საქართველოს პარლმენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა კიდევ ერთხელ მიმოიხილა ბრიუსელის ნატო-ს სამიტის შედეგები. დავით ზალკალიანის განცხადებით ნატო-ს არეალში არსებული სერიოზული გამოწვევების ფონზე, საქართველომ მოახერხა იმ მოლოდინების მიღწევა, რომლებიც ქვეყანას გააჩნდა სამიტთან მიმართებით.
„მიუხედავად იმისა, რომ ასეთი სერიოზული გამოწვევები არსებობს ნატო-ს არეალში ჩვენ მოვახერხეთ, რომ ის მოლოდინები, რაც ჩვენ გვქონდა, არის მიღწეული. ჩვენი ერთ-ერთი მოლოდინი იყო, რომ საქართველო ყოფილიყო შესაბამისად წარმოდგენილი მაღალი დონის ფორმატებში. ამ მიმართულებით ჩვენ ჩავატარეთ ძალიან ინტენსიური მუშაობა ჩვენს ნატოელ პარტნიორებთან და შედეგი მიღწეულ იქნა. კიდევ ერთი, ჩვენი მოლოდინი დაკავშირებული იყო ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში, რათა ყოფილიყო ძალიან მკაფიო გზავნილები ამ მიმართულებით. ეს ტექსტიც მივიღეთ და თუკი შეადარებთ წინა სამიტზე მიღებულ ტექსტს, ასეთი მკაფიო და კონკრეტული ტექსტი ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში ჩვენ არ გვქონია“ – აღნიშნა მინისტრმა.
საგარეო უწყების ხელძღვანელის განცხადებით დეკლარაციაში ნატო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას გაიყვანოს ჯარები და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ვალდებულება. დავით ზალკალიანის თქმით დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ რუსეთის ჯარები საქართველოში განლაგებულია საქართველოს ნებართვის გარეშე, რაც მისი შეფასებით სამართლებრივი კუთხით მნიშვნელოვანი დეფინიციაა.
დავით ზალკალიანმა სიტყვით გამოსვლისას ასევე მიმოიხილა ნატო-საქართველო-უკრაინის სამმხრივი შეხვედრა, რაც მისი თქმით კიდევ ერთი დასტური იყო იმისა, რომ ნატო საქართველოს და უკრაინას აღიქვამს რეგიონალური უსაფრთხოების კონტექსტში.
საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით აღნიშნულ სამიტზე ოთხი ფორმატიდან საქართველო ორში იყო წარმოდგენილი, მათ შორის ერთი ფორმატი ცალკე ეთმობოდა საქართველოს, ხოლო მეორე მტკიცე მხარდაჭერის მისიას. როგორც დავით ზალკალიანმა განაცხადა მტკიცე მხარდაჭერის მისიის შესახებ სახელმწიფო მეთაურთა დონეზე გამართულ შეხვედრაზე ქართული მხარის მიერ კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველოს პრიორიტეტებსა და იმ კონტრიბუციას, რომელიც ქვეყანას გააჩნია გლობალური გამოწვევების, რადიკალიზმის და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.
„მოგეხსენებათ, რომ ერთ სულ მოსახლეზე ჩვენ ვართ ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ამ მისიაში. ეს წვლილი არის მართლაც ძალიან დიდი, რაც არის დაფასებული ჩვენი ნატოელი პარტნიორების მხრიდან, ისინი აღიარებენ ამ წვლილს და ეს ყველაფერი ასახულია იმ დეკლარაციაში, რომელიც მიღებულ იქნა ამ შეხვედრის შედეგად“ – აღნიშნა მინისტრმა.
დავით ზალკალიანის შეფასებით აღნიშნული დეკლარაცია უპრეცედენტოა და წარმოადგენს ვრცელ დოკუმენტს, რომელშიც ასახულია ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით საქართველოს პროგრესი, ასევე ეკონომიკისა და დემოკრატიის გაძლიერების მიმართულებით განხორციელებული რეფორმები.
„მოგახსენებთ, რომ არასდროს საქართველო-ნატო-ს ურთიერთობის ისტორიაში არ ყოფილა მიღებული დეკლარაცია სახელმწიფოს მეთაურების დონეზე. ეს მნიშვნელოვანი დოკუმენტი არის დაფუძნებული კონსესუსზე. ეს გახლავთ კიდევ ერთი ხაზგასმა იმისა, რომ საქართველო არის წარმატებული ასპირანტი ქვეყანა“ – აღნიშნა მინისტრმა.
საგარეო უწყების ხელძღვანელის განმარტებით დეკლარაციაში რამდენიმე მიმართულებაა, რომელზეც საქართველოს მომავალში თანამშრომლობა ექნება ნატოელ პარტნიორებთან. მისი თქმით აღნიშნული მიმართულებები მოიცავს შავ ზღვაზე ინტენსიურ თანამშრომლობას, წვრთნებს საქართველოს ტერიტორიებზე, ასევე თანამშრომლობას კიბერ-უსაფრთხოების სფეროში.
„2008 წლიდან დაწყებული დღემდე, არ ყოფილა არცერთი ნატო-ს სამიტი, სადაც არ ყოფილიყო დებულება გაწევრიანების სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით. ჩვენ არსად არ გვითქვამს, არ შეგვიქმნია ცრუ მოლოდინები, რომ საქართველო მიიღებდა დოკუმენტს, სადაც საუბარი იქნებოდა გაწევრიანების სამოქმედო გეგმის გარეშე ნატო-ში ინტეგრაციაზე. ხელისუფლების ვერცერთი წარმომადგენლის განცხადებას ვერ ნახავთ, სადაც ეს მაღალი მოლოდინები იყო შექმნილი ჩვენი მხრიდან- “ ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა დისაპორის, ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ნატო-ს ბრიუსელის სამიტის შედეგები და ალიანსში საქართველოს ინტეგრაციის პროცესი შეაფასა.
საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ბრუსელის სამიტის დასკვნით დოკუმენტში კიდევ ერთხელ არის დადასტურებული საქართველოს მიმართ ალიანსის მიერ გამოხატული პოლიტიკური მხარდაჭერა ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში. კერძოდ, დადასტურებულია ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი ქვეყანა და რომ ასპირანტ საქართველოს გააჩნია ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რათა მოემზადოს და დაეხმაროს ალიანსში გასაწევრიანებლად: „ჩანაწერი, რომელიც არის ინტეგრაციულ პროცესთან დაკავშირებით, არის ძალიან მკაფიო. ხელახლა არის დადასტურებული 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. რა თქმა უნდა MAP-ი არის მოხსენებული, როგორც მისი შემადგენელი ინტეგრაციული ელემენტი. განსხავებით წინა სამიტებისგან, ის პრაქტიკული ინსტრუმენტები, რომლებზეც იყო საუბარი და რომელიც პირველად გაჩნდა უელსის სამიტის დროს, არის ცალკე გაშიფრული. საუბარი არის ნატო -საქართველოს არსებით პაკეტზე, ნატო-საქართველოს კომისიაზე, ყოველწლიურ ეროვნულ პროგრამაზე, ანუ ყველა იმ პრაქტიკულ ინსტრუმენტზე რაც საქართველოს გააჩნია გაწევრიანების გზაზე სამოქმედო გეგმასთან ერთად. პოლიტიკური გადაწყვეტილების ნაწილი ხდება სამოქმედო გეგმა, რომელიც დადგება გაწევრიანებასთან ერთად“- განაცხადა დავით ზალკალიანმა.
გაერთიანებულ სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა ბოლო პერიოდში საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიმართულებით მიღწეულ წარმატებებსა და სამომავლო გეგმებზე.