ჩვენ ვართ იმ ადამიანებისგან შემდგარი გუნდი, რომელიც თითოეული თქვენგანის პრობლემას გულთან ახლოს მიიტანს

21/08/2016

გპირდებით, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, ძალიან სწრაფი განვითარების გეგმით, ჩვენ მივაღწევთ საქართველოს განვითარების იმ ეტაპს, როდესაც ჩაყრილი იქნება საფუძველი გრძელვადიანი, განვითარებული, გაფერადებული და აგუგუნებული ქვეყნისთვის, ჩვენი საქართველოსთვის, – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა წალკის მოსახლეობას, რომელსაც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კახა ოქრიაშვილი წარუდგინა.
გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ეს, ადგილობრივი წარმოების განვითარებით, სოფლის მეურნეობის ხელშეწყობითა და გონივრული საგარეო პოლიტიკით მიიღწევა.
„ჩვენ ვართ იმ ადამიანებისგან შემდგარი გუნდი, რომელიც თითოეული თქვენგანის პრობლემას გულთან ახლოს მიიტანს, რომლისთვისაც უცხო არ არის არც გაჭირვება, გამოგვივლია ყველანაირი საფეხური ცხოვრებაში. ჩვენსა და თქვენს შორის აღარ არსებობს ნაპრალი, დღეს ჩვენს მოსახლეობას სადამსჯელო სტრუქტურების აღარ ეშინია“, – განაცხადა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, 2012 წლის შემოდგომაზე, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა გამოაცხადა პოლიტიკური პარტიის შექმნის შესახებ, ქართველ ხალხთან ერთად, საქართველოს პოლიტიკურ სინამდვილეში უდიდესი გარდატეხა მოხდა.
მისივე თქმით, დღეს საარჩევნო პროცესი თვისობრივად განსხვავებულია იმისგან, რაც 2012 წლის განმავლობაში ხდებოდა, ის გაცილებით დემოკრატიული და მშვიდობიანია, რაც ძალიან დიდი მონაპოვარია.
„დიდი მონაპოვარია ის, რომ ჩვენს მოსახლეობას დღეს აღარ ეშინია მთავრობის და სხვადასხვა სტრუქტურების, გვაქვს თავისუფალი მედია, სადაც თავისუფალი აზრი ისმის. ის, რომ შეიძლება ხშირად ისმოდეს მთავრობის კრიტიკა, არამც და არამც არ ნიშნავს, რომ ყველაფერი, რასაც იქიდან იგებთ, სიმართლეა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის დემოკრატიის მახასიათებელი და ჩვენ ასე უნდა გავაგრძელოთ განვითარება“, – განაცხადა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილმა გასული ოთხი წლის განმავლობაში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორმებზე ისაუბრა და განსაკუთრებით გამოყო ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სფეროები. მთავრობის მეთაურმა ყურადღება „მაღალმთიანი რეგიონების შესახებ“ კანონსაც დაუთმო.
„ჩვენ ვართ ის მთავრობა, რომელმაც მთის კანონი მიიღო და რომლითაც დიდი ყურადღება ექცევა მთიან რეგიონებში პედაგოგებს, კერძო სექტორის წარმომადგენლებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი ოპონენტები ხშირად არიან ადამიანები, რომლებმაც მთის კანონს მხარი არ დაუჭირეს და ძალიან გთხოვთ, როდესაც განსაზღვრავთ, ვის უნდა ენდოთ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, ეს აუცილებლად გაითვალისწინოთ“, – მიმართა პრემიერ-მინისტრმა წალკის მოსახლეობას.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მთავრობა ყველაფრით კმაყოფილი არ არის, თუმცა არ გადაუდგამს არც ერთი ნაბიჯი, რომელიც ქვეყნის სიყვარულით არ იყო ნაკარნახევი.
მთავრობის მეთაური, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენის შემდეგ, ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა და მათ პრობლემებს გაეცნო.

ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას მივაქცევთ თეთრიწყაროს ტურისტული პოტენციალის განვითარებას და სპეციალურად თეთრიწყაროსთვის, ტურიზმის განვითარების ნაბიჯ-ნაბიჯ გაწერილი გეგმა შეიქმნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თეთრიწყაროს მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, სადაც რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოდერძი ჩანქსელიანი წარადგინა.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, რაიონს ტურიზმის მიმართულებით უდიდესი პოტენციალი აქვს და მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ თეთრიწყარო კიდევ უფრო გალამაზდეს და საქართველოში ერთ-ერთი უმთავრესი, ყველაზე საინტერესო ტურისტული მიმართულება გახდეს.
პრემიერმა, სიტყვით გამოსვლისას, გასული პერიოდის განმავლობაში გახორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2011 წელს მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება საქართველოს პოლიტიკურ სინამდვილეში – ბიძინა ივანიშვილმა გადადგა მოქალაქეობრივი, იმ დროისთვის გმირული ნაბიჯი და ქართველ ხალხთან ერთად მნიშვნელოვანი გარდატეხა მოახდინა.
„თქვენ შეგიძლიათ შეადაროთ დღევანდელი წინასაარჩევნო კამპანია იმას, რაც ხდებოდა ოთხი წლის წინ საქართველოში. განსხვავდება, როგორც ცა და მიწა. შეგიძლიათ, შეადაროთ დღევანდელი მედიასივრცე, სატელევიზიო ახალი ამბები, რომლებიც გადმოსცემდნენ ერთსა და იმავეს, დღეს სრულიად განსხვავებული სურათია. ხშირად ისმის კრიტიკა, შეიძლება ხანდახან გულიც გვეტკინოს არაობიექტური კრიტიკის გამო, მაგრამ ეს არის ის გზა, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ. ეს არის დემოკრატიული განვითარების გზა, რომელიც ქართველმა ხალხმა დაიმსახურა იმ ბრძოლის შედეგად, რომელიც წლების განმავლობაში გასწია. ეს არის ის სახელმწიფო, რომელსაც ჩვენ ვაშენებთ, რომელიც აღარ გადადის ჩვენი მოქალაქეების ზურგებზე, ჩვენ, მათი უფლებების დარღვევით არ მივდივართ წინ. ვაშენებთ ახალ ქვეყანას, რომელიც იქნება თანამედროვე ევროპული ტიპის სახელმწიფო, რომელიც პატივს სცემს საუკეთესო ეროვნულ ქართულ ტრადიციებს და რომელსაც ჩვენი ხალხი იმსახურებს“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა ისაუბრა ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობაზე. მისი თქმით, 3 მილიარდი ლარი იხარჯება ჯანდაცვასა და სოციალურ მიმართულებაზე, რაც სახელმწიფო ბიუჯეტის თითქმის 35%-ია, ხოლო სოფლის მეურნეობას უპრეცენდენტოდ მაღალი ყურადღება ეთმობა.
პრემიერ-მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა დამწყები ბიზნესის დაფინანსების ხელშემწყობი მექანიზმის შექმნაზე და აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი, მთლიანობაში, ქვეყნის თვისობრივად შეცვლის საშუალებას იძლევა.
„მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ ის პოლიტიკური ძალა ვართ, რომელშიც ყველაზე მეტად არის შერწყმული გამოცდილება, კომპეტენცია, თანამედროვე და ამავე დროს, საუკეთესო ეროვნული ფასეულობები. ჩვენ ვართ პოლიტიკური ძალა, რომელსაც არ გააჩნია დისტანცია საკუთარ მოსახლეობასთან, რომლისთვისაც უცხო არ არის არაფერი ადამიანური. გაჭირვება ჩვენ პიროვნულად გამოგვიცდია და გაგვივლია. ჩვენ თქვენი ცხოვრებით გვიცხოვრია და ვცხოვრობთ დღესაც. სწორედ ამიტომ, სიამაყით მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ვართ პოლიტიკური ძალა, რომელსაც აქვს ამბიცია, გააერთიანოს მთელი საქართველოს საზოგადოება, დაასრულოს გათითოკაცებული საქართველო და ავაშენოთ ერთიანი, გალამაზებული, გაფერადებული, ამუშავებული, დაქოქილი და აგუგუნებული ქვეყანა. გაუმარჯოს ერთიან, ძლიერ საქართველოს“, – მიმართა პრემიერ-მინისტრმა თეთრიწყაროს მოსახლეობას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0