ჩვენს ერთ-ერთ მთავარ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტს წარმოადგენდა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება

09/02/2023

„უკრაინაში მიმდინარე რუსულმა აგრესიამ ფაქტობრივად მთლიანად შეცვალა საერთაშორისო დღის წესრიგი და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართ ახალი მიდგომებისა და მოქმედებების საჭიროება გააჩინა. ჩვენი ყოველდღიური ძალისხმევის შედეგად, პარლამენტი აქტიურად მონაწილეობდა საგარეო პოლიტიკის განხორციელების პროცესში და ამ რთულ საერთაშორისო გარემოში, მუდმივად ცდილობდა საქართველოს ინტერესების დაცვას საერთაშორისო არენაზე, მათ შორის, საპარლამენტო ასამბლეებში, საერთაშორისო კონფერენციებში, ორმხრივ შეხვედრებსა და რეგიონულ საპარლამენტო ფორმატებში“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ პარლამენტის სხდომაზე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის 2022 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას. მისი თქმით, საანგარიშო პერიოდში, საპარლამენტო დიპლომატია ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, პარტნიორი ქვეყნების საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრებთან, დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, საერთაშორისო ექსპერტებთან 200-მდე შეხვედრა გაიმართა. ასევე, საკმაოდ დატვირთული წელიწადი იყო საქართველოში ვიზიტების კუთხითაც.

„სხვა პრიორიტეტებთან ერთად, ჩვენს ერთ-ერთ მთავარ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტს წარმოადგენდა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება, რისთვისაც აქტიურად ვიყენებდით საპარლამენტო დიპლომატიას. 2024 წელს ჩვენ ვგეგმავდით ევროკავშირის კანდიდატობისთვის განაცხადის გაკეთებას და ეს გადაწყვეტილება განპირობებული იყო საქართველოს მიერ განხორციელებული წარმატებული რეფორმებით და იმ ნაბიჯებით, რომლებიც დაგეგმილი იყო მომდევნო წლების განმავლობაში, თუმცა, არსებულმა გეოპოლიტიკურმა მოვლენებმა ეს პროცესი დააჩქარეს და შესაძლებელი გახდა ამ ნაბიჯის 2022 წელს გადადგმა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა იმსახურებდა კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას, საქართველომ ეს სტატუსი დაუმსახურებლად არ მიიღო და მივიღეთ ევროპული პერსპექტივა, რომელიც ასევე დიდ მიღწევას წარმოადგენს. გვაქვს ოპტიმისტური განწყობა, რომ 2023 წელს საქართველო საბოლოოდ მიიღებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

სიტყვით გამოსვლისას, მან ყურადღება გაამახვილა საპარლამენტო დელეგაციების ვიზიტებზე, სადაც შეხვედრების მთავარ ამოცანას, საქართველოს მიმართ მხარდაჭერის მობილიზება და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, პარტნიორებისთვის, საქართველოს მიერ გატარებული წარმატებული რეფორმების შესახებ ობიექტური ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენდა.
მისი თქმით, ვიზიტებისას, კანდიდატის სტატუსის გარდა, განხილვის მთავარ თემებს წარმოადგენდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესია, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება, სავაჭრო ეკონომიკური და ენერგეტიკული საკითხები, შუა დერეფნის განვითარება და ორმხრივი საპარლამენტო კავშირების გაძლიერება.
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა რეგიონული კავშირების გაძლიერებას. მისივე თქმით, საპარლამენტო დელეგაცია ყველა საერთაშორისო ფორმატში, უკრაინელი პარტნიორების მიმართ მაქსიმალურ პოლიტიკურ მხარდაჭერას გამოხატავდა.
ნიკოლოზ სამხარაძემ ანგარიშის წარდგენისას, საზედამხედველო და საკანონმდებლო მიმართულებით განხორციელებულ წარმატებულ ღონისძიებებზე, ასევე, საზოგადოებასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის მიმართულებით გაწეულ საქმიანობაზე ისაუბრა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0