ჩვენი პარლამენტის საამაყოდ უნდა ითქვას – საჯარო ფინანსებზე საპარლამენტო ზედამხედველობა ის სფეროა, რომელშიც საქართველო საკმაოდ ძლიერია

04/10/2022

„ჩვენი პარლამენტის საამაყოდ უნდა ითქვას, საჯარო ფინანსებზე საპარლამენტო ზედამხედველობა ის სფეროა, რომელშიც საქართველო საკმაოდ ძლიერია. „ღია ბიუჯეტის“ 2021 წლის მონაცემების მიხედვით პარლამენტის და აუდიტის სამსახურს მხრიდან ზედამხედველობის სისტემა შეფასებულია როგორც ადეკვატური, 100 ქულიდან მიღებული აქვს 74 ქულა, ხოლო ბიუჯეტის გამჭვირვალობის კუთხით, საქართველო 120 ქვეყანას შორის პირველ ადგილზეა. ამიტომ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს შუალედური პერიოდი გვაქვს ძალიან კარგი და მნიშვნელოვანია, რომ ამ მხრივ გაუმჯობესება კიდევ შევძლოთ. როდესაც ამ მოწვევის პარლამენტი შევაჯამებთ საქმიანობას, გვექნება მეტი სათქმელი საჯარო ფინანსებზე საპარლამენტო ზედამხედველობის მიმართულებით“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების (TWINNING) პროექტის „საჯარო ფინანსებზე საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება“ პრეზენტაციაზე განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საჯარო ფინანსების მართვაზე ზედამხედველობის კუთხით, მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პროცესში ზედამხედველობის სხვადასხვა ინსტრუმენტების გამოყენებით და საუკეთესო გამოცდილების გაზიარებით აქტიურად მონაწილეობს პარლამენტი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი და ეს არის შესაძლებლობა მოხდეს არსებული მონაცემების კიდევ უფრო გაუმჯობესება.

„საჯარო ფინანსების მართვაზე ზედამხედველობის მხრივ, ბევრი რამ გვაქვს სისტემურად გამართული. ვფიქრობ, მნიშნელოვანია, რომ თითოეული დეპუტატი, განსაკუთრებით ოპოზიციის მხრიდან, დაინტერესებული იყოს ამ საკითხებით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აქ ნიდერლანდების სამეფოს წარმომადგენლობითი პალატის და ასევე ფინანსების და ეკონომიკის ინსტიტუტის დახმარება. ეს მოგვცემს შესაძლებლობას ჩვენი მონაცემები კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ. ჩვენი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შემადგენლობა არის საკმაოდ ძლიერი და ისინი დიდ სამსახურს უწევენ პარლამენტს. თუმცა, ამავე დროს, მნიშვნელოვანია ყველა დეპუტატის ჩართვა ამ პროცესში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ევროკავშირს და ნიდერლანდების სამეფოს საპარლამენტო დემოკრატიის და ზედამხედველობის კუთხით გაწეული მრავალწლიანი დახმარებისთვის.

„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ევროკავშირს საქართველოსთვის მრავალწლიანი დახმარებისთვის. საპარლამენტო ზედამხედველობა არის საკითხი, რომელზეც პარლამენტი მუშაობს არა მხოლოდ ამ განზომილებაში, არამედ ზოგადად, საპარლამენტო ზედამხედველობის ინსტრუმენტების გაძლიერების კუთხითაც და ვფიქრობ, აქაც ევროკავშირის გვერდში დგომა არის გადამწყვეტი. განსაკუთრებული მადლობა მინდა ასევე გადავუხადო ნიდერლანდების სამეფოს, ვინაიდან დაძმობილების ასეთი პროექტები იძლევა შესაძლებლობას, რომ ქვეყნებს შორის იყოს გამოცდილების გაცვლა და ნიდერლანდების გამოცდილება ჩვენთვის მნიშვნელოვანია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ღონისძიების მონაწილეებს მიმართეს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ ჯანჯალიამ, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ და ნიდერლანდების სამეფოს ელჩმა საქართველოში მააიკე ვან კოლდამმა. გამომსვლელებმა ისაუბრეს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის როლზე და მნიშვნელობაზე ევროკავშირის ქვეყნებსა და საქართველოში და ყურადღება გაამახვილეს საჯარო ფინანსებზე საპარლამენტო ზედამხედველობის მნიშვნელობაზე. საჯარო სამსახურების დაძმობილების (TWINNING) პროექტი „საჯარო ფინანსებზე საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება“ ევროკავშირის დაფინანსებით და ნიდერლანდების სამეფოს და საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თანამშრომლობით ხორციელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0