ჩვენ ერთხმად უნდა ვისაუბროთ და ნათლად განვაცხადოთ, რომ ევროპაში სამხედრო ინტერვენციების ადგილი არ არის

05/03/2022

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენციის (COSAC) პლენარული სესიის ფარგლებში, ევროპის მომავალსა და უკრაინასთან დაკავშირებით გამართულ დებატებში მიიღო მონაწილეობა. მაკა ბოჭორიშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ევროპის მომავლის შესახებ მსჯელობაში, ის პარტნიორებიც უნდა იყვნენ ჩართული, ვინც ისწრაფის ევროპისკენ და მათ გარეშე ევროპის მომავლის განსაზღვრა შეუძლებელი იქნება.

„მიუხედავად ჩვენს წინაშე არსებული გამოწვევებისა, საქართველო ევროპული ღირებულებების ერთგულია და ევროპულ ოჯახში დამსახურებული ადგილის დასამკვიდრებლად იბრძვის“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებმა გამოხატეს მხარდაჭერა უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვასთვის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების და მათი ევროპულ ოჯახში გაწევრიანების დაჩქარებასთან დაკავშირებით.
სიტყვით გამოსვლისას, მაკა ბოჭორიშვილმა ისაუბრა რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო ინტერვენციაზე, ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობასა და რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად დემოკრატიული სამყაროს ერთიანობის მნიშვნელობაზე.

მან ყურადღება გაამახვილა რუსეთის ფედერაციის მიერ საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევაზე, რომელიც საფრთხეს უქმნის მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას.

„ქვეყნები არ უნდა ისჯებოდნენ სუვერენული უფლებების გამო. მათ უნდა შეეძლოთ განსაზღვრონ საკუთარი აწმყო და მომავალი. დღეს ჩვენ ერთხმად უნდა ვისაუბროთ და ნათლად განვაცხადოთ, რომ ევროპაში სამხედრო ინტერვენციების ადგილი არ არის,“ – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისი თქმით, ასოცირებული სამეულის ქვეყნები – საქართველო, უკრაინა და მოლდოვა იზიარებენ ევროპულ ღირებულებებს, მხარს უჭერენ დემოკრატიას და ისწრაფიან, რათა გახდნენ ევროკავშირის განუყოფელი ნაწილი. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, უკრაინის და უკრაინელი ხალხის მიმართ მხარდაჭერა და სოლიდარობა კიდევ ერთხელ გამოხატა და შეუერთდა COSAC-ის საპრეზიდენტო ტრიოს მიერ უკრაინის მხარდასაჭერად მიღებულ საგანგებო განცხადებას. განცხადებაში ასევე დადასტურებულია საქართველოს დემოკრატიული არჩევანის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა. საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში გამართულ სხდომაში ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოსა და კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების წევრებმა ასევე, ევროკავშირის ინსტიტუტების მაღალი რანგის წარმომადგენლები მიიღეს მონაწილეობა. მაკა ბოჭორიშვილი, ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენციის (COSAC) პლენარულ სესიაში ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, საფრანგეთისა და საპრეზიდენტო ტრიოს (სლოვენია, საფრანგეთი, ჩეხეთი) სპეციალური მოწვევით მონაწილეობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0