ჩვენ არ ვართ ვალდებული რუსეთს ჩვენი საგარეო პოლიტიკური მიზნები განვუმარტოთ

04/07/2016

საქართველო არ არის ვალდებული, საკუთარი საგარეო პრიორიტეტები რუსეთს განუმარტოს. აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გამოცემა „new Eastern Europe“-ვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

ჟურნალისტმა გიორგი მარგველაშვილს კომენტარი სთხოვა ბიძინა ივანიშვილის იმ განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, საქართველო უნდა დაელოდოს, სანამ რუსეთი გააცნობიერებს ქვეყნის ევროატლანტიკურ არჩევანს.

„რა სტანდარტების მიხედვით უნდა გააკეთოს პრეზიდენტმა კომენტარი ქართული პარტიის ერთ-ერთი ლიდერის განცხადებაზე?“, -დასვა საპასუხო კითხვა გიორგი მარგველაშვილმა.

მისი განმარტებით, საქართველო არის დამოუკიდებელი საელმწიფო და თავად ირჩევს პარტნიორებსა და საგარეო პოლიტიკურ კურსს.
„ჩვენ არ ვართ ვალდებული რუსეთს ჩვენი საგარეო პოლიტიკის სამიზნეები განვუმარტოთ. ჩვენ ვქმნით ჩვენს საგარეო პოლიტიკას როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო და თავად ვირჩევთ პარტნიორებს. ჩვენ ღიად განვაცხადეთ, რომ საქართველო თავის ევროატლანტიკურ გზას ვინმეს წინააღმდეგ, მათ შორის რუსეთის წინააღმდეგ არ აძლიერებს. ჩვენ დავამყარეთ მეგობრული ურთიერთობები ყველა ჩვენს მეზობელთან. საქართველოს მეგობრული ურთიერთობა რუსეთთანაც კი ექნებოდა, ამ უკანასკნელს ჩვენი ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია რომ არ მოეხდინა“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოსთვის ბუნებრივია ნატო-ში გაწევრიანების სურვილი, რადგან გეოპოლიტიკური თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვან რეგიონში მდებარეობს.

საქართველოს პრეზიდენტის მოსაზრებით, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაძლიერება დადებით გავლენას მოახდენს სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ ვითარებაზე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0