ჩვენი საერთო ამოცანა უნდა იყოს, რომ ძლიერი დიასპორა გვყავდეს ყველგან, მთელს მსოფლიოში, რაც, საბოლოო ჯამში, ძლიერ საქართველოს ნიშნავს

28/05/2021

ისტორიულად, ყოველთვის გამოკვეთილი იყო დიასპორის როლი ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, – ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ონლაინფორუმზე – „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის” განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, საერთო ამოცანა უნდა იყოს, რომ ძლიერი დიასპორა გვყავდეს მთელს მსოფლიოში, რაც, საბოლოო ჯამში, ძლიერ საქართველოს ნიშნავს.

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ მოგმართოთ დღეს. ყველას გილოცავთ კიდევ ერთხელ დამოუკიდებლობის დღეს და დიასპორის დღეს. ძალიან ბევრი შეიძლება ვისაუბროთ დიასპორის როლზე ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. ისტორიულად, ყოველთვის გამოკვეთილი იყო დიასპორის როლი ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. ეს სახელწოდება, რომელიც დღევანდელი ფორუმისთვის არის შერჩეული, ძალიან სიმბოლურია, ვინაიდან, ჩვენი საერთო ამოცანა, საერთო იმედი და ოცნება უნდა იყოს ის, რომ ძლიერი დიასპორა გვყავდეს ყველგან, მთელს მსოფლიოში, რაც, საბოლოო ჯამში, ნიშნავს, რა თქმა უნდა, ძლიერ საქართველოს. ჩვენ არაერთი მაგალითი შეგვიძლია გავიხსენოთ ჩვენი დიასპორის თვალსაჩინო წარმომადგენლების, რომლებმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს, არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, არამედ იმ ქვეყნების წინსვლასა და განვითარებაში, სადაც ისინი მოღვაწეობდნენ. ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ დიდი პატივით გენერალი გიორგი კვინიტაძე, რომელიც ასევე იყო თვალსაჩინო წარმომადგენელი ჩვენი ემიგრაციაში მყოფი ქართველების. იგი არა მხოლოდ საქართველოში მოღვაწეობისას ემსახურებოდა თავის სამშობლოს, არამედ ემიგრაციის რთულ, დრამატულ წლებშიც ინახავდა თავისუფლების, ჩვენი ევროპული მომავლის იდეას. ასევე მინდა აღვნიშნო ჩვენი პრეზიდენტი, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც დაიბადა და გაიზარდა ემიგრაციაში, შემდეგ დაბრუნდა საქართველოში და რა სიმბოლურია, რომ იგი ახლა არის ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, დიასპორის წარმომადგენლებს ძალიან დიდი როლი აქვთ შეტანილი ჩვენი ქვეყნის, ჩვენი თანამედროვე საქართველოს განვითარებაში.

„მე არ შემიძლია არ აღვნიშნო ბატონი ბიძინა ივანიშვილის როლი და დამსახურება, რომელიც ასევე იყო დიასპორის წარმომადგენელი, ასევე იყო ემიგრაციაში მრავალი წლის განმავლობაში და შემდეგ, ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ იგი დაბრუნდა სულ რაღაც 20 წლის წინ საქართველოში და უდიდესი როლი შეასრულა, უდიდესი წვლილი შეიტანა ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. ეს კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს ძალიან დიდი გულისხმიერებითა და გულწრფელობით. ჩვენ, თუ გადავხედავთ ისტორიას, ჩვენი დიდი ქართველების მოღვაწეობას, რამდენიმე გვარი შეიძლება რომ კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენს თავს – ალექსანდრე ქართველი – ავიაციის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ნოვატორი, აშშ-ის ავიამშენებლობის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა; ჯორჯ ბალანჩინი – უდიდესი ქორეოგრაფი, ამერიკული კლასიკური ბალეტის ფუძემდებელი, კონსტანტინე სიდამონ-ერისთავი – ნიუ-იორკის ვიცე-მერი, რომელიც უდიდეს როლს ასრულებდა მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ქალაქის მართვასა და განვითარებაში; ჯონ მალხაზ შალიკაშვილი – სახელოვანი სამხედრო მოღვაწე, პირველი საზღვარგარეთ დაბადებული ადამიანი, რომელმაც უმაღლეს საფეხურს მიაღწია და აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელი გახდა. დღესაც არაერთი ჩვენი თანამემამულე საზღვარგარეთ წამყვან სამეცნიერო და საგანმანათლებლო ცენტრებში მუშაობით, შემოქმედებითი თუ სპორტული მიღწევებით არა მხოლოდ საკუთარი დარგის წინსვლას ემსახურებიან, არამედ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ელჩები არიან”, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულის რეპუტაცია ჩვენი ქვეყნის უდიდესი კაპიტალია.

„თანამედროვე მსოფლიოში, როდესაც დიასპორებს განსაკუთრებული მისია ეკისრებათ, მათ შეუძლიათ საკუთარი ცოდნა, რეპუტაცია თუ ურთიერთობები საქართველოში სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული, პოლიტიკური პროცესების განვითარებას მოახმარონ. ამავდროულად, მათ აქვთ უნიკალური შესაძლებლობა, ხელი შეუწყონ საქართველოს საერთაშორისო პოპულარიზაციას და პოზიტიური იმიჯის განმტკიცებას მთელს მსოფლიოში”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია – როგორც ფორუმის სახელწოდებიდან კიდევ ერთხელ, ხაზგასმით, მკაფიოდ ჩანს – ძლიერი დიასპორული ცენტრების შექმნა მთელს მსოფლიოში.

„ეს იქნება ჩემი ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ მთელს მსოფლიოში, 50-ზე მეტ ქვეყანაში, ძლიერი ცენტრების, ძლიერი სათვისტომოების ჩამოყალიბებას. მე აქვე მინდა აღვნიშნო ჩვენი ეკლესიის როლი, საპატრიარქოს წარმომადგენლობების როლი უცხო ქვეყნებში, რომლებიც არის უცხოეთში მცხოვრები ქართველების გამაერთიანებელი. ჩვენ არაერთი საკანონმდებლო ცვლილება განვახორციელეთ ამ პერიოდში. პირველად ქართული კონსტიტუციონალიზმის ისტორიაში, ჩვენს კონსტიტუციაში გავაჩინეთ სპეციალური ჩანაწერი, რომლითაც სახელმწიფო უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე იღებს პასუხისმგებლობას. კონსტიტუციიდან ასევე ამოვიღეთ ორმაგი მოქალაქეობის აკრძალვა, რაც იყო შემაფერხებელი ბარიერი ჩვენი დიასპორისთვის”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, განსაკუთრებული ზრუნვის საგანი უნდა იყოს საზღვარგარეთ არსებული ქართული კულტურის კერები.

„დღეს კიდევ ერთხელ მინდა, განსაკუთრებული პატივით და დიდი მოწიწებით მივესალმო ჩვენს იმ თანამემამულეებს, რომლებიც სამშობლოდან შორს შრომობენ, მოღვაწეობენ საკუთარი ოჯახების კეთილდღეობისთვის. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ ადამიანებს ღირსეული დაბრუნების საშუალება მივცეთ, რაც შეიძლება, მოკლე დროში. რა თქმა უნდა, მათ, ვისაც ამის სურვილი აქვს. ჩვენი განსაკუთრებული ზრუნვის საგანი უნდა იყოს საზღვარგარეთ არსებული ქართული კულტურის კერები. მინდა ასევე სიამაყით აღვნიშნო ლევილის მამულის დაბრუნებისა და რეაბილიტაციისათვის გაწეული ძალისხმევა ჩვენი მთავრობის მიერ. მოგეხსენებათ, რომ ლევილის მამული საქართველოს მთავრობას 2016 წელს გადმოეცა. ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რომელიც მოკლე დროში დასრულდება. კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე, ვუსურვო ჩვენს დიასპორას მხნეობა, ჯანმრთელობა, გაძლიერება, რომელიც საბოლოო ჯამში, ემსახურება ჩვენი ქვეყნის ერთიანობას და გაძლიერებას. დიდი მადლობა და გისურვებთ წარმატებას”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დიასპორის დღე, ტრადიციულად, ყოველ წელს, თბილისში, უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ერთად, დიასპორის ფორუმის თუ სხვა კულტურულ-საზოგადოებრივი ღონისძიებების სახით, 27-28 მაისს იმართება და საუკეთესო საშუალებაა უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებთან თანამშრომლობის გაღრმავების, მათი სახელმწიფო ინსტიტუტებთან დაკავშირების, დიასპორული ორგანიზაციების წინაშე არსებულ გამოწვევებსა და დიასპორის მიმართ განხორციელებული სახელმწიფო პოლიტიკის მნიშვნელოვან მიღწევებზე მსჯელობისათვის. ფორუმის ოფიციალური გახსნითი ნაწილის დასრულების შემდეგ, თანამიმდევრულ რეჟიმში გაიმართა ორი თემატური შეხვედრა: 1. „ეკონომიკა და ბიზნესი – ქართული დიასპორა ქვეყნის განვითარებისათვის”; 2. „განათლება და კულტურა”. თემატურ ჯგუფებში მომხსენებლებმა წარმოადგინეს თავიანთი ხედვა და გაუზიარეს პროფესიული ცოდნა და გამოცდილება ფორუმის მონაწილეებს.
თემატურ ჯგუფებში დისკუსიის დროს, მონაწილეებმა, ისაუბრეს დიასპორული ორგანიზაციის წინაშე პანდემიით გამოწვეულ საჭიროებებსა და სირთულეებზე, რათა ერთობლივად განხორციელდეს არსებული პრობლემების გადაჭრის ეფექტური რეკომენდაციების შემუშავება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0