ჩვენი ორი წლის მუშაობის შედეგად, უმუშევრობისა და სიღარიბის დონე ისტორიულ მინიმუმზეა

20/02/2023

ჩვენი ორი წლის მუშაობის შედეგად, უმუშევრობისა და სიღარიბის დონე ისტორიულ მინიმუმზეა, ყველა მიმართულებით გვაქვს პოზიტიური დინამიკა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, წინასწარი ინფორმაციით, საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა იქნება იანვარში.

„ბოლო ინფორმაცია, რაც გამოქვეყნდა სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ, უმუშევრობის დონე არის ისტორიულ მინიმუმზე. შემცირდა უმუშევრობა, ასევე სიღარიბე არის ისტორიულ მინიმუმზე. თქვენ ნახეთ, გაეცანით ბოლო მონაცემებს, რომ ვაჭრობა არის გაზრდილი, ყველა მიმართულებით გვაქვს პოზიტიური დინამიკა, ეკონომიკის ზრდა, ველოდებით იანვრის მონაცემებს, წინასწარი ინფორმაციით, რომელიც მაქვს ფინანსთა სამინისტროდან, თუმცა, რა თქმა უნდა, საბოლოო ინფორმაციას უნდა დაველოდოთ სტატისტიკის სამსახურიდან, საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა იქნება იანვარში. ზოგადად, დინამიკა, რაც იკვეთება, ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს, რომ წელსაც გვქონდეს მაღალი ეკონომიკური ზრდა. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ამოცანა, დასაქმება, მეტი სამუშაო ადგილები. ასევე გეტყვით, რომ უმუშევართა რაოდენობაც არის შემცირებული როგორც მამაკაცებში, ისე ქალებში. ქალაქად და სოფლად, ყველგან არის შემცირებული უმუშევრობა. ეს არის ისტორიული მინიმუმი, – როგორც უმუშევრობა, ისე სიღარიბე. ეს არის ჩვენი ორი წლის მუშაობის შედეგი”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, უნდა გავაგრძელოთ ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა და იმ ინტერესების გატარება, რომლებიც მხოლოდ ჩვენს ხალხს და ქვეყანას სჭირდება. ჩვენ რომ სხვა ნაბიჯები გადაგვედგა, არავითარ ეკონომიკურ კეთილდღეობაზე საუბარი არ იქნებოდა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რთული ვითარებაა მსოფლიოში, გამოსავალი არ ჩანს და არ იციან, როდის დასრულდება უკრაინაში ომი.

„კიდევ ერთხელ მინდა ჩვენს საზოგადოებას ვუთხრა, ხაზგასმით აღვნიშნო, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენს პოლიტიკას. ყველაფერი უკავშირდება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას. ჩვენ რომ სხვა ნაბიჯები გადაგვედგა, კარგად გვესმის, რომ საერთოდ არავითარ ეკონომიკურ კეთილდღეობაზე საუბარი არ იქნებოდა. ვიმყოფებოდი მიუნხენში, მოგეხსენებათ. ნახეთ, რომ ძალიან რთული ვითარებაა, გამოსავალი არ ჩანს, არ იციან, როდის დასრულდება უკრაინაში ომი. საერთოდ, გამოსავალი არ ჩანს ამ სიტუაციაში. ასე რომ, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა და იმ ინტერესების გატარება, რომლებიც მხოლოდ ჩვენს ხალხს და ქვეყანას სჭირდება. ეს არის ჩემი მთავარი სათქმელი”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0