ჩვენს ბიზნესსექტორს მივცემთ შესაძლებლობას, რომ ეს სივრცეები, რომელიც მუნიციპალური საკუთრებაა, გამოიყენოს

23/03/2022

დედაქალაქის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ დედაქალაქში გადაუღებელი თოვის პარალელურად, შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები გზის გაწმენდის სამუშაოებს 24-საათიან რეჟიმში ახორციელებენ.
მისი თქმით, მიუხედავად შეფერხებებისა, ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტი არ გაჩერებულა.

„დედაქალაქში მარტისთვის უჩვეულო დიდთოვლობაა. თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე გარკვეულ შეფერხებები შეიქმნა, თუმცა, „თბილსერვის ჯგუფი“, გამგეობებისა და კონტრაქტორი კომპანიების თანამშრომლები მობილიზებული იყვნენ. დაიყარა 5 000-მდე ტონა ტექნიკური მარილი. გაწმენდის სამუშაოები ამჟამადაც მიმდინარეობს. დარჩენილია მეორადი ქუჩები, შესახვევები, სადაც ვაწყდებით პრობლემებს. მაგალითად, ზოგ ადგილას ავტომობილები არის გაჩერებული და სპეციალურ ტექნიკას მუშაობაში უშლის ხელს. შეფერხების აღმოფხვრას გადაუღებელი თოვაც უშლის ხელს, თუმცა, განვაგრძობთ სამუშაოებს. ამ დრომდე, ცენტრალურ ქუჩებზე საზოგადოებრივი ტრანსპორტიც არ გაჩერებულა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა თავის მოადგილეს, ირაკლი ბენდელიანს, „თბილსერვის ჯგუფისა“ და რაიონების გამგეობების თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.

„მინდა, მადლობა გადავუხადო „თბილსერვის ჯგუფის“, „ეკოსერვისისა“ და გამგეობების თითოეულ თანამშრომელს. ასევე, მადლობა ჩემს მოადგილეს, ირაკლი ბენდელიანს, რომელიც ახლაც ქუჩაშია და გაწმენდის სამუშაოებშია ჩართული. ვცდილობთ, თითოეული ქუჩა და ჩიხი გავწმინდოთ, თუმცა, მოქალაქეები თუ დაგვეხმარებით და საკუთარი სახლების ირგვლივ გაასუფთავებთ გზას, მადლობელი ვიქნებით. ამის უამრავი მაგალითიც არსებობს. მადლობა ამ ადამიანებს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკრაინის მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარული დახმარების შეგროვება გრძელდება.

„პირველ რიგში, უკრაინას უნდა ვუსურვოთ, რომ მათ ქვეყანაში, რაც შეიძლება მალე დაისადგუროს მშვიდობამ – შეწყდეს ომი. ძალიან მძიმეა იქ მიმდინარე პროცესები, ქალაქების დაბომბვა, მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვა. ჩვენ დაწყებული გვაქვს ჰუმანიტარული ტვირთების შეგროვება უკრაინელებისთვის. საჭირო პროდუქტები გროვდება ბელიაშვილის ქ. N5-ში მდებარე საწყობში. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ ვისაც გაქვთ სურვილი დავეხმაროთ უკრაინელებს, აღნიშნულ ლოგისტიკურ სივრცეში შეგიძლიათ, მოიტანოთ პროდუქტი, ტანსაცმელი, სხვადასხვა სახის ჰიგიენური ნივთი და ამ ყველაფერს უკრაინაში ვაგზავნით. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს უკრაინელ დებს და ძმებს დავეხმაროთ. გარდა ამისა, პარალელურად, გრძელდება თანხის შეგროვება უკრაინელებისთვის. ვისაც სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ, მიიღოთ მონაწილეობა. სახაზინო ანგარიშის კოდია – 300778800. მასზე ნებისმიერი თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ. მითითებული უნდა იყოს – უკრაინისთვის. გარდა ამისა, უკრაინის მოქალაქეებს დახმარების თხოვნის მიზნით, შეუძლიათ, დარეკონ ჩვენს ცხელ ხაზზე – 032 2 72 22 22“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ უსახლკაროების პროგრამის ფარგლებში, თბილისის მუნიციპალიტეტი უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახებისთვის ბინების გადაცემას განაგრძობს და მიმდინარე წლის განმავლობაში, 60 ოჯახის მუნიციპალური საცხოვრისით დაკმაყოფილებას გეგმავს. კახა კალაძის განცხადებით, მომდევნო წლების განმავლობაში, საცხოვრებელი ფართებით 400 თბილისელი უსახლკარო ოჯახის უზრუნველყოფა მოხდება.

„უსახლკაროების პროგრამა იყო ჩემი წინასაარჩევნო დაპირება. ჩვენ ამ მიმართულებით უკვე კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა დავიწყეთ და ფართებით უკვე ვაკმაყოფილებთ ოჯახებს, რომლებიც საცხოვრისის გარეშე არიან დარჩენილი. 400 ასეთი ოჯახია, რომლებიც წლების განმავლობაში, დედაქალაქის მერიას ქირით ჰყავს გაყვანილი და ყოველწლიურად მილიონობით ლარს ვიხდით ქირაში იმისთვის, რომ ეს ადამიანები ქუჩაში არ იყვნენ და უზრუნველყოფილი იყვნენ საცხოვრებელი ფართებით. ჩვენ ვასრულებთ წინაასაარჩევნო დაპირებას, რომ არცერთი უსახლკარო თბილისელი არ უნდა დარჩეს მუნიციპალური საცხოვრისის გარეშე. ყველა იქნება ფართებით დაკმაყოფილებული. დღეს გვექნება შესაძლებლობა, კიდევ ერთ ოჯახს გადავცეთ საცხოვრებელი ფართი. გარდა ამისა, წლის განმავლობაში, 60 ოჯახი გვეყოლება დაკმაყოფილებული. მომდევნო წლების განმავლობაში, 400-ვე ოჯახს დავაკმაყოფილებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ანალოგიური პრობლემის მქონე ოჯახებმა რაიონულ გამგეობებსა და თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს უნდა მიმართონ.

„ვისაც ანალოგიური პრობლემა აწუხებს, უსახლკაროს სტატუსის მისაღებად შეუძლია, მიმართოს გამგეობებს, ჯანდაცვის საქალაქო სამსახურს, სადაც მიიღებენ ზუსტ ინფორმაციას სტატუსის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტების შესახებ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, თბილისის მერმა გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციასა და მის შემდგომ განვითარებაზე გაამახვილა ყურადღება. აღინიშნა, რომ გუდიაშვილის მოედანზე არსებული მუნიციპალური ფართები აუქციონის წესით გასხვისდება. თბილისის მერის თქმით, კერძო სექტორს მიეცემა შესაძლებლობა, რეაბილიტირებული სივრცეები ბიზნესსაქმიანობისთვის გამოიყენოს და სწორი ფორმით განავითაროს.

„მინდა, შევეხო ერთ ძალიან მნიშვნელოვან და ჩვენთვის საამაყო პროექტს – ეს არის გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია-განახლება. რამდენიმე თვის წინ გვქონდა პრეზენტაცია და საზოგადოებას ვაჩვენეთ, თუ რამდენად ლამაზი გამოვიდა გუდიაშვილის მოედანი რეაბილიტაციის შემდეგ. თითოეულ ძეგლს, ორნამენტს, დეტალს ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა და განსაკუთრებული მოწიწებით ვუფრთხილდებით, რათა კულტურული მემკვიდრეობა შევინახოთ, შევინარჩუნოთ და გალამაზებული, მოწესრიგებული გადავცეთ ჩვენს მომავალ თაობებს. გუდიაშვილის მოედანი დღეს მთლიანად მოწესრიგებულია. პარალელურად, მიმდინარეობს სამუშაოების მეორე ეტაპი, სადაც 16 სახლი დაემატა და მათი სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება, თუმცა, პირველ ნაწილს, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები დავასრულეთ, სჭირდება პატრონი, ვინც მოუვლის, მიხედავს და სწორი ფორმით გამოიყენებს. რა თქმა უნდა, ერთია სილამაზე, ამ ძეგლების მნიშვნელობა, თუმცა, მას აქვს მეორე – ეკონომიკური მხარეც“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პროცესში დედაქალაქის მერიაც ჩაერთვება, რათა გუდიაშვილის მოედანი სწორად განვითარდეს.

„ჩვენს ბიზნესსექტორს მივცემთ შესაძლებლობას, რომ ეს სივრცეები, რომელიც მუნიციპალური საკუთრებაა, გამოიყენოს. მოვამზადებთ დოკუმენტაციას, რომ მოხდეს ამ სივრცეების აუქციონზე გამოტანა და გასხვისება ბიზნესსექტორზე, რათა შემდეგ ეს ყველაფერი სწორად იქნეს გამოყენებული, თუმცა, ამ პროცესში პარალელურად, დედაქალაქის მერია იქნება ჩართული, რათა გუდიაშვილის მოედანი იყოს სწორად განვითარებული და ჩვენ არ მივიღოთ ისეთი კაფე-ბარები, რომელიც შეიძლება, არ იყოს მისაღები ქალაქისთვის და გარკვეულ პრობლემებს წარმოადგენდეს. ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს სწორი ფორმით, რომ ეს იყოს მიზიდულობის ცენტრი, სადაც თითოეულ თბილისელს, თითოეულ ჩამოსულ სტუმარს ექნება სურვილი, მივიდეს გუდიაშვილის მოედანზე, დაისვენოს, გაერთოს და ა.შ.“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ასევე, ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დაავალა, იმუშაოს ამ მიმართულებით, დაამყაროს კომუნიკაცია ბიზნესსექტორთან, მოამზადოს პრეზენტაციები და რაც შეიძლება სწრაფად გამოიტანონ ფართები აუქციონისთვის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0