განვითარების არც ერთი გეგმა, რომელსაც ჩვენ მომავალი ოთხი წლისთვის ვადგენთ, არავითარ შემთხვევაში, არ გაივლის მოქალაქეების უფლებების დარღვევაზე, ადამიანის უფლებების გათელვაზე, რომელიც ადრე გვქონდა და რომლის მოწმენიც მთელი ქვეყანა გავხდით, – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, “ქართულო ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა წალენჯიხის მოსახლეობას, რომელსაც წალენჯიხისა და ჩხოროწყუს გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი გოგა გულორდავა წარუდგინა.
პრემიერის თქმით, ეს, გუნდის თითოეული წევრისთვის, უმნიშვნელოვანესი პრინციპია.
“როდესაც წინა ხელისუფლების პერიოდში ვუყურებდით ასი ათასობით დაპატიმრებულ ადამიანს, მე, როგორც ერთ რიგით მოქალაქეს, ყოველთვის მქონდა ასეთი აზრი, რომ არც ერთი უსამართლოდ დასჯილი ადამიანის შვილის ცრემლად არ ღირს მთელი საქართველო. ეს არის ჩვენი ხელისუფლების მთავარი მოწოდება და მთავარი არსი. სწორედ ამ კრედოს მიყვება ჩვენი გუნდის თითოეული წევრი. სწორედ ამ პრინციპის დაცვით, მაგრამ რა თქმა უნდა, ეფექტური, სწრაფი ნაბიჯების გადადგმით, ვივლით მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, რათა ადამიანურად და ამავე დროს ეფექტურად შევცვალოთ ქვეყანაში ცხოვრების დონე“, -განაცხადა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილმა ასევე ისაუბრა მაჟორიტარობის კანდიდატ გოგა გულორდავას შესახებ და აღნიშნა, რომ მან, როგორც
ადგილობრივმა, იცის, რა უხარია და რა სტკივა რაიონის მოსახლეობას.
პრემიერი დარწმუნებულია, რომ იგი იქნება ღირსეული წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში.
“გოგას გააჩნია კვალიფიკაციაც, გააჩნია საჭირო ადამიანური თვისებები, რაც ალბათ ყველაზე მთავარია ასეთ დროს. მას ქვეყნის ხელისუფლებისგან მაქსიმალური მხარდაჭერა ექნება, რათა წალენჯიხის მოსახლეობის მოთხოვნები დავაკმაყოფილოთ“, -განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ბოლო 4 წლის განმავლობაში განხორციელებულ და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა პრემიერმა ჩხოროწყუს მოსახლეობასთან შეხვედრისას.
„ჩვენ ვაპირებთ, 2020 წლის ბოლომდე ყველა მთავარი ინფრასტრუქტურული პროექტი, საქართველოში, როგორიც არის მაგისტრალები, დამაკავშირებელი გზები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარებისთვის, დავასრულოთ, რათა ტურისტები ჩამოვიდნენ ამ მშვენიერ რეგიონში, მათ შორის ჩხოროწყუში და ისიამოვნონ საქართველოს ისტორიით, გაეცნონ მას და, რა თქმა უნდა, მეტი შემოსავალი მოუტანონ ადგილობრივ მოსახლეობას, ოჯახური ტიპის სასტუმროებს და ა.შ. ეს არის ჩვენი უმთავრესი ამოცანა. ამ ამოცანის განხორციელება თანამედროვე სატრანზიტო ინფრასტრუქტურის გარეშე შეუძლებელია,“ – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა ანაკლიის პორტის პროექტის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სამუშაოები წლის ბოლომდე დაიწყება.
“გამარჯვებული კომპანია გამოვლენილია, მასთან საბოლოო მოლაპარაკებები მიმდინარეობს. დღეიდან 3 წელიწადში პორტის მშენებლობის საწყისი ეტაპი უნდა დამთავრდეს და ანაკლიის პორტმა უნდა დაიწყოს დიდი გემების მიღება, რაც საქართველოს ეკონომიკისთვის იქნება გარდამტეხი წერტილი. ანაკლია და სამეგრელო გახდება საქართველოს მომავალი განვითარების ლოკომოტივი,“ – აღნიშნა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, იმისთვის, რომ ყველა ეს პროექტი წარმატებულად დასრულდეს, საჭიროა ქვეყნის უსაფრთხოება. პრემიერის შეფასებით, ბოლო 4 წლის განმავლობაში, ამ მიმართულებით, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა.
“ერთის მხრივ, ჩვენ თანმიმდევრულად ვუახლოვდებით ევროპას და ევროატლანტიკურ ოჯახს, მეორეს მხრივ ვახორციელებთ პრაგმატულ პოლიტიკას ჩვენს უშუალო მეზობლებთან, და რა თქმა უნდა, რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების გარეშე საქართველოში უსაფრთხოება ვერ იქნება. ჩვენი მთავრობა არის ის ერთადერთი, მართლაც ეროვნული მთავრობა, რომელიც გამოდის პირველ რიგში საქართველოს ინტერესებიდან და რომლისთვისაც უმთავრესია ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება. სწორედ ამიტომ, გვჯერა რომ, ჩვენი მთავრობა, ჩვენი გუნდი, რომელსაც აქ ხედავთ, რომელთანაც იკრიბება ყველა კონსტრუქციული ძალა, რომელსაც ჩვენი ქვეყნის განვითარება სურს, არის ის ერთადერთი უალტერნატივო გუნდი, რომელიც ამ მიზნების განხორციელებას შეძლებს. ამ გუნდთან უნდა დადგეს ყველა. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ისეთი ღირსეული კაცი, როგორიც არის გოგა გულორდავა, უნდა წარმოადგენდეს ჩხოროწყუს და წალენჯიხას საქართველოს პარლამენტში“, – განაცხადა პრემიერმა.
გუნდის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წევრი, – ასე წარუდგინა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მარტვილის მოსახლეობას, მარტვილისა და აბაშის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ოთარ დანელია. „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის შეფასებით, შემთხვევითი არ არის, რომ სოფლის მეურნეობის მინისტრი მარტვილის მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელდა, რადგან, ბოლო წლების განმავლობაში, მისი ხელმძღვანელობით უამრავი პროგრამა განხორციელდა – მცირემიწიანი ფერმერების დახმარება, გრძელვადიანი საშეღავათო კრედიტები, პროექტი „დანერგე მომავალი“ და ა.შ.
“ამ ყველაფერს შედეგები უკვე მოაქვს, მაგრამ უფრო მეტი შედეგი მომავალში იქნება. ოთარი არის ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წევრი. სხვათა შორის, ძალიან ძნელად გავიმეტე იგი – ჩვენი კოლეგა, ჩვენი მეგობარი, ჩვენი თანამებრძოლი ოთარ დანელია“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა, სიტყვით გამოსვლისას, განათლების სისტემის ფუნდამენტურ რეფორმირებაზე ისაუბრა.
„ჩვენ მასწავლებლის პრესტიჟი უნდა ავამაღლოთ. არ შეიძლება, ყველა ახალმა მოსულმა ხელისუფლებამ მასწავლებლების კორპუსს გადაუაროს“,-განაცხადა მთავრობის მეთაურმა. გიორგი კვირიკაშვილმა, დასახული მიზნების მიღწევის პროცესში, გუნდის ერთიანობაზე გაამახვილა ყურადღება.
„თქვენ ხედავთ ჩვენი გუნდის ძველ თანამოაზრეებს, ახალ წევრებს. ყოველდღე გვიერთდებიან ახალი ადამიანები, მათ შორის, სხვადასხვა პოლიტიკური დაჯგუფებებიდან. ისინი გრძნობენ, რომ საქართველოში დღეს სამთავრობო, სახელისუფლებო გუნდი ყველაზე მეტად გამოხატავს ქართველი ხალხის ინტერესებს“,-აღნიშნა პრემიერმა.