„ძალიან ფართოა იმ პროექტების ჩამონათვალი, სადაც OECD გვეხმარება – დაწყებული მცირე და საშუალო ბიზნესის სტრატეგიიდან, საბაჟოს რეფორმებით დამთავრებული“ – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში OECD-ის დელეგაციასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
საქართველოს მთავრობასა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) დელეგაციას შორის უწყებათაშორის შეხვედრას საქართველოს მხრიდან დიმიტრი ქუმსიშვილი, ხოლო OECD-ის მხრიდან ორგანიზაციის გენერალური მდივნის მოადგილე დუგლას ფრანცი უძღვებოდნენ. თბილისში უწყებათაშორისი შეხვედრის გამართვა, თანამშრომლობის ახალი მიმართულებების ჩამოყალიბების მიზნით, საქართველოს მთავრობას OECD-ის სამდივნომ შესთავაზა.
„ჩვენ დეტალურად გავიარეთ ყველა ის პროექტი, რომელშიც OECD არის ჩართული. ძალიან ფართოა იმ პროექტების ჩამონათვალი, სადაც OECD გვეხმარება დაწყებული მცირე და საშუალო ბიზნესის სტრატეგიიდან, დამთავრებული საბაჟოს რეფორმებით. ჩვენ ყველა მიმართულებით გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი, რაც აღინიშნა კიდეც შეხვედრაზე. ასევე მნიშვნელოვანია, რომ შევთანხმდით, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს OECD-ის ჩართულობა ჩვენი ქვეყნის დახმარებაში. ეს არის ძალიან მაღალი დონის ვიზიტი“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს მცირე და საშუალო ბიზნესზე, განათლებაზე, ინდუსტრიალიზაციაზე, მწვანე ეკონომიკაზე, საბაჟოსა და ვაჭრობის მხარდაჭერაზე.
„პრაქტიკულად, ყველა მიმართულებაზე ვისაუბრეთ. შევთანხმდით, რომ უნდა გაკეთდეს კომპლექსური შეფასება, თუ სად იმყოფება დღეს ქვეყანა იმისთვის, რომ ნათლად დავინახოთ, რა ქმედებებია განსახორცილებელი, რათა ძალიან სწრაფად, ნაკლები დანაკარგებით და მეტი სარგებლით მივიდეთ OECD-ის ქვეყნების დონემდე“ – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ჩვენ დეტალურად გავიარეთ ყველა ის პროექტი, რომელშიც OECD არის ჩართული
30/06/2016