ჩვენ გავაგრძელებთ შესაბამისი რეფორმებისა და პროექტების განხორციელებას უკეთესი მომავლის მშენებლობისთვის

04/05/2024

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიური შეხვედრის ოფიციალურ გახსნაზე სიტყვით გამოვიდა.
“ქალბატონებო და ბატონებო, მოხარული ვარ, რომ დღეს მასპინძლის რანგში მოგმართავთ აზიის განვითარების ბანკის რიგით 57-ე ყოველწლიურ შეხვედრაზე. პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ასაკავას გამოცხადებული ნდობისთვის და ასევე გამოვხატო მადლიერება აზიის განვითარების ბანკის გუნდის მიმართ, რომელმაც ღირებული დახმარება გაგვიწია ამ ღირსშესანიშნავი ღონისძიების ორგანიზებაში. დღევანდელი შეხვედრის ძირითადი მოტივია „ხიდი მომავლისკენ”, რაც საჭირო პლატფორმას გვთავაზობს ეკონომიკური განვითარების ტენდენციების, ჩვენი საერთო მიზნებისა და სამომავლო გეგმების, ასევე რეგიონული თუ გლობალური კრიზისების დაძლევის პერსპექტივების განსახილველად. ამავე დროს ეს ფრაზა საუკეთესოდ ასახავს საქართველოს კურსს – ჩვენი გადაწყვეტილებებით და ნაბიჯით ვქმნით უფრო განვითარებულ, ეკონომიკურად ძლიერ, უსაფრთხო და დაცულ მომავალს შემდგომი თაობებისთვის. ამ ხედვას აძლიერებს ჩვენი სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა, რომელიც საქართველოს ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელ ხიდად აქცევს. ჩვენი უნიკალური მდებარეობა გვაძლევს საშუალებას, ერთდროულად ვიყოთ ევროპის ნაწილი და ამავე დროს ღირსეულად ვატარებდეთ ისტორიული აბრეშუმის გზის ერთ-ერთი მემკვიდრის სტატუსს. მოგეხსენებათ, ჩვენი სტრატეგიული სატრანსპორტო დერეფნებით უმნიშვნელოვანეს როლს ვასრულებთ ე.წ. შუა დერეფნის ფუნქციონირებაში, რომელიც სხვა მარშრუტების სტაბილურ, უსაფრთხო და საიმედო ალტერნატივად ჩამოყალიბდა. ჩვენ გავაგრძელებთ აზიური ბიზნესისა და ინვესტორებისთვის საუკეთესო ბიზნესგარემოს შეთავაზებას და რეგიონში მათი გაფართოების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. მინდა სიამაყით აღვნიშნო, რომ ჩვენ ვქმნით შესაძლებლობებს როგორც საქართველოსთვის, ასევე სრულიად რეგიონისთვის და ამ პროცესში ჩვენი ამოსავალი წერტილი ყოველთვის ქართველი ხალხი და მისი კეთილდღეობაა. ამ კონტექსტში ჩვენი უმნიშვნელოვანესი მიღწევაა ის, რომ არსებული გამოწვევების მიუხედავად, ჩვენ შევძელით ფისკალური და მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება: პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველოში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, სამი წლის საშუალო მაჩვენებელმა კი 9,7% შეადგინა. ჩვენ ვაგრძელებთ ეკონომიკური ზრდის იმპულსის შენარჩუნებას მიმდინარე წელსაც – 2024 წლის პირველ კვარტალში ზრდამ 7,8% შეადგინა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ინფლაცია ბოლო ერთი წლის განმავლობაში 3%-ზე ნაკლებია, ხოლო ბოლო სამი კვარტლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი 1%-ს არ აღემატება. აღსანიშნავია ისიც, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) და საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Mოოდყ’ს ქართული ეკონომიკის ზრდასთან დაკავშირებით პოზიტიურ პროგნოზებს აკეთებენ. სწორად დაგეგმილი პოლიტიკით ვაგრძელებთ საქართველოს პოზიციების გაუმჯობესებას საერთაშორისო რეიტინგებშიც, რაც უფრო მეტ ინსტიტუციურ თუ კერძო ინვესტორს იზიდავს ქვეყანაში. მაგალითად, ამერიკის კვლევითი და საგანმანათლებლო ინსტიტუტის „Heritage Foundation-ის” მიერ გამოქვეყნებულ ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველომ წელს ევროპაში მე-19 ადგილი დაიკავა. სარეიტინგო სააგენტო „Fitch”-მა დაადასტურა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB” დონეზე. რეიტინგის პერსპექტივა კვლავ პოზიტიურია, რაც ასახავს ეკონომიკურ ზრდას, ინფლაციის ვარდნასთან და საგარეო პოზიციის გაუმჯობესებასთან ერთად. საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2030 წლამდე პერიოდის მსოფლიო ეკონომიკის გრძელვადიანი პროგნოზების მიხედვით, საქართველო ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის დეკადური ზრდის პროგნოზის მიხედვით, მსოფლიოს საუკეთესო სამეულში მოხვდა. ეს შედეგები მიღწეულ იქნა მთავრობის დიდი ძალისხმევის შედეგად, რომელიც მშვიდობის უზრუნველყოფით და სწორად დაგეგმილი ინსტიტუციური რეფორმებით მიზნად ისახავს შემდგომ ეკონომიკურ ზრდას, ქვეყანაში სიღარიბის სრულად აღმოფხვრას და მოსახლეობის კეთილდღეობის ხარისხის გაუმჯობესებას. ამ მხრივ უნდა აღინიშნოს, რომ მთავრობის დღის წესრიგში მთავარი პრიორიტეტი არის დაკავშირებადობა. ჩვენ ვაგრძელებთ ინვესტირებას საქართველოს მრავალგანზომილებიან რეგიონულ ჰაბად გარდაქმნაში, რათა სრულად ავითვისოთ ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობის პოტენციალი. მიმდინარე რეგიონული კრიზისების ფონზე, ენერგიისა და სავაჭრო სატრანსპორტო ალტერნატიული მარშრუტები გადამწყვეტია საერთაშორისო სტაბილურობის, ენერგეტიკისა და სურსათის უსაფრთხოებისთვის. ამის გათვალისწინებით ჩვენ ველით უფრო მჭიდრო ჩართულობას ჩვენი პარტნიორების მხრიდან, რათა წინ წავიწიოთ ისეთი საკვანძო სტრატეგიული პროექტების მიმართულებით, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტრო და ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელები, შავ ზღვაში საბორნე მიმოსვლის სერვისები. საქართველოს კონკურენტუნარიანობის მხარდასაჭერად ქვეყნის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ინფრასტრუქტურის გაძლიერებაც – ჩვენ ინტენსიურად ვაშენებთ აღმოსავლეთ-დასავლეთ და სამხრეთ-ჩრდილოეთის საავტომობილო ინფრასტრუქტურას, რაც საქართველოს სატრანზიტო ფუნქციას კიდევ უფრო გააძლიერებს. ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის პროექტები. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გათვალისწინებულია ყოვლისმომცველი რეფორმის პროგრამა ქვეყნის სარკინიგზო სექტორისთვის, რაც გადამწყვეტია საჯარო კორპორაციების რეფორმის წარმატებით განხორციელებისთვის. ეს ძალისხმევა ემსახურება საქართველოს განვითარებას და ამ საპასუხისმგებლო საქმეში კარგად ვაცნობიერებთ, რომ თანამედროვე, გლობალურად დაკავშირებულ მსოფლიოში ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერება პარტნიორების გარეშე შეუძლებელია. მინდა მადლობა გადავუხადო აზიის განვითარების ბანკს საქართველოს აქტიური მხარდაჭერისთვის და მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობისთვის. ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ მრავალფეროვანი პორტფელი ჩამოგვიყალიბდა როგორც სუვერენულ, ისე კერძო სექტორში. ჯამურად 4.5 მილიარდი აშშ დოლარი მიიმართება ისეთი მნიშვნელოვანი სექტორების და პროექტების დაფინანსებაზე, როგორებიცაა ჩქაროსნული მაგისტრალები, ელექტროგადამცემი ხაზები, სხვადასხვა მუნიციპალური ინფრასტრუქტურა, განათლება, ჯანდაცვა და სოფლის მეურნეობა. სიამაყით მინდა აღვნიშნო ისიც, რომ ჩვენი ქვეყანა აზიის განვითარების ბანკს 2007 წელს შეუერთდა, როგორც აზიის განვითარების ფონდის ბენეფიციარი. დღეს კი საქართველოს აღნიშნულ ფონდში უკვე დონორი ქვეყნის სტატუსი აქვს. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენს მიზანდასახულობას და საქართველოს განვითარების შეუქცევადობას. მეგობრებო, ჩვენი მიზანია, გაგრძელდეს ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის გაძლიერება და სრულად იქნეს საქართველოს პოტენციალი გამოყენებული, რათა ის გახდეს მთავარი ფინანსური, ეკონომიკური და კომერციული ცენტრი, ისევე როგორც ლოგისტიკის, ტექნოლოგიების, განათლებისა და სერვისების ჰაბი შავი ზღვის რეგიონში. ამდენად, ჩვენი ხედვა და ძალისხმევა, შევქმნათ მშვიდობიანი, უსაფრთხო და უზრუნველყოფილი მომავალი ჩვენი შვილებისთვის, ურყევია. ჩვენ გავაგრძელებთ შესაბამისი რეფორმებისა და პროექტების განხორციელებას უკეთესი მომავლის მშენებლობისთვის და ამ პროცესში აზიის განვითარების ბანკის უწყვეტი მხარდაჭერის იმედი გვაქვს. დიდი მადლობა!”

Tweet about this on TwitterShare on Facebook0