ჩვენი უწყებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი არის პოტენციური თანამშრომლობა ჯანდაცვის სფეროში

01/09/2016

„ორი მთავარი მიმართულება, რა მხრივაც გავაფართოვებთ თანამშრომლობას, იქნება ფარმწარმოება და კლინიკური მიმართულება,“- აღნიშნული განცხადება დღეს, ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნულ გამოფენაზე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ გააკეთა. ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა სამედიცინო და ფარმაცევტული საგამოფენო სივრცე ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან ერთად დაათვალიერა, დელეგაციის წევრებს გაესაუბრა და ჯანდაცვის სფეროში არსებული სიახლეების შესახებ ინფორმაცია პირადად მათგან მიიღო.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველო-ბელარუსს შორის თანამშრომლობა ორი მიმართულებით გაღრმავდება.

„მე დღეს მქონდა შეხვედრა ჩემს კოლეგებთან და ვფიქრობ, ორი მთავარი მიმართულება რა მხრივაც გავაფართოვებთ თანამშრომლობას ეს იქნება ბელარუსული ფარმწარმოების, მედიკამენტების სპექტრის მნიშვნელოვანი გაზრდა, რადგან მათ დადასტურებულად ევროპული ხარისხი აქვთ და მეორე – კლინიკური მიმართულება – ონკოლოგია და ორგანოთა გადანერგვა,“- განმარტა დავით სერგეენკომ.

ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივაზეც გაამახვილა ყურადღება.

„ჩვენი უწყებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი არის პოტენციური თანამშრომლობა ჯანდაცვის სფეროში, რადგან ბელარუსის სახელმწიფომ დიდი მიღწევები განახორციელა, როგორც ფარმწარმოების, ისე კლინიკური მიმართულებით. ჩვენი თანამშრომლობა, რომელიც უკვე ძალიან კარგია, შეიძლება, მნიშვნელოვნად გაფართოვდეს,“- აღნიშნა დავით სერგეენკომ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0