ჩვენი უმთავრესი ეროვნული მიზანია ჩვენი აფხაზი და ოსი ძმების და დების დაბრუნება და ეს ამოცანა აუცილებლად შესრულდება

23/05/2018

„ჩვენ გვყავს ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდები, ბავშვები, ჩვენი ახალი თაობა, რომელიც იქნება საუკეთესო საფუძველი იმისა, რომ აუცილებლად გამოვნახავთ საერთო ენას ჩვენ აფხაზ ძმებთან და დებთან – ეს არის ჩვენი უმთავრესი ეროვნული ამოცანა”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გამოფენის – „ჩემი სახლი აფხაზეთში“ გახსნაზე განაცხადა. გამოფენა საქართველოს პარლამენტში, აფხაზეთის დღის აღსანიშნავად, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძის ინიციატივით გაიმართა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ბავშვების მიერ შესრულებულ ნამუშევრებში თითოეული ქართველის განცდაა ასახული. სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის ჩვენი უმთავრესი ეროვნული ამოცანა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და აფხაზი და ოსი ძმების და დების დაბრუნებას უკავშირდება.

„მოხარული ვარ, რომ დღეს ვმასპინძლობთ არაჩვეულებრივ გამოფენას-ფოტოგამოფენას, ფერწერული ნამუშევრების გამოფენას და ვმასპინძლობთ ძალიან ნიჭიერ ბავშვებს, რომელთა მიერაც არის შესრულებული ეს ნამუშევრები. ამ ნამუშევრებში არის ჩადებული ის განცდა, რომელიც გვაქვს თითოეულ ჩვენგანს გულში-ეს არის არა მხოლოდ იმ ადამიანების განცდა, რომლებსაც მოუწიათ აფხაზეთის დატოვება, ჩვენი ისტორიული, მშობლიური კუთხის დატოვება, არამედ, ეს არის თითოეული ქართველის განცდა, რომელსაც თითოეული ჩვენგანი ვატარებთ გულით. ეს არის მონატრების განცდა, ეს არის ჩვენი ოცნება, რომელიც დაკავშირებულია იმასთან, რომ ერთხელ ჩვენ აუცილებლად უნდა შევხვდეთ ჩვენ აფხაზ და ოს ძმებს და დებს და ერთხელ აუცილებლად უნდა ასრულდეს ის მიზანი, რასაც ქვია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, რასაც ქვია ჩვენი აფხაზი და ოსი ძმების და დების დაბრუნება. ეს არის ჩვენი უმთავრესი ეროვნული მიზანი, ეს არის ჩვენი უმთავრესი ეროვნული ოცნება და მე მჯერა, რომ საბოლოო ჯამში, ეს ოცნება აუცილებლად ასრულდება და ამის ერთ-ერთი საუკეთესო წინაპირობა არის ის, რომ ჩვენ გვყავს ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდები, ბავშვები, ჩვენი ახალი თაობა, რომელიც იქნება საუკეთესო საფუძველი იმისა, რომ ჩვენ აუცილებლად გამოვნახავთ საერთო ენას ჩვენ აფხაზ ძმებთან და დებთან და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს არის ჩვენი უმთავრესი ეროვნული ამოცანა, ჩვენი ოცნება”,- მიმართა დამსწრეებს ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, უმთავრესი ეროვნული ამოცანის მისაღწევად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.

„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ იმაზე, რომ სამშვიდობო ინიციატივებით გამოვიდეთ, ხელი გავუწოდოთ ჩვენ აფხაზებს, ჩვენ აფხაზ ძმებს და დებს და დარწმუნებული ვარ კიდევ ერთხელ, რომ ჩვენი ეს მისწრაფება საბოლოო ჯამში აუცილებლად იქნება შედეგიანი”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0