მომსახურების განხორციელება აღიარებულ იქნა გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ.
„ეს აღიარება ბევრს მეტყველებს ეფექტურ ბიზნეს და საინვესტიციო კლიმატზე და ასევე მმართველობის სისტემაზე საქართველოში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტრანსპორტის სფეროში კავშირების გაუმჯობესება ჩვენი ქვეყნისა და რეგიონისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა. ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო ახალ აბრეშუმის გზაზე ისტორიული როლის აღდგენას ცდილობს.
„საქართველო წარმოადგენს საიმედო სატრანზიტო პარტნიორსა და საკვანძო მოთამაშეს ტრანსპორტის სფეროში და კვლავ აგრძელებს აქტიურ მონაწილეობას ძირითად სტრატეგიულ პროექტებსა და ინიციატივებში“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, საქართველოს ეკონომიკაში სწრაფად მზარდი სექტორია ტურიზმი, რომელიც უდიდეს საინვესტიციო შესაძლებლობებს იძლევა.
სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე გაამახვილა ყურადღება და დამსწრეებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ოკუპირებულ რეგიონეში შექმნილი მდგომარეობა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეთა ცხოვრებას კვლავ ანგრევს.
„ჩვენი ძალისხმევა ორიენტირებულია უკეთეს მომავალზე, თუმცა ჩვენი პოტენციალის სრული რეალიზება ვერ მოხდება მანამ, სანამ კონფლიქტები ჩემს ქვეყანაში, კვლავაც აგრძელებს რეგიონალურ უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის ძირის გამოთხრას. ამ კონფლიქტებს ტრაგიკული, ადამიანთა სახეები აქვს. 2 კვირის წინ, კიდევ ერთი ახალგაზრდა ქართველი – ირაკლი კვარაცხელია გაუჩინარდა ოკუპირებულ აფხაზეთში. მანამდე, საქართველომ იგლოვა ქართველი ვაჟკაცები – გიგა ოთხოზორია და არჩილ ტატუნაშვილი. მიმდინარე სამხედრო მობილიზაცია, მავთულხლართები და სხვა ხელოვნური ბარიერები საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, შეზღუდული მიმოსვლა, უკანონო დაკავებები და გატაცებები, განათლების მშობლიურ ენაზე მიღების აკრძალვა, სხვა ეთნიკურ ნიადაგზე ჩადენილი მძიმე ადამიანის უფლებების დარღვევები და ფართოდ ფეხგადგმული დაუსჯელობა ამ ტერიტორიებზე, კვლავ ანგრევს ჩვენი მოქალაქეების ცხოვრებას“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, ყველა სირთულის მიუხედავად, ჩვენი ქვეყანა შერიგების და დაახლოების პოლიტიკის ერთგულია. ამ კონტექსტში, ირაკლი კობახიძემ საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივის შესახებ ისაუბრა.
„ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს ვაძლევთ შესაძლებლობას, ისარგებლონ ყველა იმ პრივილეგიითა და სარგებელით, რაც საქართველოს განვითარებასა და ევროინტეგრაციას მოჰყვება. ჩვენი ახალი სამშვიდობო ინიციატივა – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ კიდევ ერთი ძლიერი ძალისხმევაა ამ მიმართულებით. ვიმედოვნებთ, რომ დადგება დღე, როდესაც აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან ურთიერთგაგებას მივაღწევთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვით გამოსვლას მასპინძელი ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.