ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ იყოს მშვიდობიანი არჩევნები, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება კანონით მინიჭებულ ყველა უფლებას გამოიყენებს, რათა ყველანაირი რადიკალიზაცია თავიდან ავიცილოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს, თემის კომენტირებისას განუცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ შესაძლო დესტაბილიზაციაზე საუბრისას, შინაგან საქმეთა მინისტრი კონკრეტულ ინფორმაციას ეყრდნობა, რომლის გამჟღავნების ვალდებულება მას არ გააჩნია.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, არსებობს ინფორმაცია, რომ ვითარების რადიკალიზაცია გარკვეული პოლიტიკური ძალების, კონკრეტულად კი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ინტერესებში შედის და ხელისუფლება ვალდებულია, გააკეთოს პრევენციული განცხადება, რათა სიტუაციის რაიმე კუთხით დაძაბვა თავიდან იყოს აცილებული.
„რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი მზადყოფნის სტატუსში გადაყვანას, მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ უზრუნველვყოთ მშვიდობიანი, ყოველგვარი დაძაბულობისგან თავისუფალი არჩევნები და ეს აუცილებელია. ჩვენ საერთოდ უარი ვთქვით კონტრაქციების ჩატარებაზე და მზად ვართ, ამ კუთხით რაიმე სახის მემორანდუმი შევთავაზოთ ყველა პოლიტიკურ ძალას, რომ არ ჩავატაროთ კონტრაქციები – იქ, სადაც ერთი პოლიტიკური ძალა ატარებს შეხვედრას ამომრჩეველთან, არ მივიდეს მეორე, მასთან დაპირისპირებული პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი. ეს იმისთვის არის საჭირო, რომ თავიდან ავიცილოთ ემოციები და შეხლა-შემოხლა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
დაძაბულობის თავიდან ასაცილებლად, მთავრობის მეთაურის ბრძანებით, მსგავსი შეხვედრებისას მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იქნებიან სამართალდამცავები. თუმცა, პრემიერ-მინისტრი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამ გადაწყვეტილებით, რაიმე სახის ზეწოლაზე საუბარი არ არის.
„წარსულში დარჩა, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ატარებდა არჩევნებს. ასეთი რამ საქართველოში აღარ განმეორდება. ალუზიების გაკეთება და პარალელების გავლება საჭირო არ არის. საუბარია იმაზე, რომ თავიდან ავიცილოთ დაძაბულობა, მაქსიმალურად მშვიდად მივიდეთ არჩევნებამდე, ჩავატაროთ არჩევნები და უზრუნველვყოთ, რომ როგორც პირველი ტური, ისე პირველსა და მეორე ტურს შორის პერიოდი თავისუფალი იყოს ყველანაირი შეხლა-შემოხლისგან“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ძალიან კარგი იქნება, თუ ოპოზიციური ძალის წარმომადგენლები, ვისაც წინასწარ აქვს ჩამოყალიბებული არჩევანი, სხვა შეხვედრებზე არ მივლენ, ხოლო ის ადამიანები, რომლებსაც ჯერ არ აქვთ მიღებული გადაწყვეტილება და შეუძლიათ, ყველა შეხვედრას დაესწრონ, პროვოკაციული ქმედებებისგან თავს შეიკავებენ. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ანალოგიური მოწოდებით, უპირველეს ყოვლისა, მმართველი გუნდის მხარდამჭერებს მიმართა და ეს, ოპოზიციასაც ეხება.
„თუ იქნება პროვოკაციული ქმედებები, უმჯობესია, პოლიცია ჩადგეს იქ და თავიდან ავიცილოთ დაპირისპირება”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, ხელისუფლებისთვის ცნობილია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ქმნის ისეთ ორგანიზაციებს, როგორიც არის – „საქართველოს ერთგულების სახელით“, რომლის ამოცანაა საქართველოში სიტუაციის რადიკალიზაცია, მათ შორის შესასვლელ-გასასვლელების მანქანებით დაბლოკვა და ა.შ
პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არის კანონიერი გზებით მოპოვებული ინფორმაცია.
„ჩვენ არ ვართ ვალდებული, ყველა ინფორმაცია გავამჟღავნოთ, მაგრამ ეს ინფორმაცია არსებობს და ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, სიტუაცია აურიოს საქართველოში. მინდა, ვუთხრა ჩვენს ოპონენტებს, რომ საქართველოში არც 2003 წელია, რომ პარალელები გაავლონ და არც სხვა პარალელების გავლება მინდა, როცა ასეთი რაღაცეები ხდებოდა. დღეს ჩვენ შეგვწევს ძალა, დავიცვათ პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია და ის გზა, რომლითაც საქართველო დღეს მიდის – ეს არის დემოკრატიის გზა, სიტყვის თავისუფლების, ადამიანების უფლებების დაცვის გზა და არავითარ შემთხვევაში არავის მივცემთ უფლებას, საქართველომ ამ გზიდან რამენაირად გადაუხვიოს. პოლიცია კანონით მინიჭებულ უფლებებს გამოიყენებს, რომ არ მოხდეს დაძაბულობა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.