ჩვენი შრომა დაფასდა და საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია ევროპული ინტეგრაციის გზაზე

19/03/2024

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ სხდომაზე, კომიტეტის 2023 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

„საგარეო პოლიტიკური ამოცანების მისაღწევად, საპარლამენტო დიპლომატიამ არანაკლები როლი ითამაშა, ვიდრე აღმასრულებელმა ხელისუფლებამ. 2023 წელი საგარეო პოლიტიკური კუთხით ჩვენი ქვეყნისთვის იყო წარმატებული და აქედან გამომდინარე, კომიტეტის საქმიანობაც შეგვიძლია წარმატებულად შევაფასოთ“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მისი ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი აქტიურად მუშაობდა საკანონმდებლო და საზედამხედველო საქმიანობის განსახორციელებლად და საპარლამენტო კავშირების გაძლიერებისა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ამოცანების მიღწევის მიზნით აქტიურად იყენებდა საპარლამენტო დიპლომატიას. საკანონმდებლო საქმიანობის გარდა, კომიტეტის წევრები აქტიურად მონაწილეობდნენ სხვადასხვა შეხვედრაში, როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ. აგრეთვე, წარმატებით ხორციელდებოდა წინა წლებში დანერგილი ინიციატივა, რომელიც გულისხმობს საქართველოში, საზღვარგარეთის ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელების პერმანენტულ მოსმენებს კომიტეტის სხდომებზე. ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, 2023 წელს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების ხელშეწყობას.

„ჩვენი შრომა დაფასდა და საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია ევროპული ინტეგრაციის გზაზე. იმედი მაქვს, რომ კომიტეტის საქმიანობის მომდევნო წლის ანგარიშის წარდგენისას, კომიტეტის თავმჯდომარე ევროკავშირთან უკვე გახსნილ მოლაპარაკებებზე ისაუბრებს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2023 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინა, რომელიც დელეგაციის ხელმძღვანელმა გივი მიქანაძემ წარადგინა.
ანგარიში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის მიერ გაწეულ საქმიანობას, მათ შორის ასამბლეის პლენარული სხდომების მიმდინარეობას, საკომიტეტო მუშაობას, განხორციელებულ ვიზიტებსა და შეხვედრებს ასახავს. მომხსენებლის ინფორმაციით, 2023 წლის განმავლობაში ასამბლეის ფარგლებში განხორციელდა დელეგაციის წევრთა 30 გასვლითი ვიზიტი. საანგარიშო პერიოდში, საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელი გივი მიქანაძე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების ქვეკომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს. საქართველოს დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო წლის განმავლობაში გამართულ ოთხივე სესიის მუშაობაში, რომელთა უდიდესი ნაწილი მიეძღვნა უკრაინის საკითხებს, ადამიანის უფლებების დარღვევებს.

„საქართველომ მხარი დაუჭირა ყველა რეზოლუციას, რომელიც უკრაინასთან მიმართებაში შემუშავდა“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

მისივე ინფორმაციით, დელეგაციის წევრები მნიშვნელოვან ორმხრივ შეხვედრებს მართავდნენ, რათა საქართველოს პოზიციები კიდევ უფრო განმტკიცებულიყო და საქართველოში მიმდინარე რეფორმები აქტიურად აღნიშნულიყო. საანგარიშო პერიოდში საქართველოს ეწვია ევროპის საბჭოს მონიტორინგის მისია, რომელმაც შეხვედრები გამართა საპარლამენტო უმრავლესობის და ოპოზიციის წარმომადგენლებთან. სხდომაზე სარატიფიკაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტები განიხილეს, რომელიც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა წარადგინა.
მისი ინფორმაციით, „2013 წლის 19 დეკემბრის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (სპეციალური ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა – პროექტი 3)” N5 ცვლილების“ წერილ-შეთანხმების მიზანია გამოუყენებელი სესხის თანხის სრული მოცულობით გადატანა ფოთში მიმდინარე პროექტის დანაკლისის შესავსებად. სხდომაზე ასევე განიხილეს „2015 წლის 26 ოქტომბრის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა – პროექტი 5)“ და „2015 წლის 26 ოქტომბრის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (სპეციალური ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა – პროექტი 5)“ N5 ცვლილების“ წერილ-შეთანხმება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0