ჩვენ მზად ვართ, გემსახუროთ, გქონდეთ ჩვენი იმედი

14/11/2018

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა. თბილისის მერმა ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაწეული სამსახურისთვის, მოქალაქეებს და მერიის თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადაუხადა.

„პირველ რიგში, მადლობა მინდა მოვახსენო დედაქალაქის მოსახლეობას მხარდაჭერისა და თანადგომისთვის, რასაც ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვგრძნობთ. ეს გვაძლევს სტიმულს, უფრო მეტი ვიმუშაოთ, მეტი გავაკეთოთ, რათა ქალაქში არსებულ პრობლემებს და გამოწვევებს ღირსეულად ვუპასუხოთ. მინდა, ასევე, მადლობა გადავუხადო თითოეულ ჩემს თანამშრომელს, რადგან ვხედავ, თუ როგორ რეჟიმში გიწევთ მუშაობა, რა დამოკიდებულება გაქვთ საქმის მიმართ, რაც მოსახლეობის განწყობაზე აისახება. ეს ტემპი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავაგდოთ. პირიქით, უფრო მეტი ძალისხმევით უნდა შევძლოთ, ვუპასუხოთ გამოწვევებს და არსებული პრობლემები მოვაგვაროთ. მართლაც ბევრი რამ გაკეთდა, ბევრი საინტერესო წამოწყებაა, ბევრი რეფორმა განხორციელდა და ახალი პროექტი დაიწყო, თუმცა ჯერ კიდევ უამრავი პრობლემა რჩება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა მოსახლეობასაც მიმართა და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტის მერია ყველაფერს გააკეთებს, რათა ხვალინდელი თბილისი საცხოვრებლად უკეთესი იყოს.

„მინდა, მივმართო მოსახლეობას – ჩვენ მზად ვართ, გემსახუროთ, გქონდეთ ჩვენი იმედი. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ხვალინდელი თბილისი უკეთესი იყოს – საცხოვრებლად უფრო კომფორტული, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით, ბევრი მწვანე სივრცით, ეკოლოგიურად სუფთა, გამართული საზოგადოებრივი ტრანსპორტით. ყველამ მაქსიმალური ძალისხმევით უნდა შევძლოთ, მომდევნო წლების განმავლობაში, ჩვენი ქალაქის მოსახლეობასთან ერთად, ყველაფერი მოვაგვაროთ და მოვაწესრიგოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერი მთავრობის სხდომაზე რუსთაველის გამზირზე აქციის ჩატარების საკითხს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თბილისის მერიას ზაზა სარალიძისთვის კარვის დადგმა არ აუკრძალავს. მისი განმარტებით, თბილისის მერიამ კანონის ფარგლებში იმოქმედა და შემდგომში ყველა დოკუმენტი გაასაჯაროვა, რათა საზოგადოება სწორად ინფორმირებული ყოფილიყო.

„მინდა, კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო უკანასკნელ დღეებში თბილისის მუნიციპალიტეტის, მისი თანამშრომლებისა და პირადად ჩემს წინააღმდეგ წარმოებულ სრულიად უტიფარ, ცილისმწამებლურ პროპაგანდას, თითქოს თბილისის მერიამ, ზაზა სარალიძეს რუსთაველის გამზირზე პროტესტის გამოხატვის უფლება შეუზღუდა. ვიმეორებ, რომ ეს ძალიან დიდი ტყუილია. ამასთან დაკავშირებით, რამდენიმე დღის წინ ყველა მიმოწერა გავასაჯაროვეთ. პირველი – ნოემბრის დასაწყისში, ზაზა სარალიძემ მოგვმართა წერილით, რომ ჰქონდა სურვილი, აქციები 31 დეკემბრამდე გაეგრძელებინა. მუნიციპალიტეტის მხრიდან წერილს შესაბამისი რეაგირება მოჰყვა. ჩვენი კანონიერი ვალდებულება იყო, რომ პასუხი სამი დღის განმავლობაში გაგვეცა. რადგანაც, დედაქალაქის მერიას 15 დეკემბრიდან თვის ბოლომდე საახალწლო ღონისძიებები აქვს დაგეგმილი, ამის გამო, ვალდებული ვიყავით, პასუხი გაგვეცა, რაც წერილობით ასახული იყო და მოსახლეობას ესეც გავაცანით“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, სიცრუის პროპაგანდას ოპონენტები და გარკვეული მედიასაშუალებები მიზანმიმართულად აწარმოებენ.

„ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რომ ჩემთვის ნამდვილად წარმოუდგენელია, რომელი ოპონენტის გონებაში მომწიფდა ეს აზრი, რომ შეურაცხმყოფელი ტოლობის ნიშანი დაესვა საახალწლო ნაძვის ხესა და შვილმკვდარი მამის პროტესტს შორის და შემდეგ ეს ყველაფერი მერიისთვის გადმოებრალებინა. არ ვიცი სად იზრდებიან ეს ადამიანები, ან ოჯახი არ ჰყავთ, ან დედა, ან მამა?! რამდენიმე დღის წინ, პირდაპირ ეთერში საუბრობდნენ, რომ ნაძვის ხის დადგმის გამო, ზაზა სარალიძეს კარვების გაშლისა და პროტესტის გამოხატვის უფლებას არ აძლევენ. ეს კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ მუშაობს „ნაციონალური მოძრაობის“ კუთვნილი, პარტიული ტელევიზია. კონკრეტულად ამ ტელევიზიის ხელმძღვანელი საუბრობდა პირდაპირ ეთერში, რომ თითქოს, ჩვენ ვიყავით ამ ყველაფრის თავი და ბოლო. ეს კატეგორულად მიუღებელია, თუმცა პროპაგანდა, რომელსაც ისინი აწარმოებენ და მთელი მათი სარედაქციო პოლიტიკა დაფუძნებულია სიცრუეზე, შუღლზე. ეს მათი არჩევანია. ჩვენ არ გადავუხვევთ ჩვენ მიერ არჩეული გზიდან, რომელიც ადამიანის ღირსებაზე, საკუთარი ხალხის პატივისცემასა და ქვეყნის განვითარებაზე არის ორიენტირებული“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძის თქმით, დედაქალაქის მერია ცრუ ინფორმაციის გავრცელებაზე შესაბამის რეაგირებას ყოველთვის მოახდენს.

„პირადად ჩემთვის, როგორც ერთი ადამიანისთვის და მთლიანად ჩვენი გუნდისთვის, ადამიანის ღირსება, მისი უფლებები, გამოხატვის თავისუფლება, არის უმთავრესი ფასეულობა, რომლის დაცვის გარანტიც, ქართულ საზოგადოებასთან ერთად, ყოველთვის ვიქნებით. არავის მივცემთ იმის უფლებას, რომ მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანონ და ცრუ ინფორმაცია მიაწოდონ. ჩვენ ყოველთვის მოვახდენთ ამაზე რეაგირებას და მოსახლეობას ყოველთვის სრულყოფილ ინფორმაციას მივაწოდებთ“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ თბილისის მერიის მწვანე პოლიტიკის ფარგლებში დაგეგმილ პროექტებში კომერციული ბანკებიც ჩაერთვებიან. კერძოდ, დაგეგმილია ბანკების ავტოპარკის ელექტრომობილებითა და ჰიბრიდული მანქანებით სრულად ჩანაცვლება.

„გუშინ საბანკო სექტორის წარმომადგენლებს შევხვდით. ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ შეხვედრაზე გამოითქვა მზადყოფნა, რომ ისინი მწვანე პოლიტიკის ფარგლებში დაგეგმილი პროექტების განხორციელებაში სხვადასხვა ფორმით მიიღებენ მონაწილეობას. ახლო მომავალში, ელექტრომობილებით და ჰიბრიდული მანქანებით ბანკების ავტოპარკის სრულად ჩანაცვლება იგეგმება. ამ მიმართულებით, ჩვენი მხრიდანაც კონკრეტული ნაბიჯებია გადადგმული. 50-ზე მეტმა ავტომობილმა ტექნიკური ინსპექტირება ვერ გაიარა. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მსგავსი ავტომობილები მოხმარებიდან სრულად იქნა ამოღებული, რომელთა ნაცვლად, ჰიბრიდული, ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილები შევიძინეთ. ეს ტენდენცია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებითაც გაგრძელდება. 2019 წლის ბოლოსთვის არსებულ ავტოპარკს ახალი, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსებით მთლიანად ჩავანაცვლებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, საბანკო სექტორი მზადაა, წარმოადგინოს მოდელი, თუ როგორ უნდა წახალისდეს ელექტომობილებისა და ჰიბრიდული ავტომანქანების მფლობელები.

„ეს შეიძლება იყოს შეღავათიანი სესხები. ამ მიმართულებით, გარკვეული შეღავათები დედაქალაქის მერიისგანაც დაწესდება, რომელიც ელექტრომობილებისთვის უფასო პარკინგს და ქალაქის მასშტაბით, უფასო ელექტროდამტენების მონტაჟს გულისხმობს. მწვანე პოლიტიკის საკითხებზე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრებს მომავალშიც გავაგრძელებთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერი მერიის ცხელი ხაზის მუშაობის საკითხს კიდევ ერთხელ შეეხო და ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს ამ მიმართულებით არსებული პრობლემების მოგვარება სთხოვა.

„ცხელი ხაზის მუშაობაში გარკვეული პრობლემები არსებობს – მოქალაქეთა ზარები შემოდის და შესაბამისი რეაგირება ვერ ხდება. ერთი მხრივ, ცხელ ხაზზე თანამშრომლების დამატება უნდა მოხდეს, ხოლო მეორე მხრივ, უნდა გავაძლიეროთ საქალაქო სამსახურების რესურსი. თუ არის იმის საჭიროება, რომ მოხდეს თანამშრომლების დამატება, არ მოგერიდოთ, აუცილებლად დაამატეთ. ცხელი ხაზის ოპერატორები ინფორმაციას საქალაქო სამსახურებისგან იღებენ. ამიტომ, თუ ჩვენ საქალაქო სამსახურების დონეზე გამართული არ ვიქნებით, რა თქმა უნდა, ცხელი ხაზის ოპერატორებს მოქალაქეებისთვის სწრაფი და სწორი პასუხის გაცემა გაუჭირდებათ. იგივე ეხება სერვისცენტრებს. მოქალაქე, რომელიც მუნიციპალიტეტის მერიაში მოდის, რა თქმა უნდა, არ უნდა იდგეს რიგში და თვეობით არ უნდა ელოდებოდეს პასუხებს. ეს კატეგორიულად მიუღებელია. რაც შეიძლება სწრაფად განახორციელეთ ეს რეფორმა. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამ პრობლემას, რომელიც მოსახლეობას აწუხებს, მოვაგვარებთ“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ბოლო საკითხი, რომელზეც კახა კალაძემ ყურადღება გაამახვილა, საახალწლოდ, დედაქალაქის მორთვა და აღნიშნულ პროცესში ბიზნესსექტორის ჩართულობაა. მისი თქმით, აღნიშნული ტრადიცია შარშან დამკვიდრდა და წელსაც გაგრძელდება.

„ჩვენ გვქონდა კონკრეტული ადგილები, პარკები, სკვერები, რომლებიც სხვადასხვა კომპანიების მიერ იყო მორთული და გალამაზებული. გვინდა, ეს ტენდეცია წელსაც გაგრძელდეს. ბიზნესი უკვე აქტიურობს – მათ აქვთ სურვილი, სხვადასხვა ადგილები საახალწლოდ მორთონ და ჩვენ ამისთვის, რა თქმა უნდა, მზად ვართ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ასევე, პირველ სართულზე განთავსებული სავაჭრო ობიექტების თანამშრომლებს თხოვნით მიმართა, რომ ფასადები შესაძლებლობის ფარგლებში, საახალწლოდ გააფორმონ.

„მინდა თხოვნით მივმართო პირველ სართულზე განთავსებული სავაჭრო ობიექტების თანამშრომლებს, რომ საახალწლოდ ყველამ, თუ არის ამის შესაძლებლობა, გარე ფასადზე ან შიგნით, თითო სათამაშო ჩამოკიდოს, რათა საახალწლო განწყობა შეიქნას“, – განაცხადა კახა კალაძემ და აღნიშნა, რომ საახალწლოდ ქალაქში არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი, რომელთა შესახებ დეტალური ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0