ჩვენ გადავდივართ უწყვეტ საპროტესტო აქციებზე

14/11/2019

საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ირმა ინაშვილმა დღეს პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასა და ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საქართველოს პატრიოტთა ალიანსის და მისი საპარლამენტო ფრაქციის სახელით, განცხადება გააკეთა პარტიის უწყვეტ საპროტესტო აქციებზე გადასვლასთან დაკავშირებით.

„ამ ვითარებაში ჩვენ გადავდივართ უწყვეტ საპროტესტო აქციებზე. პირველი აქცია ჩატარდება კვირას რესპუბლიკის მოედანზე. მოვუწოდებ ყველას, პირველ რიგში ჩვენს მხარდამჭერებს, ჩვენ მშვიდად, ჭკვიანურად, ბრძნულად, უნდა ვიმოქმედოთ, უნდა მოვიკრიბოთ ძალები, უნდა გავერთიანდეთ, უნდა გამოვაცხადოთ მაქსიმალური მობილიზაცია. ამასთან, მე მინდა სხვა პარტიების მხარდამჭერებსაც მივმართო, რომ განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა შემოუერთდნენ ამ აქციას“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

მისი თქმით, აქციების პირველი და მთავარი მოთხოვნა იქნება „ქართულმა ოცნებამ“ დატოვოს ხელისუფლება. მან პოლიტიკოსებს, ყველასათვის – მთელი პოლიტიკური სპექტრისთვის მისაღებ ერთიან სამოქმედო სქემაზე ჩამოყალიბებისკენ მოუწოდა.

ირმა ინაშვილმა პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა: „ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ იმას, თუ რა კრიზისი და პროცესი ვითარდება ქვეყანაში, მოსახლეობას კარგად ესმის, რომ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებს ყველა ხელისუფლება საქართველოში იყენებდა არჩევნების გასაყალბებლად, და ხელისუფლების მისატაცებლად და გამონაკლისი არ არის არც „ქართული ოცნება“. მაგრამ შექმნილ კრიზისულ ვითარებაშიც კი უმრავლესობას შეუძლია ვითარების გამოსწორება, შეუძლია მცირედი ცვლილება განახორციელოს ჩავარდნილ კანონპროექტში და თავიდან შემოიტანოს პარლამენტში ამ მცირედი ცვლილებით“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

იმ შემთხვევში კი, თუ უმრავლესობა ამ ნაბიჯს არ გადადგამს, ირმა ინაშვილის განცხადებით, კანონმდებლობა იძლევა უფლებას და ხვალ პარლამენტში თავად შეიტანენ იგივე კანონპროექტს მცირედი ცვლილებით.

„ჩვენი მოთხოვნა არის აბსოლუტურად სამართლიანი და ლეგიტიმური. ჩვენ ამ ქვეყანაში ვითხოვთ სამართლიან არჩევნებს და დღევანდელი გადაწყვეტილებით ქართულმა ოცნებამ წაართვა ქართველ ხალხს სამართლიანი არჩევნების უფლება, რასაც ჩვენ ვერ დავუშვებთ. ყველამ უნდა გააცნობიეროს და, პირველ რიგში, „ქართული ოცნების“ უმრავლესობაში დარჩენილმა დეპუტატებმა, რომ ეს აქციები ასე აღარ დამთავრდება. ეს აქციები დამთავრდება იმით, რომ გადადგება „ქართული ოცნების“ ხელისუფლება. ჩვენ გადავაყენებთ მას ქართველ ხალხთან ერთად. ამასთან კარგად უნდა ესმოდეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ელიტას და პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომ პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხს ვერავინ ვერ გაექცევა უკვე და შექმნილ კრიზისზე პასუხისმგებლობასაც ვერ ასცდება“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0