„დღეს თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ ჩვენ დავნერგეთ შრომის უსაფრთხოების კულტურა საქართველოში“, – ამ სიტყვებით გახსნა შრომის ინპექციის 5 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტმა ეკატერინე ტიკარაძემ.
სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის 5 წლის ანგარიშის პრეზენტაცია დღეს გაიმართა. დეპარტამენტის მუშაობის შედეგად, მკვეთრად გაუმჯობესდა სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოების ზომები.
„2019 წელს, 2018 წელთან შედარებით, უბედური შემთხვევების რაოდენობა 24 %-ით, ხოლო 2020 წლის პირველ ნახევარში, 2019 წლის იგივე პერიოდთან შედარებით, 35%-ით არის შემცირებული. ეს ძალიან შთამბეჭდავი რიცხვია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევძლოთ და შევქმნათ უსაფრთხო გარემო ჩვენი მოქალაქეებისთვის რათა დაცული იყოს არა მხოლოდ მათი ჯანმრთელობა, არამედ სიცოცხლეც. ყოველივე ამით ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს ევროპული ოჯახისკენ და მე დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული მოქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველო იყოს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი და ეს აისახებოდეს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე.“ – განცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვა 2015 წელს დაიწყო. შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი სწორედ ამ დროს შეიქმნა. 2015 წლიდან 2018 წლამდე იყო გარდამავალი პერიოდი, როდესაც დეპარტამენტს მიეცა შესაძლებლობა ჩამოყალიბებულიყო, როგორც ძლიერი მაკონტროლებელი ორგანო, ხოლო ბიზნესს მიეცა მოსამზადებელი პერიოდი, რათა გაცნობოდნენ და დაეცვათ შრომის უსაფრთხოების თანამედროვე მოთხოვნები.
2018 წლის მარტში მიღებულ იქნა კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ, რომელიც 1 აგვისტოდან ამოქმედდა და შრომის ინსპექცია გადავიდა შრომის უსაფრთხოების ნორმების კონტროლის სრულიად ახალ ეტაპზე. 2019 წლის 1 სექტემბრიდან კანონი გავრცელდა ყველა ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ ობიექტებზე და დაიწყო ყველა სფეროს აქტიური კონტროლი შრომის უსაფრთხოების ნორმების შესრულებაზე, რომელიც დღემდე უწყვეტად მიმდინარეობს.
„2015 წლის შემდეგ გადაიდგა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომლის უკანაც ძალიან დიდი შრომა დგას – როგორც აღსრულების კუთხით, ასევე საკანონმდებლო კუთხით. მადლობას ვუხდი პარლამენტარებს, დეპუტატებს, რომლებმაც ამ მიმართულებით დიდი შრომა გაწიეს, მადლობა პარტნიორ ორგანიზაციებს და შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ყველა თანამშრომელს, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში ძალიან მნიშვნელოვან საქმიანობას აწარმოებდნენ ამ 5 წლის მანძილზე. დარწმუნებული ვარ, რომ მათი საქმიანობა მომავალში ბევრად უფრო ეფექტური და დაფასებული იქნება.“ – განაცხადა ეკატერიონე ტიკარაძემ
ბოლო პერიოდში, მსოფლიოში მიმდინარე პანდემიური პროცესების ფონზე, მკვეთრად გაიზარდა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის როლი. საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც მოახერხა სექტორულ დონეზე, კონკრეტული საფრთხეების იდენტიფიცირებისა და რისკების შეფასების საფუძველზე შეემუშავებინა რეკომენდაციები. ქვეყანაში ეკონომიკური საქმიანობების აღდგენის პროცესის ეფექტურად მართვის მიზნით, დეპარტამენტის მიერ შემუშავებულ იქნა 33 რეკომენდაცია სექტორულ დონეზე. აღნიშნული რეკომენდაციების აღსრულების პროცესში, სწორედ შრომის ინსპექციას დაევალა სხვა სახელმწიფო უწყებების კოორდინება და ინსპექტირების პროცესის მართვა მთელი საქართველოს მასშტაბით.
გარკვეული ბიზნეს სუბიექტების საქმიანობის აღდგენა, როგორიცაა სამშენებლო კომპანიები, სასტუმროები, სტომატოლოგიური, პროფესიული და უმაღლესი სასწვალო დაწესებულებები, ფიტნესები და აუზები, შესაძლებელი იყო მხოლოდ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგნელების შემოწმებისა და დადებითი დასკვნის გაცემის შედეგად.
კორონავირუსის პრევენციისთვის განსაზღვრული რეკომენდაციების დაცვის მიზნით, უკვე განხორციელდა 13 300 მდე ინსპექტირება, მთელი ქვეყნის მასშტაბით. ინსპექტირება ხორციელდება როგორც გეგმიურად, ასევე არაგეგმიურად.
შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ განხორციელებული ინსპექტირების რაოდენობა 2015-2019 წლების მიხედვით:
• 2015 წელი – 142 ინსპექტირება, მათ შორის, 118 სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ნებაყოფლობითი სარეკომენდაციო ხასიათის შემოწმება. 24 – იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის პრევენციის მიზნით.
• 2016 წელი – 287 ინსპექტირება, მათ შორის, 188 სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ნებაყოფლობითი სარეკომენდაციო ხასიათის შემოწმება. 99 – იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის პრევენციის მიზნით.
• 2017 წელი – 392 ინსპექტირება, მათ შორის, 279 სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ნებაყოფლობითი სარეკომენდაციო ხასიათის შემოწმება. 113 – იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის პრევენციის მიზნით.
• 2018 წელი – მიღებულ იქნა და 1 აგვისტოდან ამოქმედდა კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ – 465 ინსპექტირება, მათ შორის, 224 სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ნებაყოფლობითი სარეკომენდაციო ხასიათის შემოწმება. 154 – იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის პრევენციის მიზნით. 87 – შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონი.
• 2019 წელი – 1 სექტემბრიდან კანონი გავრცელდა ყველა ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ ობიექტებზე – განხორციელდა 1541 ინსპექტირება, მათ შორის, 150 სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ნებაყოფლობითი სარეკომენდაციო ხასიათის შემოწმება. 127 – იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის პრევენციის მიზნით. 1264 – შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონი.
2019 წელს, შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის მიხედვით აღმოჩენილი შეუსაბამობებისთვის მეწარმეებს სახდელის ზომად განესაზღვრათ გაფრთხილება. გაფრთხილება გულისხმობს დამსაქმებლისთვის გონივრული ვადის მიცემას, რომლის ოდენობის განსაზღვრა ხდება დამსაქმებელთან შეთანხმებით, არსებული დარღვევის სიმძიმიდან გამომდინარე. განმეორებითი ინსპექტირების შედეგად დაფიქსირდა, რომ 127-მა საწარმომ სრულად გამოასწორა დარღვევები, ხოლო 202 საწარმო შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევისთვის დაჯარიმდა 200-დან 14 000 ლარის ფარგლებში.
2 კალენდარული წლის განმავლობაში კრიტიკული დარღვევისთვის 2 საწარმო დაჯარიმდა 50 000 ლარის ოდენობით. ზედამხედველი ორგანოსთვის ხელის შეშლის გამო 7 საწარმო დაჯარიმდა 4000 – 14 000 ლარის ფარგლებში. მომეტებული საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი საქმიანობის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში დაურეგისტრირებლობისთვის 28 საწარმოს ადმინისტრაციული სახდელის ზომად განესაზღვრა 1000 ლარი. სამუშაო პროცესის შეჩერების გადაწყვეტილების დამტკიცების თაობაზე სასამართლოს მიემართა 117-ჯერ, რომელთაგან 92 ობიექტს, სამუშაო პროცესი შეუჩერდა, უსაფრთხოების ნორმების კრიტიკული დარღვევის გამო, მათგან 20-ს ობიექტზე მომხდარი საწარმოო უბედური შემთხვევის გამო, ხოლო დანარჩენზე განხორციელდა ინსპექტირება.
ღონისძიება „ერთი თვე სამინისტროსთან ერთად“ კამპანიის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც მთავრობის წარმომადგენლები, პარტნიორი ორგანიზაციები და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.