ჩვენ გვაქვს არაერთი მნიშვნელოვანი ერთობლივი სტრატეგიული პროექტი

16/03/2024

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს:

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი: “უპირველეს ყოვლისა, ბატონო პრემიერ-მინისტრო, მთელი გულით გილოცავთ და მოგესალმებით აზერბაიჯანში. ძალიან მიხარია, რომ თქვენი პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შემდეგ მყისიერად გადაწყვიტეთ აზერბაიჯანში ჩამოსვლა და მადლობას გიხდით ამისთვის. გილოცავთ პრემიერ-მინისტრად დანიშვნას. ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ ვიზიტს. ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ პირისპირ შეხვედრაზე ორი დამოუკიდებელი ერის ლიდერებმა. ჩვენ ერთმანეთის გვერდით ვდგავართ, ვართ მეგობარი, მოძმე ქვეყნები. ძალიან დიდი ფესვები აქვს ჩვენს მეგობრობას, ჩვენი ხალხის მეგობრულ და კეთილგანწყობილ ატმოსფეროში ცხოვრებას. ასეთ მყარ საფუძველზე აიგო და აშენდა ჩვენს სახელმწიფოებს შორის ურთიერთობა. დღეს ორივე ერი ერთობლივი ძალისხმევით არამარტო უზრუნველყოფენ ეკონომიკურ დამოუკიდებლობას, არამედ რეგიონისა და, ზოგადად, ევრო-აზიური კონტინენტისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნები ხდებიან როგორც საქართველო, ასევე აზერბაიჯანი. ჩვენ ვახორციელებთ ერთობლივ პროექტებს ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროში. ეს ყველაფერი ძალიან კრიტიკული მნიშვნელობის არის ბევრი ქვეყნისთვის. ყოველივე ამის შემდეგ დამატებით ნაბიჯებსაც გადავდგამთ ამ მიმართულებებით, განსაკუთრებით ტრანსპორტირების სფეროში ახალი ინფრასტრუქტურული ინიციატივები იქნება გარდაუვალი ბევრი ქვეყნის დაკავშირებადობის უნარისთვის, განსაკუთრებით ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზისა და მისი გავრცობის საშუალებით. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიღწევა. ჩვენ გავზარდეთ მისი წარმადობა 1-დან 5 მლრდ ტონამდე. ეს პროექტი ორ თვეში დასრულდება. როგორც ვახსენე, ამ რკინიგზის ოპერირება იქნება ბევრი ქვეყნისთვის მიმზიდველი და საინტერესო. ამ თვიდან დაწყებული ჩვენ შეხვედრები გვექნება სამხრეთის ბუნებრივი აირის საკონსულტაციო ჯგუფებთან და საქართველოს მაღალი დონის დელეგაციები იქნებიან ჩართული აღნიშნულ პროცესში. ყველა მონაწილე ხედავს, რომ აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი არიან ამ პროექტების ინიციატორები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობენ აზერბაიჯანის ბუნებრივი აირის მიწოდებაზე საქართველოს გავლით. ზოგადად, ძალიან ბევრი ქვეყანა, რომლებიც ყიდულობენ ბუნებრივ აირს აზერბაიჯანიდან, ეს არის 8 ქვეყანა, მაგრამ ეს არ არის ჩვენი ლიმიტი. აღნიშნული რიცხვი ქვეყნებისა და აზერბაიჯანის ენერგორესურსების მომხმარებელ ქვეყანათა რაოდენობა გაიზრდება. ჩვენ კარგად ვიცით საერთაშორისო ენერგეტიკული ბაზრის სპეციფიკური ნიუანსები და ვაცნობიერებთ იმას, რომ მოთხოვნა დიდია აზერბაიჯანულ ბუნებრივ აირზე და კიდევ უფრო გაიზრდება ევროპის კონტინენტზე. გვაქვს რესურსები, ფინანსური რესურსიც, ინვესტიციების საშუალებაც, გვყავს სანდო მეგობრები საქართველოს სახით, სატრანზიტო შესაძლებლობები გაგვაჩნია ძალიან ფართო და ამიტომ ჩვენი შესაძლებლობა იმის საშუალებას მისცემს ბევრ ქვეყანას, რომ მომდევნო წლებში სანდო ენერგეტიკული რესურსი მიიღონ საქართველოსა და აზერბაიჯანის ერთობლივი ძალისხმევით. რა თქმა უნდა, ახალ პროექტებზეც ვმუშაობთ. ერთ-ერთი მათგანი არის მწვანე ენერგეტიკის პროექტი და აქაც საქართველო და აზერბაიჯანი სხვა ქვეყნებთან ერთად ჩართულნი არიან ძალიან მასშტაბურ პროექტებში. მიმაჩნია, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის, ბაქო-თბილისი-ერზრუმის სამხრეთული ბუნებრივი აირის და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზები არის წარმატებული პროექტების მაგალითები და მომავალშიც ასეთი სცენარით განვითარდება ენერგეტიკული პროექტები. ეს იქნება მაგალითი ბევრი სხვა ქვეყნისთვის, ეს იქნება ჩვენი წარმატებული პროექტების მაგალითი მომავალშიც და ერთად ჩვენ უშველებელი მომავალი გვაქვს, აზერბაიჯანს და საქართველოს ძალიან მდიდარი განახლებადი ენერგორესურსები გააჩნია. ამ ეტაპზე ტარდება ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები და წლის ბოლოსთვის დავასრულებთ ამ პროცესს. ამის შემდეგ დავიწყებთ პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმას. არგუმენტირებული რეფორმები, სტაბილურობა, რაც ქვეყანაში არსებობს – ვგულისხმობ საქართველოს, არის დიდი აქტივი, განსაკუთრებით არსებული გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით და მინდა, მივულოცო ჩვენს ქართველ ძმებს ყველა ეს წარმატებული მიღწევა. ჩვენი ვაჭრობის, სავაჭრო ბრუნვის, 900 მლნ დოლარის მოცულობის მაჩვენებელიც ამის დასტურია, რომელიც 15 %-ით გაიზარდა. ეს რეფორმები არის კარგად გათვლილი, კარგად დასაბუთებული იმისათვის, რომ საინვესტიციო გარემო გაუმჯობესდეს და კლიმატი ჩვენი ინვესტორებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს. 4 მლრდ დოლარის ინვესტიცია არ არის ცოტა. ერთ-ერთი პირველი მიზანი და მიზეზი ამისა არის შესანიშნავი საინვესტიციო კლიმატი, რაც საქართველოში არსებობს. გარდა ამისა, კიდევ ერთხელ დავუდასტურეთ ერთმანეთს მხარდაჭერა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართულებით და მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო საჯაროდ – ყოველთვის და მუდამ ვიქნებით საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, საზღვრების დაცულობის მხარდამჭერნი. წლების განმავლობაში უმნიშვნელოვანესი განცხადებები გავაკეთეთ, საერთაშორისო ორგანიზაციებშიც მხარი გვაქვს ერთმანეთისთვის დაჭერილი და ამას გავაგრძელებთ. არცერთი ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორია არ შეიძლება იქნას შეცვლილი, საერთაშორისო სამართლის ნორმები უნდა იყოს ყველასთვის ერთი და დისკრიმინაცია არ უნდა ხორციელდებოდეს. აზერბაიჯანი წლების განმავლობაში იყო ოკუპირებული და შეძლო თავისი ტერიტორიების დახსნა და კარგად ვიცით, რომ საერთაშორისო სამართალი ხანდახან შეიძლება იყოს ძალით უზრუნველყოფილი, ეს არის ლეგიტიმური ალტერნატივა გაეროს ქარტიის კონტექსტში, რომელიც გულისხმობს, რომ ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია თავდაცვის მიზნით გამოიყენოს ეს უფლება, თავისი ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის აზერბაიჯანში ვიზიტი არის ძალიან დიდი მნიშვნელობის; მეზობელი, მეგობარი ქვეყნის მთავრობის მეთაურის ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამ შესავლის შემდეგ ჩვენი ურთიერთობა დიდ მეგობრობაში გადაიზრდება, ვინაიდან ხალხს გააჩნია მეგობრული ურთიერთობა, დელეგაციებს ერთად უმუშავიათ ბევრი წლის განმავლობაში და უკვე მეგობრებად იქცნენ. მხარდამხარ ჩვენ, ორი მეგობრული და მოძმე ქვეყანა, ერთად ვივლით წინ და ყველა საკითხს ერთად გადავჭრით. კიდევ ერთხელ მოგესალმებით ბატონო პრემიერო აზერბაიჯანში”.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე: “მოგესალმებით, უღრმესი მადლობა, თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო, მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, მივესალმები მედიის წარმომადგენლებს. ჩემთვის დიდი პატივია, რომ პრემიერ-მინისტრის რანგში პირველად ვიმყოფები აზერბაიჯანის რესპუბლიკაში. მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის ის, რომ ამ პოზიციის დაკავებიდან მალევე შემდგარიყო ეს ვიზიტი აზერბაიჯანში და მე მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ალიევს გულთბილი მასპინძლობისთვის. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ამისათვის. თქვენ ბრძანეთ, რომ ჩვენს ქვეყნებს, ხალხებს აკავშირებთ მრავალსაუკუნოვანი ისტორიული მეგობრობა და, რა თქმა უნდა, ეს არის ის მყარი საფუძველი, რომელიც საფუძვლად უდევს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას ჩვენს ორ სახელმწიფოს შორის და დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ჩვენი ურთიერთობები სწორედ ამ სულისკვეთებით გაგრძელდება. დღეისათვის გვაქვს ძალიან მაღალი დონე როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური თანამშრომლობის და ძალიან კარგი დინამიკა ამ ურთიერთობებში. ჩვენთვის მთავარია, რომ შევინარჩუნოთ ეს დინამიკა, კიდევ უფრო გავაღრმაოთ ურთიერთობები, თანამშრომლობა ჩვენს ქვეყნებს შორის. კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს პოლიტიკური პარტნიორობის მნიშვნელობას. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო აზერბაიჯანს, პრეზიდენტ ალიევს ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ძალიან მყარი მხარდაჭერისთვის, ამ მხარდაჭერის კიდევ ერთხელ გამოხატვისთვის დღევანდელ დღეს. საქართველო ყოველთვის იყო აზერბაიჯანის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ძალიან მყარი მხარდამჭერი. ჩვენ გვქონდა ძალიან სასიამოვნო საუბარი, ნაყოფიერი შეხვედრა. განვიხილეთ სხვადასხვა საკითხი, რაც დაკავშირებულია ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებასთან. ასევე გვქონდა საუბარი გლობალურ პოლიტიკურ და რეგიონში მიმდინარე პროცესებზე. რა თქმა უნდა, ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანია პარტნიორობა, თანამშრომლობა თქვენს ორ ქვეყანას შორის. მშვიდობა და სტაბილურობა არის ის, რასაც სჭირდება განსაკუთრებული ყურადღება. ჩვენი ქვეყნის დამოკიდებულება ყოველთვის იყო ასეთი. ყოველთვის ვცდილობდით მაქსიმალური წვლილი შეგვეტანა ჩვენს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში და, რა თქმა უნდა, მომავალშიც ამ მიდგომით გავაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას. ჩვენ გვაქვს არაერთი მნიშვნელოვანი ერთობლივი სტრატეგიული პროექტი, რაც ეკონომიკური კუთხითაც სტრატეგიულად აკავშირებს ჩვენს ორ ქვეყანას. არის მასშტაბური, მეგაპროექტები, რომლებიც უკვე განხორციელდა და მნიშვნელოვანი გეგმები ამ მიმართულებით. ჩვენ დღეს საუბრის დროს შევეხეთ სხვადასხვა პროექტს, რომლებიც ერთობლივი ძალისხმევით შეიძლება განხორციელდეს და ყველა მიმართულებით არის თანამშრომლობის განვითარების სერიოზული პერსპექტივა. ჩვენ გვაქვს არაჩვეულებრივი, მაღალი დონის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. აზერბაიჯანი არის საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ხუთეულში მოცულობის თვალსაზრისით და, რა თქმა უნდა, ამ კუთხითაც მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად განვითარება. სატრანსპორტო სფეროში, ენერგეტიკულ სფეროში არის თანამშრომლობის განვითარების დიდი პერსპექტივა, რაზეც ბატონმა პრეზიდენტმაც ისაუბრა. ძალიან მნიშვნელოვანია, მაღალ დონეზე გაგრძელდეს ურთიერთობა. მაღალი დონის ვიზიტები, შეხვედრები არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რომ კიდევ უფრო მეტად გავაღრმაოთ ჩვენი პარტნიორობა და თანამშრომლობა. ჩვენი მხრიდან ამ თანამშრომლობისთვის მაქსიმუმი გაკეთდება. მე მაქვს იმედი, რომ ბატონი პრეზიდენტი მალე შეძლებს, გვეწვიოს საქართველოში. მე მას ოფიციალურად გავუზიარე ეს მოწვევა და გვაქვს იმედი, რომ ის მალე გვესტუმრება ჩვენს ქვეყანაში და, რა თქმა უნდა, აღნიშნული ვიზიტიც იქნება ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად განვითარებას. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ჩვენ გვაქვს პარტნიორობისა და ურთიერთობების არაჩვეულებრივი დონე, თუმცა ყოველთვის არსებობს, რა თქმა უნდა, სივრცე ურთიერთობების განვითარებისთვის და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად გაღრმავდეს პარტნიორობა, მეგობრობა, თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის. ბატონო პრეზიდენტო, კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ გულთბილი მიღებისთვის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0