თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში დაწესებული რეგულაციების დაცვის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. მისი თქმით, ამ დროისთვის არსებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის გარეშე ასვლა 524-მა მგზავრმა სცადა, 3 790 მგზავრს კი პირბადის სწორად გამოყენების გაფრთხილება მიეცა. თბილისის მერმა მოსახლეობას საზოგადოებრივ ტრანსპორტში არსებული რეგულაციების მაქსიმალურად დაცვისკენ მოუწოდა.
„რამდენიმე დღეა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა. ეპიდემიოლოგების მხრიდან გვაქვს ძირითადი მოთხოვნები, რომელიც მგზავრმა ტრანსპორტში ასვლისას უნდა დაიცვას. ეს არის პირბადის ტარება, იმისთვის, რომ დავიცვათ ერთმანეთის ჯანმრთელობის უსაფრთხოება. რაც შეეხება სტატისტიკას რეგულაციების დაცვასთან დაკავშირებით, 524 მგზავრი ეცადა საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის გარეშე ასვლას, რაც ჩვენი თანამშრომლების მხრიდან აღკვეთილი იქნა და მათ ამის შესაძლებლობა არ მიეცათ; 3 790 მგზავრს მიეცა გაფრთხილება პირბადის სწორად ტარებასთან დაკავშირებით. მათ შორის, იყო შემთხვევები, რომ ცხვირს ბოლომდე არ უფარავდა, ზოგს ჩამოწეული კი ჰქონდა. მათ მიეცათ გაფრთხილება და შემდეგ ეს ყველაფერი გამოსწორდა; ერთ შემთხვევაში, დაგვჭირდა საპატრულო პოლიციის გამოძახება, რადგან დაპირისპირება იყო პირბადის არგაკეთების გამო; ერთ შემთხვევაში კი, არ დაიძრა ავტობუსი, იმიტომ, რომ მგზავრი არ ემორჩილებოდა მოთხოვნებს. ჩვენი თანამშრომლების მხრიდან ბევრჯერ იქნა მითითება მიცემული, რომ პირბადე გაეკეთებინა“, – განაცხადა თბილისის მერმა.
კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა თავად მგზავრებს, რომლებიც ერთმანეთს პირბადის ტარებისკენ მოუწოდებენ და მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს ეხმარებიან.
„მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ეხმარება ჩვენს თანამშრომლებს. ამ პროცესში თავად მგზავრები ძალიან აქტიურად არიან ჩართულნი და პირველ რიგში, ისინი მოითხოვენ ერთმანეთისგან, რომ პირბადე სწორად ატარონ. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ერთმანეთი დავიცვათ, გავუფრთხილდეთ ერთმანეთის სიცოცხლესა და ჯანმრთელობის უსაფრთხოებას. ჩემი თხოვნა იქნება, რომ ყველა წესის დაცვა მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
კახა კალაძემ ყურადღება რეკრეაციული სივრცეების მნიშვნელობაზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ თემქის ხევის ტერიტორიაზე საქალაქო პარკის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. მისი თქმით, აღნიშნული ტერიტორია წლების განმავლობაში დაჭაობებული და ნაგავსაყრელად იყო ქცეული.
„პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე სკეიტპარკი, სარბენი, სასეირნო და ველობილიკები, ასევე, სპორტული და საბავშვო მოედნები განთავსდება. ტერიტორიაზე მოეწყობა კაფე, მედიათეკა, ამფითეატრი, ძაღლების სასეირნო სივრცე და ურბანული მებაღეობის ზონა. ამასთან, პარკში მოეწყობა ორი ხელოვნური ტბა, რომელსაც ერთმანეთთან მდინარე დააკავშირებს. ასევე, განათების, სარწყავი და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, ამ ეტაპზე, დაჭაობებული გრუნტის გამოცვლა მიმდინარეობს. სამუშაოების დასრულება კი 2022 წლის დეკემბრისთვის იგეგმება. კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცის მოწყობა სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყვარჩელის ქუჩაზე იგეგმება. თბილისის მერმა სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიის არასწორ ურბანულ განვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ არ უნდა განაშენიანდეს ქალაქი.
„სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია მგონი ყველამ კარგად ვიცით. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ არ უნდა განავითარო ქალაქი. ეს არის მაგალითი, როგორ არ უნდა მოხდეს განაშენიანება. ჩვენ ვხედავთ ურბანულ გენოციდს. მგონი ყველა ვთანხმდებით, რომ არავის მოგვწონს სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანება. შთაბეჭდილება მრჩება, რომ როგორც ნებართვის გამცემი, ისე ნებართვის მიმღები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ვინ უფრო მეტ და მაღალ კორპუსს ჩადგამდა ამ კონკრეტულ ტერიტორიაზე. არანაირად არ არის განსაზღვრული ურბანულად, თუ როგორ უნდა იყოს დაგეგმარებული გზები, რეკრეაციულ სივრცეებზე საერთოდ ზედმეტია საუბარი. ელემენტარულად რომ შეხვიდე, შეიძლება ვეღარც გამოხვიდე, თუ იქ არ ცხოვრობ და კონკრეტული ქუჩები არ იცი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე სკვერი ე.წ. ბარაკების ადგილას მოეწყობა, რომელთა დემონტაჟი დღეს დაიწყება.
„ტყვარჩელის ქუჩა N5-ში მდებარეობდა ე.წ. ბარაკები. რა თქმა უნდა, მოთხოვნა იყო, რომ მათ ნაცვლად, ისევ საცხოვრებელი კორპუსები აშენებულიყო, რაც ვფიქრობ, ამ კონკრეტული ადგილისა და მიმდებარე ტერიტორიისთვის დამატებითი პრობლემა იქნებოდა. შესაბამისად, მოველაპარაკეთ ამ ოჯახებს და გავაკეთეთ ადგილმონაცვლეობა. დაახლოებით, 1 500 კვადრატული მეტრის ტერიტორია, სადაც ე.წ. ბარაკები იყო განთავსებული, მუნიციპალიტეტს მოაქვს და ვიწყებთ მათ დემონტაჟს. ადგილობრივებს იმის საშუალება მაინც ექნებათ, რომ თავიანთი პატარები ჩამოიყვანონ და სკვერში გაასეირნონ. იქ მცხოვრებთათვის ასეთი პროექტი არ არსებობს, უბრალოდ სკვერი და პარკი არ არსებობს, ტროტუარიც კი არ არის, რომ ადამიანებმა ნორმალურად გაიარონ. ეს კონკრეტული სივრცე გამოყენებული იქნება სკვერის მოსაწყობად, რათა იქ მცხოვრებმა ადამიანებმა დაისვენონ და განიტვირთონ. ამ კონკრეტულ ტერიტორიაზე კორპუსები არ და ვერ აშენება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, აღნიშნულ პროექტს საბურთალოს რაიონის გამგეობა განახორციელებს. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ ჩუღურეთის რაიონში, ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთი თბილისის მერიას კერძო კომპანიისგან საპრივატიზაციოდ, „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებული მოქალაქეების ფართებით დაკმაყოფილების მიზნით გადაეცა. პრივატიზაციის პირობა 18 მილიონ 400 ათასი ლარის დაფინანსების განხორციელებაა.
„ნინოშვილის ქუჩაზე არსებული მიწის ნაკვეთი კომპანია „ცენტრ პოინტს“ ეკუთვნოდა, რომელსაც ოდესღაც, პირდაპირი წესით, ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს, ეს ქონება ერთ ლარად გადაეცა, იმისთვის, რომ საცხოვრებელი კორპუსები აეშენებინათ. როგორც მოგეხსენებათ, „ცენტრ პოინტი“ არის ერთ-ერთი სამშენებლო კომპანია, რომელსაც ყველაზე მეტი დაზარალებული ჰყავს. საუბარია 6 000-ზე მეტ ოჯახზე, რაც სერიოზული პრობლემაა. ეს ადამიანები წლების განმავლობაში, თავიანთ საცხოვრებელ სახლებს ელოდებიან“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, თბილისის მერიამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ პრივატიზაცია მიწის ნაკვეთის რეკრეაციული სტატუსით განხორციელებულიყო.
„კონკრეტული მიწის ნაკვეთი მუნიციპალიტეტს კომპანიისგან საკუთრებაში გადაეცა, რათა „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებული მოქალაქეების ფართებით დაკმაყოფილების მიზნით, მისი პრივატიზაცია მომხდარიყო. თბილისის მერიამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ პრივატიზაცია განხორციელებულიყო მიწის ნაკვეთის რეკრეაციული სტატუსით, რაც სამშენებლო სამუშაოებს გამორიცხავს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ამ ტერიტორიაზე არანაირი საცხოვრებელი კორპუსი არ აშენდება. მიწის ნაკვეთს აქვს რეკრეაციული ზონის სტატუსი და მისი განვითარება ამავე სტატუსის ფარგლებში მოხდება“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
კახა კალაძის განცხადებით, პრივატიზაცია „სითი ლოფტზე“ განხორციელდა, რომელიც „აჭარა ჯგუფში“ შემავალი ერთ-ერთი კომპანიაა.
„გარდა ამისა, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ ქონების პრივატიზაცია ერთ ლარად მოხდა. პრივატიზაციის პირობა „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებული ოჯახების ფართებით დაკმაყოფილების მიზნით, 18 მილიონ 400 ათასი ლარის დაფინანსების განხორციელებაა. როგორც იცით, თბილისის მერიას დაწყებული აქვს კომპანიის მიერ დაზარალებული ოჯახების ფართებით დაკმაყოფილების პროექტი, რომლის ფარგლებშიც, ბინებით ყველა დაზარალებული დაკმაყოფილდება“, – განაცხადა თბილისის მერმა.
რაც შეეხება იმ მოქალაქეებს, რომლებიც ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე შენობა-ნაგებობაში ცხოვრობენ, კახა კალაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტის მერიამ მათ ქირით უზრუნველყოფა შესთავაზა.
„ამ პასუხისმგებლობას მუნიციპალიტეტი თავის თავზე იღებს. მოსახლეობის გარკვეული ნაწილი დევნილის სტატუსის მქონეს წარმოადგენს, რომლის წინაშე სახელმწიფომ ვალდებულება შეასრულა და საცხოვრებელი ფართები გადასცა, თუმცა ჩვენ მათთან კომუნიკაცია გვქონდა და ქირით უზრუნველყოფას მოვახდენთ. ღია ცის ქვეშ არავის დაგვტოვებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერის თქმით, ის სპორტსმენები კი, რომლებიც აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებულ შენობა-ნაგებობაში ვარჯიშობდნენ, ვარჯიშის გაგრძელებას ნორმალურ პირობებში შეძლებენ, რადგან მუნიციპალიტეტი მათაც დაეხმარება.
„კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო ორი რამ: პირველი – მიწის ნაკვეთის პრივატიზება მოხდა რეკრეაციული სტატუსით და მასზე მშენებლობა არ განხორციელდება. მეორე – საპრივატიზაციო პირობაა „ცენტრ პოინტის“ დაზარალებულების დასაკმაყოფილებლად დაფინანსების – 18 მლნ 400 ათასი ლარის გამოყოფა შემძენის მიერ. ასეთია პირობები და არა ისე, როგორც ზოგიერთი მედიასაშუალება, მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მიზნით აშუქებს“, – განაცხადა თბილისის მერმა.
კახა კალაძემ თბილისის მეტროს განახლების აუცილებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მეტროსადგურ „გოცირიძის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები სამ თვეში დასრულდება. სადგური მიმდინარე სამუშაოების გამო, დროებით დაკეტილია.
„მეტროსადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაციის პროექტი აგვისტოში დაიწყო. ამ ეტაპზე, ვესტიბიულს კაპიტალურად არემონტებენ და ბაქნის გადახურვის სამუშაოები ხორციელდება. ასევე, მიმდინარეობს სამხარაულის ექსპერტიზა ბაქნის მდგრადობაზე და შემდგომი ექსპლუატაციის უსაფრთხოებაზე. ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, გადაიდგმება შემდგომი ნაბიჯები და სამუშაოებს სავარაუდოდ, სამი თვე დასჭირდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაოებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამუშაოების გამო, რუსთაველის გამზირზე დროებითი სამშენებლო ღობე მოეწყობა.
„იცით, რომ რუსთაველის მხარეს არის ორი ტროტუარი. ზედა ნაწილში ღობის განთავსება მოგვიწევს, რათა უსაფრთხოება იყოს დაცული. ღობის განთავსება განპირობებულია იმით, რომ ფასადის სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა დაიწყოს“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
კახა კალაძის თქმით, პროექტის ღირებულება დაახლოებით, 34 მლნ ლარია და ის 2023 წელს დასრულდება.
„ეს არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და თითოეულ დეტალს, თითოეულ ორნამენტს, იმ ღირებულ ნაწილს, რომელიც ამ სასახლეს გააჩნია, განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება. რეაბილიტაცია 2023 წელს უნდა დასრულდეს. სარესტავრაციო სამუშაოები შესრულდება, როგორც ფასადზე, ისე ინტერიერში; მოეწყობა ახალი სახურავი; რესტავრირდება პარაპეტები, განხორციელდება სასახლის მხატვრულ-დეკორატიული დარბაზების საკონსერვაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, კონსტრუქციული გამაგრება, საინჟინრო ქსელების რეაბილიტაცია, კეთილმოეწყობა ეზოები“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
გარდა ამისა, თბილისის მერმა ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემაზეც გაამახვილა ყურადღება. აღინიშნა, რომ ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა დედაქალაქის განსაზღვრულ არეალებში დღეიდან კვლავ ამოქმედდა და ავტომფლობელებს საათობრივი საფასურის გადახდა უწინდებურად მოუწევთ.
„იცით, რომ დროებით შეჩერებული გვქონდა გადასახადი და მოქალაქეებს არ უწევდათ საათობრივი საფასურის გადახდა, იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერებული იყო. იმის გათვალისწინებით, რომ მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მუშაობა დაიწყო, პარალელურად, ამოქმედდა ზონალურ-საათობრივი პარკირების გადასახადი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს. ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემას ჯერ სრულად არ მოუცავს დედაქალაქი, თუმცა გვაქვს კონკრეტული სივრცეები, ადგილები, მაგალითად, ორბელიანის მოედანი, ბარათაშვილის ქუჩა, კოტე აფხაზის ქუჩა, აბანოთუბანი, პეკინის გამზირი, მისი გადამკვეთი ქუჩების გარკვეული ნაწილით, ასევე, ვაკის რაიონი, სადაც მოქმედებს ზონალურ-საათობრივი პარკირება. დღეიდან ეს სისტემა ისევ ამოქმედდა, იმისთვის, რომ დავიცვათ წესრიგი და მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ ერთმანეთს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა ვაკის პარკის რეაბილიტაციის პროექტზეც ისაუბრა. მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ვაკის პარკი სრულად დაიკეტა, თუმცა რეაბილიტაციის პერიოდში, პარკში გამოიყოფა ტერიტორია, სადაც შინაური ცხოველების გასეირნება იქნება შესაძლებელი.
„ვაკის პარკი, არსებული სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, სრულად დაიკეტა. ადგილობრივ მცხოვრებლებთან გვქონდა კომუნიკაცია და მათი მოთხოვნა იყო, გამოგვეყო გარკვეული სივრცე იმისთვის, რომ ცხოველების გასეირნება შესაძლებელი ყოფილიყო. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გავითვალისწინეთ. კომუნიკაციის შედეგად, დღეიდან გამოიყოფა ტერიტორია, სადაც რეაბილიტაციის პერიოდში, მოქალაქეებს შინაური ცხოველების გასეირნების საშუალება მიეცემათ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
ვაკის პარკის სრულმასშტაბიან სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ახორციელებს. პროექტის დასრულება 2021 წლის ბოლოსთვის იგეგმება.