ჩვენს მოქალაქეებს, დღეს, კრიზისად გამომდინარე, რა თქმა უნდა, უჭირთ, ბევრმა დაკარგა შემოსავალი და ბევრ ადამიანს, უბრალოდ, შემოსავალი ვერ მიაქვს ოჯახში, ამიტომ, ჩვენ არ გვაქვს ბევრი ლოდინის დრო და შესაძლებლობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეს არის გლობალური პანდემია და გამოწვევა, რა თქმა უნდა, ეს არის გლობალური ეკონომიკური კრიზისი და შეუძლებელია ცალკე აღებული პატარა სახელმწიფო მარტო გაუმკლავდეს ამ გამოწვევას. მან ხაზი გაუსვა, რომ მთავრობამ თავისი გასაკეთებელი უნდა გააკეთოს მაქსიმალურად ეფექტურად და სწრაფად.
„სწორედ ამიტომ, ჩვენ მივიღეთ პირველი ღონისძიებები და ჩვენი ეკონომიკური რეაქციის, პოსტ ეკონომიკურ კრიზისზე რეაგირების პირველი ყველაზე სწრაფი ნაბიჯი იყო მაქსიმალურად დაფარვის მქონე ღონისძიებების მიღება, რაც გახლდათ, პირველ რიგში, კომუნალური გადასახადები, სესხების გადავადება, როგორც ფიზიკური პირებისთვის, ასევე კომპანიებისთვის. ამან ჩვენ მოგვცა შესაძლებლობა, მოგვეგო დრო, უკეთესად გავრკვეულიყავით ამ გამოწვევის სირთულეებში და შემდგომ უკვე გვქონდა კონკრეტული, მიზნობრივი სოციალური დახმარების გეგმა, რომელიც წარმოვადგინეთ და რომელსაც ჩვენი მოქალაქეები უკვე იღებენ. გარდა ამისა, ჩვენ წარმოვადგინეთ 4 ყველაზე უფრო დაზიანებულ სექტორში ანტიკრიზისული გეგმა და ყოველთვის ვამბობდით, რომ პოსტკრიზისული ეკონომიკური სტრატეგია ეს არის სხვა ისტორია, ეს არის სხვა გეგმა და ამას სჭირდება სხვა დონის მუშაობა. სწორედ ამიტომ, თითოეული თქვენგანი, განსაკუთრებით ეკონომიკური გუნდის წევრები ჩართული არიან იმ პლატფორმებში, რომელიც ჩვენ შევქმენით ქვეყნის პოსტკრიზისული ეკონომიკური აღდგენის გეგმაზე მუშაობის. ეს არის ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სტრატეგია მოკლევადიანი, საშუალოვადიანი და გრძელვადიანი, რომელზეც ახლა ვმუშაობთ და რომელზეც გარდა ჩვენი ადგილობრივი ექსპერტებისა, მუშაობენ კემბრიჯის და ლონდონის უნივერსიტეტის საუკეთესო მეცნიერები და ასევე, New York-ის deloitte-ის ანალიტიკოსები ჩვენს ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად. ამ გეგმას, დასრულებისთანავე, პირველი სამუშაო ვარიანტს, განსახილველად გამოვიტან ჩვენს მოქალაქეებთან. ეს არის ის გეგმა, რომელიც მისცემს საქართველოს შესაძლებლობას, პოსტ პანდემიურ ეკონომიკაში, რომლის კონტურებიც ჯერ არც თუ ისე კარგად არის ცნობილი, გლობალურ კონკურენციაში იყოს მაქსიმალურად მომზადებული და ეფექტური”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი გახარიამ მთავრობის წევრებს მოუწოდა, რომ ის აქტიური მუშაობა, რაც მიმდინარეობს ჩვენს კოლეგებთან, როგორც ლონდონის და კემბრიჯის უნივერსიტეტის, ასევე deloitte-ის წარმომადგენლებთან, გააგრძელონ და გაააქტიურონ.
„ჩვენ გვაქვს დაახლოებით ერთი თვე იმისთვის, რომ ამ გეგმის პირველი მონახაზი გვქონდეს და შემდეგ კიდევ ერთი თვე, რომ ჩვენს ადგილობრივ ექსპერტებთან ამ გეგმას საბოლოო სახე მივცეთ და უკვე დავიწყოთ ფიქრი ამ გეგმის განხორციელებაზე, როგორც წლევანდელ საბიუჯეტო წელს ჩვენ გვექნება გარკვეული ნაბიჯები გადასადგმელი, მაგრამ ძირითადი აქცენტი ჩვენ გვექნება შემდგომი წლის”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.