ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების და თავისუფალი ვაჭრობის გაფორმებით, შემდეგ უვიზო რეჟიმის მიღებით, ახლა უკვე ოფიციალური განაცხადის შეტანით, ჩვენმა მთავრობამ დაამტკიცა, რომ ჩვენ ვართ ერთგულნი და პირნათლად ვასრულებთ ჩვენი ხალხის დაკვეთას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველომ ზედმიწევნით შეასრულა ყველა ის ვალდებულება და პირობა, რომელიც აღებული ჰქონდა ევროკავშირთან.
„ჩვენ ველოდებით ევროკავშირის გადაწყვეტილებას, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, ჩვენ საკმაოდ აქტიური საგარეო პოლიტიკა ვაწარმოეთ. ჩემი დავალებით, ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი ბატონი ილია დარჩიაშვილი აქტიურად ელაპარაკება თავის ევროპელ კოლეგებს. მან, უკვე დღეის მდგომარეობით, გამართა 20-ზე მეტი შეხვედრა 17 კოლეგასთან, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან. ასევე, მას ამ კვირაში და მომავალ კვირაში აქვს დაგეგმილი შეხვედრები. გვქონდა ძალიან ინტენსიური საუბარი იმის თაობაზე, თუ რა ვითარებაა ქვეყანაში, რა რეფორმები განვახორციელეთ და ზოგადად, მთელი ეს ინფორმაცია სრულად არის მიწოდებული. ასევე, მე მქონდა ძალიან აქტიური საგარეო პოლიტიკა, ძალიან ბევრი ვიზიტი განვახორციელეთ, მათ შორის, ვიყავი ბრიუსელში, მქონდა შეხვედრები უმაღლეს დონეზე. ჩვენ ვესაუბრებით ჩვენს ევროპელ კოლეგებს და რაც მთავარია, ზედმიწევნით შევასრულეთ ყველა ის ვალდებულება და პირობა, რომელიც აღებული გვქონდა ევროკავშირთან. დაწყებული ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების და თავისუფალი ვაჭრობის გაფორმებით, შემდეგ უვიზო რეჟიმის მიღებით, ახლა უკვე ოფიციალური განაცხადის შეტანით, ჩვენმა მთავრობამ დაამტკიცა, რომ ჩვენ ვართ ერთგულნი და პირნათლად ვასრულებთ ჩვენი ხალხის დაკვეთას. რომ არა ჩვენი მთავრობა, ჩვენ არა თუ ევროკავშირში, არამედ ძალიან რთულ პირობებში ვიქნებოდით დღეს. კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო ჩვენს მეგობრებს, ჩვენს კოლეგებს, ევროპაშიც, ქვეყნის შიგნითაც, ყველას, რომ სწორედ „ქართული ოცნების” დამსახურებაა ის, რომ დღეს ჩვენს ქვეყანას აქვს ასოცირების და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროკავშირთან, გვაქვს უვიზო რეჟიმი ჩვენი მოქალაქეებისთვის და ახლა უკვე პატივი გვხვდა წილად, შეგვეტანა უკვე განაცხადი ოფიციალურად წევრობისთვის”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საუბარია მხოლოდ კანდიდატის სტატუსზე და ეს არ არის წევრობა, წევრობამდე გასავლელია ძალიან დიდი და რთული გზა.
„ჩვენ ამაზე არ ვსაუბრობთ. საუბარია იმაზე, რომ შესაძლოა, ეს სტატუსი მივიღოთ ჩვენ, საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ. საქართველო, ბოლო 9 წელია, არის გამორჩეული რეფორმატორი და ლიდერი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის და უფრო მეტიც, გასულ წელს, ჩვენ გავაფორმეთ ე.წ. მემორანდუმი, შეთანხმება და გამოიყო ქვეყნების ჯგუფი, ასოცირებული ტრიო – საქართველო, მოლდოვა, უკრაინის სახით. ასოცირებული ტრიოს ქვეყნებს შორის საქართველო უპირობო ლიდერია ყველა მიმართულებით, ყველა პარამეტრით და რაც მთავარია, ყველა მიღწევით. ეს არ არის გაზვიადებული შეფასება, ეს არის ჩვენი კოლეგების, ჩვენი ევროპელი, ამერიკელი კოლეგების და ძალიან ბევრი საერთაშორისო ავტორიტეტული ინსტიტუტის და ორგანიზაციის შეფასება, რომ საქართველო ყველა პარამეტრით წინ არის ამ ქვეყნებს შორის. უფრო მეტსაც გეტყვით, რომ მთელი რიგი მიმართულებით, იქნება ეს ანგარიშვალდებულება, მთავრობის ეფექტიანობა, გამჭვირვალობა, რეფორმები, ანტიკორუფციული მიმართულებით ეფექტური პოლიტიკა. ბიზნესის კეთების მიმართულებით ჩვენ მსოფლიოში მე-7 ადგილზე ვართ. ბიუჯეტის გამჭვირვალობის კუთხით, საქართველო პირველ ადგილზე გავიდა პირველად მსოფლიოში. ეს, რა თქმა უნდა, მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ ვართ აბსოლუტურად გამჭვირვალე, დემოკრატიული მთავრობა, რომელიც, მართლაც ხალხის დაკვეთას ასრულებს და ჩვენს ამბიციურ გეგმებს და რეფორმებს, რომელიც დავიწყეთ 9 წლის წინ, მას შემდეგ, რაც მოვედით ხელისუფლებაში, გეგმაზომიერად, თანმიმდევრულად მივყვებით და ვასრულებთ. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს არ არის საკმარისი, ჩვენ ამ პროცესს ვაგრძელებთ, ვაგრძელებთ რეფორმებს, რომელიც აღებული გვქონდა ვალდებულებად. მაგალითისთვის გეტყვით, რომ ახლა დავასრულეთ მუშაობა ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგზე, სადაც დეტალურად გაწერილია ყველა ის რეფორმა და ვალდებულება, რომელიც უნდა შევასრულოთ. მთელი რიგი ვალდებულებებისა და რეფორმებისა, ინიციატივებისა, არის გადმოტანილი შარლ მიშელის ცნობილი შეთანხმებიდან. პრაქტიკულად, ჩვენ არავითარი კითხვის ნიშანი არ დაგვიტოვებია. ყველა საკითხზე გვქონდა დროული რეაგირება, ყველა საკითხი, ყველა ვალდებულება შევასრულეთ პირნათლად. რა თქმა უნდა, ახლა ჯერი არის ევროკავშირზე, ევროპამ უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება” , – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების პირნათლად შესრულებას და აღნიშნა, რომ ახლა ქვეყანა ევროპელების ბრძნულ, სწორ და სამართლიან გადაწყვეტილებას ელოდება.
„ჩვენ კარგად გვესმის და მინდა, ჩვენს მოქალაქეებს ავუხსნა, რომ არ არის მარტივი სიტუაცია, ბუნებრივია. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ასეთი გამოწვევა ევროპას არ ჰქონია. ევროპის შუაგულში, ევროპაში ყველაზე დიდ სახელმწიფოში, უკრაინაში მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი ომი, რომელიც არა მარტო უკრაინას და მის სუვერენიტეტს უქმნის საფრთხეს, არამედ საფრთხეს უქმნის ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურას. რეალურად, ეს მთელი მსოფლიო წესრიგის დიდი გამოწვევაა. ამიტომ, ამ რეალობაში, ბუნებრივია, არსებობს სკეპტიციზმი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის უკრაინასთან მიმართებაში, იმიტომ, რომ მათ არ სურთ მთელი ამ პრობლემების იმპორტირება, შეტანა ევროპაში. პრობლემების მთელი რიგი სხვა მიმართულებები არსებობს, რომელიც ომს და ომთან დაკავშირებულ საფრთხეებს უკავშირდება. ამ პროცესში ჩვენ, საქართველომ, შევინარჩუნეთ მშვიდობა, სტაბილურობა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არავითარი მეორე ფრონტი არ იქნება, არც მეორე ომი იქნება საქართველოში. ჩვენ გვინდა მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება, ჩვენ და ჩვენს ხალხს. ეს არის ჩვენი დაკვეთა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყოველთვის გავატარებთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და ამაზე აზრს ვერავინ შეგვაცვლევინებს. მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, ჩვენ მივყვებით ჩვენს დასახულ გეგმას, მიზანს. ჩვენი მთავარი გზამკვლევი ამ პროცესში, რომელიც ევროკავშირთან ინტეგრაციას უკავშირდება, არის ასოცირების შეთანხმება, DCFTA – იგივე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რომლის 45% ჩვენ შესრულებული გვაქვს. ამ ნიშნითაც ლიდერი სახელმწიფო ვართ აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფოებს შორის და ასევე, ასოცირებული ტრიოს ქვეყნებს შორის. თავისუფალი ვაჭრობის შესრულების ნაწილში 50%-ზე მეტი გვაქვს შესრულებული. მთელი ის ვალდებულებები, რომელიც არის ნაკისრი, გვაქვს პირნათლად შესრულებული, კანონმდებლობის ჰარმონიზაცია და სხვა უამრავი მიმართულება. იგივე, უვიზო რეჟიმის მიღებისთვის ჩვენ ძალიან დიდი სამუშაო გავწიეთ და ახლა, რა თქმა უნდა, დავაგვირგვინეთ. ჩვენი დაპირება, რომელიც 2024 წელს უნდა შესრულებულიყო, 2024-ში ვაპირებდით განაცხადის შეტანას, მაგრამ არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, ვადაზე ადრე შევიტანეთ განაცხადი. კიდევ ერთხელ, ველოდებით ჩვენი ევროპელების ბრძნულ, სწორ და სამართლიან გადაწყვეტილებას. ჩვენ არაფერს ვითხოვთ, ჩვენ ვითხოვთ სწორ და სამართლიან შეფასებას და გადაწყვეტილებას, ვინაიდან ჩვენი ხალხი, მას შემდეგ, რაც აღვადგინეთ დამოუკიდებლობა, ერთგულია, მივყვებით ჩვენს ძირითად გეზსა და პოლიტიკას, რომელიც გულისხმობს, რომ საქართველო უნდა გახდეს და აუცილებლად გახდება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ჩვენ ახლა წყნარად, მშვიდად, მტკიცედ დაველოდებით გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, ჩვენთვის არავითარი შემაფერხებელი არ იქნება, ისედაც და ასედაც გავაგრძელებთ რეფორმებს და ბოლომდე მივიყვანთ ჩვენს გასაკეთებელ საქმეს”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.