ჩვენ აღვმართავთ დროშას იმისთვის, რომ ყველამ დაინახოს თავისუფალი ხალხისგან შემდგარი თავისუფალი ქვეყანა

14/01/2016

ჩვენ აღვმართავთ დროშას იმისთვის, რომ ყველამ დაინახოს თავისუფალი ხალხისგან შემდგარი თავისუფალი ქვეყანა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, სახელმწიფო დროშა არის ისტორიული სიმბოლიკის და ისტორიული გმირობის მატარებელი.
“ჩვენი დროშა არის ისტორიული სიმბოლიკის და ისტორიული გმირობის მატარებელი, მაგრამ არა მხოლოდ წარსულისკენაა მიმართული ჩვენი დროშა, არამედ მიმართულია მომავლისკენ, რადგანაც როდესაც ჩვენ ამ უმნიშვნელოვანეს სახელმწიფო სიმბოლოს ირგვლივ ვერთიანდებით, ყველა ვფიქრობთ იმ გამარჯვებებზე, რომელსაც ჩვენ მომავალში მოვიმკით. ყველა ვფიქრობთ იმ წარმატებებზე, რომელიც ჩვენს მრავალსაუკუნოვან ერს უწერია. ჩვენ უბრალოდ აბსტრაქტულად კი არ ვცემთ პატივს სახელმწიფოებრივ სიმბოლოებს, ან სახელმწიფოებრივ ინსტიტუტებს, არამედ ნათლად ვხედავთ, რომ ეს არის ინსტრუმენტები მთავარი მიზნების განსახორციელებად, ჩვენი ქვეყნის გასაძლიერებლად, ჩვენი სახელმწიფოებრივი მიზნების მისაღწევად”, – განაცხადა მარგველაშვილმა.
პრეზიდენტის განცხადებით, დროშას აღმართავენ მაშინ, როდესაც სულს თავისუფლება სწყურია.
“დროშას აღმართავენ ყველაზე მაღლა იმისთვის, რომ ყველამ დაინახოს, იმისთვის, რომ ყველამ იმაყოს და დღეს როდესაც ჩვენ ამ დროშას აღვმართავთ ჩვენ ვზეიმობთ ჩვენს დამოუკიდებლობას და თავისუფლებას. ჩვენ აღვმართავთ ამ დროშას იმისთვის, რომ ყველამ დაინახოს თავისუფალი ხალხისგან შემდგარი თავისუფალი ქვეყანა, მეტიც, მზად ვართ დავიცვათ ეს თავისუფლება”, – განაცხადა მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზედენტმა დროშის ირგვლივ გაერთიანებულ საქართველოს ყველა მოქალაქეს დროშის დღე მიულოცა.
“გილოცავთ, იმ მომავალ გამარჯვებებს, რომელსაც ჩვენ ერთად მივაღწევთ. ჩვენ ერთი წარსული გვაქვს, ერთი ქვეყანა გვაქვს და გვაქვს ამ ქვეყნის დიდი მომავალი, ამიტომ დღეს საქართველოს ყველა მოქალაქეს, საქართველოს შიგნით და გარეთ, გილოცავთ დროშის დღეს და გისურვებთ ბედნიერებას, ღმერთი ფარვდეს საქართველოს”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0