ჩვენი მიზანი, ჩვენი ახალგაზრდების თავისუფალი საზოგადოების სრულფასოვან და ღირსეულ წევრებად ჩამოყალიბებაა

23/10/2018

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გამართულ „CERN-ის შემეცნებით ფესტივალზე“ სიტყვით წარსდგა, სადაც სამეცნიერო და ინოვაციურ ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ საერთაშორისო სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროექტების მნიშვნელობაზე და მასში ახალგაზრდების ჩართულობის პოზიტიურ შედეგებზე იმსჯელა.

მინისტრმა დადებითად შეაფასა ის ფაქტი, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში CERN-ის სამეცნიერო და საგანმანათლებლო ღონისძიებები ტრადიციად იქცა, რადგან მსგავსი აქტივობები 15-20 წლის ახალგაზრდებში მეცნიერებისადმი ინტერესს და კრეატიულობის მეტ მოტივაციას აღძრავს, რაც მათ უცხოელ თანატოლებთან თავის წარმოჩენის უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს.

მინისტრმა ხაზი გაუსვა CERN-ის ვორკშოფებს IT ტექნოლოგიებში, რომლის ლოგიკური გაგრძელება ტექნიკურ უნივერსიტეტში გრიდის კლასტერის შექმნის პროექტია. მან ყურადღება გაამახვილა ასევე მასტერკლასებზე სკოლის მოსწავლეებისათვის, რაც ახალგაზრდებში არნახულ ინტერესს იწვევს.

„ჩვენი საბოლოო მიზანი ჩვენი ახალგაზრდების პროგრესი და განვითარებაა, მათი ჩამოყალიბებაა თავისუფალი საზოგადოების სრულფასოვან და ღირსეულ წევრებად“ – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

„CERN-ის შემეცნებითი ფესტივალი საქართველოში“ სამეცნიერო და საგანმანათლებლო ღონისძიებას წარმოადგენს. ფესტივალი სამ განსხვავებულ ღონისძიებას მოიცავს: CERN-ის მასტერკლასები სკოლის მოსწავლეებისათვის, CERN-ის სამეცნიერო-შემეცნებითი ვორკშოფები უმაღლესი და საშუალო სკოლის მასწავლებლებისა და მკვლევარებისათვის და Art@Science გამოფენა, რომლის ფარგლებშიც ეწყობა სამეცნიერო აღმოჩენებთან ასოცირებული ხელოვნების ნიმუშების პრეზენტაცია და მათ ავტორებთან შეხვედრა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0