ჩვენ არ ველოდებით პანდემიის დასრულებას და დღესვე ვატარებთ ღონისძიებებს ფასების ზრდის შესამსუბუქებლად

16/12/2021

16 დეკემბრის პლენარულ სხდომაზე, მინისტრის საათის ფორმატში, საპარლამენტო ტრიბუნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ნათია თურნავას დაეთმო.

„მე დღეს გარკვეულწილად უპირატეს მდგომარეობაში ვარ სხვა ჩემს კოლეგასთან შედარებით, ვისაც წლის განმავლობაში, მინისტრის საათის ფორმატში, პარლამენტის წინაშე წარდგენა მოუწია, რადგან წლის დასასრულია და ეს საშუალებას გვაძლევს ერთგვარად შევაჯამოთ წლევანდელი წელი, თუ როგორი იყო ეკონომიკური ტენდენციების თვალსაზრისით, რა შევძელით და რა ვერ შევძელით რაც გამოწვევად რჩება. ზოგადად, 2021 წელი არც მსოფლიოსთვის და არც საქართველოსთვის მარტივი წელი არ იყო. პანდემია ჯერ კიდევ მძვინვარებს და პანდემიამ მსოფლიო ეკონომიკას ქვეყნების უმეტესობას ისეთი მძიმე თანმხლები პრობლემები მოუტანა, როგორიცაა გაზრდილი უმუშევრობა, გაღრმავებული სიღარიბე, გაზრდილი სახელმწიფო ვალი და ისტორიულ მაქსიმუმზე ასული ინფლაცია. ცხადია, ჩვენი ქვეყანაც ვერ იქნებოდა გამონაკლისი, რადგან მჭიდროდ ვართ დაკავშირებული რეგიონის ეკონომიკასთან, მსოფლიო ეკონომიკაში ვართ ინტეგრირებულები, თუმცა 2021 წელი იყო თვისობრივად განსხვავებული, ვიდრე წინა, 2020, როდესაც ჯერ კიდევ არ ვიცოდით პანდემიასთან ბრძოლის სხვა, უფრო ეფექტური მეთოდი, საზღვრებისა და ეკონომიკის ჩაკეტვის გარდა და შესაბამისად, გაჩერებულ ეკონომიკასაც ვერაფრით ვეხმარებოდით წერტილოვანი სუბსიდიების გარდა. ამ თვალსაზრისით, 2021 წელი გახდა ნამდვილი გარღვევის ეტაპი”, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის ტენდენციებზე საუბრისას, მინისტრმა უწყების მიერ გაწეულ საქმიანობაზე, მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა.

„გაზაფხულზე მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება – უარი გვეთქვა ჩაკეტვებსა და პანდემიასთან ბრძოლაში გადავსულიყავით უპირატესად ვაქცინაციაზე. შედეგად, გავხსენით ეროვნული ეკონომიკა, შევქმენით ეროვნული ვალუტის კურსის სტაბილურობისთვის ხელსაყრელი გარემო, ბიზნესს დავუბრუნეთ სიმშვიდე და პროგნოზირებადობის განცდა. ანუ ყველა გაგებით 2021 წელი არის სწრაფი აღდგენის წელი და შემდგომი მშვიდობიანი განვითარების კარგი საწინდარი“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკურ გამოწვევებზე საუბრისას, მინისტრმა ყურადღება ინფლაციის მაღალ მაჩვენებელზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ თუ პანდემიამდე პერიოდში ინფლაციის მაჩვენებელი 3-4% შეადგენდა, გლობალურმა პანდემიამ მისი მაჩვენებელი გაასამმაგა.

„ჩვენ არ ველოდებით პანდემიის დასრულებას და დღესვე ვატარებთ ღონისძიებებს ფასების ზრდის შესამსუბუქებლად. სწორედ მთავრობისა და ეროვნული ბანკის კოორდინირებული და მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგად, ეროვნული ბანკისა და სავალუტო ფონდის პროგნოზით, ინფლაციის მაჩვენებელი უკვე მომავალი წლის ბოლოს მიზნობრივ სამპროცენტიან ნიშნულს დაუბრუნდება“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ნათია თურნავამ მოსახლეობისთვის კიდევ ერთ მნიშვნელოვან პრობლემაზე-მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ამ სფეროში საკანონმდებლო დონეზე ფასწარმოქმნის მოწესრიგება იგეგმება. მინისტრმა განცხადებები იმპორტის ჩანაცვლების მიზნით ადგილობრივი წარმოების განვითარების მნიშვნელობაზეც გააკეთა და აღნიშნა, რომ ინდუსტრიულ და სასურსათო პროდუქტის იმპორტ დამოკიდებულების შემცირების შემთხვევაში, საგარეო ბაზარზე პროდუქციის გაძვირებას ჩვენი ქვეყანა ნაკლებად იგრძნობს. ყოველივე ეს კი ინფლაციის შეკავებასა და მისი პანდემიამდე პერიოდის ნიშნულამდე მისვლის შესაძლებლობას მოგვცემს. მინისტრის გამოსვლის ერთ-ერთი მიმართულება სიღარიბის პრობლემას და მისგან გამოწვეულ საკითხებს უკავშირდებოდა.

„მიუხედავად იმისა, რომ 2019 წელს მსოფლიო ბანკის კლასიფიკაციით საქართველომ საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებს შორის გადაინაცვლა, რეალობა ისეთია, რომ ევროპულ სივრცესთან შედარებით, საქართველო ჯერ კიდევ შედარებით ღარიბი ქვეყანაა და ეს პრობლემა, ცხადია, სრულად ვერ აღმოიფხვრებოდა ვერც 10 და ვერც 20 წელიწადში. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყანაში პანდემიის ფონზეც კი მოხერხდა მოსახლეობის შემოსავლების უთანასწორობის შემცირება, რასაც ხელი შეუწყო პანდემიის პერიოდში ანტიკრიზისულმა ღონისძიებებმა და ეკონომიკის მხარდაჭერის პაკეტმა“, – განაცხადა მინისტრმა.

ნათია თურნავამ სამომავლო საქმიანობის პრიორიტეტებზეც ისაუბრა და ამ კუთხით განსაკუთრებული ყურადღება აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პერსპექტივაზე გაამახვილა, რომელზეც მისივე შეფასებით, პოლიტიკურ და ექსპერტულ დონეებზე აქტიური კონსულტაციები გრძელდება.

„ძალიან სასიხარულო იყო ის ორპარტიული მხარდაჭერის სულისკვეთება, რაც აისახა სულ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ ამერიკელი კონგრესმენების წერილში, რომლითაც ისინი აშშ სავაჭრო წარმომადგენელს მიმართავენ და მოუწოდებენ საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ უშუალო მოლაპარაკების დაწყებისკენ. ეს ძალიან იმედისმომცემი მესიჯია!“ – აღნიშნა მინისტრმა.

სამომავლო პერსპექტივებზე საუბრისას, მინისტრი საქართველო-რუმინეთს შორის შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი და ინტერნეტ კაბელის მშენებლობაზე ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის დაწყების მნიშვნელობას შეეხო და აღნიშნული პროექტი თავისი პოტენციალით, ბაქო-ჯეიჰანის პროექტს შეადარა.

„ეს არის სრულიად ახალი რეალობა, როდესაც ჩვენი ენერგეტიკული ბაზარი არამარტო იურიდიულად და სამართლებრივად, არამედ ფიზიკურადაც იქნება ევროპულ ბაზართან დაკავშირებული. პროექტის განხორციელების შემთხვევაში, 1,195 კილომეტრის სიგრძის 1 000 მგვტ-ის სიმძლავრის სადენი რუმინეთის ტერიტორიაზე დაუკავშირდება აღმოსავლეთ ბალკანების სანაპიროს, რაც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსა და ევროპას საშუალებას მისცემს, ისარგებლონ გაფართოებული საექსპორტო შესაძლებლობებით და ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით განახორციელონ ელექტროენერგიის იმპორტი“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0