ჩვენ ერთი თვე გვაქვს იმისთვის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების არსი მოსახლეობასთან ერთად განვიხილოთ

22/04/2024

„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონპროექტების საერთო სახალხო განხილვის პროცესი დაიწყო. ჩვენ, დღეს გქონდა პირველი შეხვედრა მოსახლეობასთან ქუთაისში. გავაგრძელებთ შეხვედრებს ამბროლაურში, ოზურგეთში, ბათუმში, ზუგდიდში, მესტიაში და შემდეგ აღმოსავლეთ საქართველოშიც. ჩვენ ერთი თვე გვაქვს იმისთვის, რომ მოსახლეობასთან ერთად განვიხილოთ ამ ცვლილებების არსი. შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო, ინტენსიური და ინტერაქტიური. ამ კანონპროექტთან დაკავშირებით ჩვენს მოქალაქეებში პოზიტიური განწყობაა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ქუთაისში, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის მოსახლეობასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, მსგავსი საკითხების კანონმდებლობით მოწესრიგება ხდება როგორც ევროპის ქვეყნებში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში.

„რაც შეეხება პრინციპულ საკითხებს, ეს გახლავთ ქართველი ხალხის ჩამოსაყალიბებელი თუ რა არის ის ჩარჩო, რომელშიც ჩვენი საზოგადოება ვითარდება. ზოგადად, უნდა ითქვას, რომ ამ საკითხების მოწესრიგება სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარეობს. 2023 წელს, ამ თემებთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა შტატში 72 კანონი მიიღეს. განსაკუთრებით ეს ეხება საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სკოლებში პროპაგანდის საკითხებს. ასევე, არსებობს შესაბამისი კანონმდებლობა ევროპულ ქვეყნებშიც. ამიტომ მიდის მსჯელობა, რა არის კარგი ჩვენი საზოგადოებისთვის. ჩვენი საზოგადოება არის ევროპული საზოგადოება, შესაბამისად, რაც კარგია ჩვენი საზოგადოებისთვის, ის კარგია ჩვენი ევროპული მომავლისთვის“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელიც საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიას ხელმძღვანელობს.

როგორც შალვა პაპუაშვილმა განმარტა, საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის მუშაობაში ჩართვაზე
შეთავაზება ყველა პოლიტიკურმა ჯგუფმა მიიღო.

„ყველა პოლიტიკური ჯგუფის მიმართ იყო შეთავაზება, რომ ჩართულიყო ამ პროცესში. კომისიაში არის „ევროპელი სოციალისტები“ წარმომადგენელი, ასევე, პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენელი, რომელიც დღეს არ ესწრებოდა შეხვედრას, თუმცა ვიცი, რომ სურვილი აქვს დაფიქსირებული სხვა შეხვედრებში მონაწილეობა მიიღოს.
რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ ჯგუფებს, ვხედავთ მათ დამოკიდებულებას, საბოლოო ჯამში, ისინი არ იღებენ მონაწილეობას იმ საკითხების განხილვაში, რაც ქართველი ხალხის ინტერესშია ერთადერთი მიზეზის გამო – როგორც ჩანს, მათ საკუთარი მფარველების ერიდებათ, რომლებიც ქვეყნის გარეთ ეგულებათ. ჩვენი ოპოზიციის მთავარი პრობლემა ის არის, რომ ისინი იყურებიან თავისი გარე მფარველებისკენ და არა ამომრჩევლისკენ. ამის გამო, 26 ოქტომბერს, ამომრჩევლები მათ პასუხს გასცემენ“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0