გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ქვემო სვანეთში, სოფელ ცანაში არსებულ ეკოლოგიურ ვითარებას ადგილზე გაეცნო. სოფელ ცანაში, ისევე როგორც სოფელ ურავში, დარიშხანის შემცველობის ნარჩენების განთავსების კერები არსებობს, რომელიც 1993 წელს, ამ ტერიტორიაზე არსებული სამთო-ქიმიური ქარხნების დახურვის შემდეგ წარმოიქმნა. დარიშხანის საბადოები დაკონსერვებულია, დარიშხანის წარმოება კი, შეწყვეტილი.
“ჩვენი ხელისუფლებისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა გარემოსდაცვითი კუთხით რეფორმების განხორციელება და არსებული გამოწვევების წინააღმდეგ შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა. ჯერ კიდევ წინა საუკუნეებიდან მოგვყვება მემკვიდრეობა სახიფათო ნარჩენების კუთხით და მათ შორის არის სოფელ ცანასა და სოფელ ურავში არსებული ადგილები. ჩვენ აქ გარკვეული ღონისძიებები გავატარეთ გასულ წლებში, თუმცა ბოლომდე ეს საკითხი არ არის მოწესრიგებული. მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება სწრაფად გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები. ჩვენ ძალიან მალე დავიწყებთ ამ ტერიტორიის შემოღობვის სამუშაოებს, პარალელურ რეჟიმში, მომზადდება გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი და შესაბამისი პროექტი განხორციელდება, რაშიც აუცილებლად ჩაერთვებიან საერთაშორისო ექსპერტები. ვფიქრობ, რომ მომავალი წლის ბოლოსთვის ყველა სამუშაოები იქნება დასრულებული და ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ იქნება გადაჭრილი“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის განკარგულებით, სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო განისაზღვრა ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ცანას ტერიტორიაზე დარიშხან შემცველი მადნის გადამუშავებით წარმოქმნილი ნარჩენების განთავსების ადგილების სისტემურ მართვასა და მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელ უწყებად, რათა აქტიური ნაბიჯები გადაიდგას პრობლემის მოსაგვარებლად. იგეგმება დაბინძურებული ტერიტორიების კაპიტალური შემოღობვა და მომავალი წლიდან დაიწყება სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის შედეგად სრულად გადაიჭრება აღნიშნული პრობლემა. მინისტრთან ერთად სოფელ ცანაში რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე, მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოსა (DTRA) და სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. მხარის სახელმწიფო რწმუნებულის, პაპუნა მარგველიძის განცხადებით სახელმწიფომ დაიწყო პროექტზე მუშაობა, რომელიც რეგიონში 30 წლიან პრობლემას მოაგვარებს. პროექტის განხორციელების შედეგად, ნარჩენების სრული უტილიზაცია და კონსერვაცია მოხდება.
„მოხარული ვარ, რომ მინისტრთან ერთად, მოვინახულეთ უაღრესად მნიშვნელოვანი ადგილები. ჩვენ ერთი კვირის განმავლობაში გავეცნობით ქვეყნის შესაძლებლობებს ქიმიური უსაფრთხოების მიმართულებით“, – აღნიშნა ამერიკის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს პროგრამის „ქიმიური ელიმინაცია და უსაფრთხოება“ ოფიცერმა, სკაილარ ბეითსმა