ჩვენმა გმირმა სამხედროებმა ღირსეული წვლილი შეიტანეს მსოფლიო მშვიდობის დაცვის საქმეში

09/07/2021

17 წლის განმავლობაში, ჩვენმა ქვეყანამ და ჩვენმა გმირმა სამხედროებმა თავისი ღირსეული წვლილი შეიტანეს მსოფლიო მშვიდობის დაცვისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში; ეს იყო ჩვენი მებრძოლების თავდადებული ბრძოლა, მათი ღირსეული ბრძოლა, რომელთაც ჩვენს ქვეყანას განუმტკიცეს ღირსეული პარტნიორის, ხოლო ჩვენს ჯარს – მამაცი და პროფესიონალი ჯარის სახელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ავღანეთში სამშვიდობო მისიის დასრულების აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა გმირ სამხედროებს, რომლებმაც გლობალური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში, ავღანეთში 17-წლიანი წარმატებული სამსახური დაასრულეს, თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა.

„ნატოს, ევროკავშირისა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით მიმდინარე სამშვიდობო მისიებში ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ჯარის მონაწილეობა და მსხვილი კონტრიბუცია არის მკაფიო დემონსტრირება, რომ ჩვენი ქვეყანა მზადაა, იყოს უსაფრთხოების მიმწოდებელი და ჩვენს პარტნიორებთან ერთად იბრძოლოს გლობალური მშვიდობის დაცვისთვის. 2004 წლიდან ავღანეთში მიმდინარე სამშვიდობო მისია ამის კიდევ ერთი ნათელი დასტურია. ჩვენ, ალიანსის არაწევრ სახელმწიფოებს შორის, მისიაში მონაწილე სამხედროების რაოდენობის მიხედვით, უმსხვილესი კონტრიბუტორი ქვეყანა ვიყავით და ჩვენი საქმით დავამტკიცეთ ჩვენი მხარდაჭერა NATO-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების მხარდამხარ გლობალური უსაფრთხოების განმტკიცების პროცესში. მინდა, გულწრფელი მადლობა გადავუხადო ჩვენს 20 ათასზე მეტ სამხედროს, ჩვენს გმირ ჯარისკაცებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ავღანეთის სამშვიდობო მისიაში. თქვენ მსოფლიოში უსაფრთხოების დაცვით იცავდით, რა თქმა უნდა, ჩვენს სამშობლოს. თქვენმა პროფესიონალიზმმა, თქვენმა თავდადებამ და გმირობამ, ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო დააახლოვა დასავლეთს. მადლიერი ვარ, თითოეული თქვენგანის წვლილითა და ღირსეული სამსახურით. მინდა ქედი მოვიხარო, ჩვენი დაღუპული 32 გმირი სამხედროს წინაშე. მათი ხსოვნა და თავდადება ერთ-ერთ გამორჩეულ ადგილს დაიკავებს ჩვენი ქვეყნის და ჯარის ისტორიაში”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა, ასევე განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა სამშვიდობო მისიაში დაჭრილ და დაშავებულ სამხედროებს, რომლებიც სამშობლოს სამსახურს განაგრძობენ.

„მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს დაუმარცხებელ, დაჭრილ და დაშავებულ სამხედროებს, რომლებიც დღესაც აგრძელებენ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას და ჩვენი სამშობლოს სამსახურს. ისინი საკუთარი ჯანმრთელობის ფასად იცავდნენ მსოფლიოს უსაფრთხოებას ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას. მინდა გითხრათ, რომ საქართველო მომავალშიც აუცილებლად განაგრძობს ყველა არსებულ ფორმატში გლობალური უსაფრთხოების განმტკიცებას და ამ მიზნით, ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობას და საკუთარი წვლილის შეტანას. ჩვენმა ქვეყანამ კარგად იცის პარტნიორობისა და უსაფრთხოების დაცვის მნიშვნელობა. ამ და სხვა ვალდებულებების წარმატებით შესრულების მიზნით, ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი თავდაცვის ძალების გაძლიერებას, მათი მზადყოფნის დონის ამაღლებას, ჩვენი ჯარის მისი მომზადების ხარისხს და სახელმწიფოს მხრიდან ჩვენი სამხედროების ღირსეულად დაფასებას. მინდა, კიდევ ერთხელ ყველას მოგილოცოთ მისიის დასრულება და გისურვოთ წარმატებები. კიდევ ერთხელ მადლობა თქვენი ღირსეული სამსახურისთვის. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი!”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიაში მონაწილე პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა, თავდაცვის მინისტრმა, თავდაცვის ძალების მეთაურმა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა. ქართული კონტინგენტის მიერ სამშვიდობო მისიის დასრულებისადმი მიძღვნილი ღონისძიება სენაკში, მე-2 ქვეითი ბრიგადის ბაზაზე გაიმართა. ცერემონიის ფარგლებში, ქვეყნის წინაშე განსაკუთრებული დამსახურების, გამოჩენილი მამაცობისა და თავდადებისათვის, სამხედრო მოსამსახურეები ღირსების ორდენებითა და მედლებით, ასევე, მედლებით – „გენერალი კვინიტაძე” და „გიორგი ანწუხელიძე” დაჯილდოვდნენ. ღონისძიების დაწყებამდე, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული გმირების ხსოვნას და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
ავღანეთის მისიის დასრულების შესახებ ნატომ გადაწყვეტილება მიმდინარე წლის აპრილში მიიღო. ქართულმა ქვედანაყოფებმა ავღანეთი ნატო-სთან შეთანხმებული გრაფიკით, სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-თან კოორდინაციით, ეტაპობრივად დატოვეს და საქართველოში სრული შემადგენლობით ივნისის ბოლოს დაბრუნდნენ. 2004 წლიდან დღემდე, სხვადასხვა დონეზე ჩატარებული 107 როტაციის ფარგლებში (ISAF, RSM), ავღანეთში განხორციელებულ საერთაშორისო მისიებში მონაწილეობა 20 ათასზე მეტმა ქართველმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0