ჩვენ ვსტუმრობთ ჩვენს მეგობრებს, უკრაინისადმი ჩვენი მტკიცე და ერთიანი მხარდაჭერის დემონსტრირებისთვის

16/04/2022

„სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია იმის, რა სურათებიც ვნახეთ ბუჩაში, ირპინში, ბოროდიანკაში, კრამატორსკში. ამ ხოცვა-ჟლეტვის შესახებ მთელმა მსოფლიომ გაიგო, ეს ნაცნობი ისტორიებია. რუსეთმა უნდა შეწყვიტოს ეს ომი, პატივი სცეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მიიღოს უკრაინელების არჩევანი,“ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, უკრაინის რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. შალვა პაპუაშვილმა უკრაინელ კოლეგას მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოს მხრიდან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა.

„ჩემთვის დიდი პატივია, ვიმყოფებოდე გმირ ქალაქ კიევში. მინდა, მადლობა გადავუხადო პირადად, ჩემ ძვირფას კოლეგას, რუსლან სტეფანჩუკს მიმდინარე ომისა და ყოველდღიური დაბომბვების მიუხედავად, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის მასპინძლობისთვის. ჩვენ ვსტუმრობთ ჩვენს მეგობრებს უკრაინისადმი ჩვენი მტკიცე და ერთიანი მხარდაჭერის დემონსტრირებისთვის. ჩვენი ხალხების სიახლოვის გათვალისწინებით, სხვანაირად არც შეგვეძლო. კულტურა, ისტორია, მეგობრობა არის ის, რაც განგვსაზღვრავს, გვაძლიერებს და გვაერთიანებს და რასაც ჩვენი ერები გულითადად უფრთხილდებიან. შესაბამისად, ჩვენ, ქართველები, ჩამოვედით კიევში გარდაცვლილთა ოჯახებისთვის სამძიმრის სათქმელად, თქვენი ტკივილის გაზიარებისთვის, უკრაინელ ხალხთან გვერდში დგომისთვის. სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია იმის, რა სურათებიც ვნახეთ ბუჩაში, ირპინში, ბოროდიანკაში, კრამატორსკში. ამ ხოცვა-ჟლეტვის შესახებ მთელმა მსოფლიომ გაიგო, ეს ნაცნობი ისტორიებია. სამწუხაროდ, უკრაინაში ამ ქალაქების ბედი ბევრმა სხვა ქალაქმა გაიზიარა, ჯერ კიდევ ბევრი უცნობი ისტორიაა მოსაყოლი. რუსეთმა უნდა შეწყვიტოს ეს ომი, პატივი სცეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მიიღოს უკრაინელების არჩევანი,“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ის რაც დღეს უკრაინაში ხდება, უცხო არ არის საქართველოს მოქალაქეებისთვის, რადგან წლების განმავლობაში ეს საკუთარ თავზე გამოსცადეს.

„ამ სურათების შემყურე, ჩვენ, ქართველებს, რუსეთთან 1990-იანი წლების და 2008 წლის ომებიდან საკუთარი ბუჩები და ირპინები გვახსენდება დღეს ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. ეს ჩვენც გამოვცადეთ. ჩვენი ქალაქები და იმედებიც დაიბომბა და განადგურდა. ასე რომ, ჩვენ, ქართველებს, ძალიან კარგად გვესმის თქვენი ტკივილი. თუმცა, ძვირფასო უკრაინელებო, უდიდეს ტკივილთან ერთად, ჩვენ ვხედავთ თქვენს გმირულ წინააღმდეგობას, სიმამაცეს და გაუტეხელ გულებს. ამ თავგანწირვაზე, როგორც სიმტკიცისა და გაუტეხელობის მაგალითზე, ყოველთვის მოვუყვებით ჩვენს მომავალ თაობებს. ეს განსაცდელი დროებითია. მშვიდობა მალე აუცილებლად დაისადგურებს თქვენს ლამაზ ქვეყანაში იმიტომ, რომ სიმართლე თქვენს მხარესაა. ძვირფასო კოლეგა, კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით მასპინძლობისთვის. დიდება უკრაინას, მშვიდობა უკრაინას,“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა ერთობლივ ბრიფინგზე.

​საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დელეგაციაში, ვიცე-სპიკერები არჩილ თალაკვაძე, დავით სერგეენკო, ლევან იოსელიანი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ბექა ოდიშარია, ასევე სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების დეპუტატები: ანა ნაცვლიშვილი, ვახტანგ მეგრელიშვილი, ხათუნა სამნიძე და გიორგი ხოჯევანიშვილი შედიან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0