ჩვენი საბოლოო მიზანია, გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი

27/06/2020

„ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან 6 წლის შემდეგ ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო ძალიან პოზიტიური ბიძგი ჩვენი განვითარებისა და რეფორმებისთვის. ასოცირების ნაწილია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმება, რომელმაც ხელი შეუწყო ორმხრივი სავაჭრო – ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას. დღეს ევროკავშირი ჩვენი ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია და მასზე ჩვენი სავაჭრო ბრუნვის 24 პროცენტი მოდის. რაც შეეხება ექსპორტს, ევროკავშირში ექსპორტის მაჩვენებელი 12 პროცენტითაა გაზრდილი“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის ფაქტის შეფასებისას.

მინისტრის განცხადებით, ასოცირების შეთანხმებამ საქართველოსთვის ხელმისაწვდომი გახადა ევროკავშირის ბაზრის 4 თავისუფლებიდან 3 – ესაა, საქონლის, კაპიტალის და მომსახურების თავისუფალი გადაადგილება, რაც საქართველოს ეკონომიკური განვითარებისათვის მნიშვნელოვანი სტიმულია. მისი თქმით, შეთანხმებამ კარგი ასპარეზი შექმნა ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის და ევროკავშირის სხვადასხვა სტიმულირების პროგრამის მეშვეობით მათი კონკურენტუნარიანობის ზრდას შეუწყო ხელი. ნათია თურნავამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის მხარდაჭერაზე რეფორმების განხორციელების მიმართულებით. მან აქცენტი გააკეთა ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზების რეფორმაზე, რომლის მიზანსაც საქართველოს ევროკავშირის ენერგობაზართან ჰარმონიზება წარმოადგენს. მინისტრის თქმით, დაფუძნდა ენერგეტიკული ბირჟა, ხორციელდება რეფორმები ენერგოეფექტურობისა და კონკურენციის გაზრდის მიმართულებით და სხვ. მინისტრმა ცალკე გამოყო ევროკავშირთან თანამშრომლობა ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროში. მისი თქმით, ტრანს-ევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებზე გავრცელებამ საქართველოსთვის შექმნა ახალი შესაძლებლობები ევროკავშირთან სატრანსპორტო კავშირების გაძლიერების თვალსაზრისით და ზოგადად ევროპა-აზიის დერეფნის განვითარების კუთხით.

„განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქვეყნის სატრანსპორტო ქსელის განვითარებას, გამტარუნარიანობის, უსაფრთხოების გაზრდას, რასაც ემსახურება ის მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც უკვე დაწყებულია ან მომავალში განხორციელდება. აღსანიშნავია, რომ TEN-T-ის საინვესტიციო გეგმაში გათვალისწინებულია საქართველოს 18 პრიორიტეტული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლებიც ეხება ყველა მიმართულებას (საზღვაო, სახმელეთო, საჰაერო). ამ პროექტების გარკვეული ნაწილი ხორციელდება სწორედ ევროპული ფინანსური ინსტიტუტების მხარდაჭერით“ – განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრმა ასევე დიდი შეფასება მისცა ევროკავშირთან თანამშრომლობას სოფლის მეურნეობისა და ხარისხის ინფრასტრუქტურის სფეროებში.

„ჩვენი საბოლოო მიზანია, გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ჩვენ ძალიან პოზიტიურად მივდივართ ამ გზაზე და ძალიან ხელშესახები პროგრესი გვაქვს ყველა მიმართულებით. ჩვენ დავისახეთ მიზნად, რომ ვიმოძრაოთ ევროკავშირთან ერთად, რათა დავუახლოვდეთ ევროკავშირის სტანდარტებს, მოვახდინოთ კანონმდებლობის ჰარმონიზაცია. ყოველივე ეს ჩვენს ბიზნეს გარემოს კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის უცხოელი ინვესტორებისთვის, რადგან მათთვის ის თამაშის წესები, რომელიც ჩვენთან ინერგება, კარგად არის ნაცნობი“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0