ნათია თურნავამ „ქართული ბრენდის დღე 2021“-ის დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა ქართული ბრენდის დღეს ღონისძიებაზე კომპანიები რამდენიმე ნომინაციაშია გამოვლენილი, მათ შორის რეპუტაცია და ნდობა, წარმატებული ახალი ბრენდი, წარმატებული ინვესტიცია, ბრენდ-პერსონა და სხვა. ღონისძიება წელს მე-19-ედ გაიმართა. ნათია თურნავას განცხადებით, მოხარულია, რომ დაჯილდოებულ კომპანიებს შორის პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარებიც იყვნენ.
„წლების განმავლობაში ჩვენ მომსწრენი ვართ, როგორ განვითარდა საქართველოში ახალი ბრენდები, გასცდა საქართველოს საზღვრებს და წარმოდგენილია ამაყად მსოფლიო ბაზარზე. აქ საუბარია ბრენდებზე, რომელიც შექმნილია სახელოვნებო დარგში, წარმოებაში, სამედიცინო სერვისებში, ტურიზმში. ასევე საამაყოა, რომ დღეს დაჯილდოებულ კომპანიებს შორის არიან „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარები. წლებია უკვე ჩვენი პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ გვერდში უდგას როგორც ქართულ წარმოებას, ქართულ ბიზნესს, ასევე უნიკალური ქართული ბრენდების პოპულარიზაციას. ჩვენ მომავალშიც გავაძლიერებთ ამ კუთხით მუშაობას, რომ უფრო მეტი ქართული ბრენდი, უნიკალური ნაწარმი შეიქმნას და გასცდეს საქართველოს საზღვრებს“, – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.