ჩვენი მიზანია, რომ ქალაქში ყველაფერი იყოს მოწესრიგებული

11/01/2022

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის 2022 წლის პირველი მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ 24-საათიანი შრომით, თბილისი კიდევ უფრო გამწვანდება და მეტი ქუჩა განახლდება. მისი თქმით, ყველა გამოწვევა წარსულში დარჩება და განვითარების და აღმშენებლობის წელი იქნება.

„კიდევ ერთხელ გილოცავთ შობა-ახალ წელს, გისურვებთ ჯანმრთელობას და მშვიდობას. 2022 წლის პირველ მთავრობის სხდომას ვიწყებთ სურვილით – ყველა გამოწვევა, რამაც შეგვაფერხა, ხელი შეგვიშალა, დარჩეს წარსულში და მიმდინარე წელი იყოს განვითარების, აღმშენებლობის, წარმატებების წელი ჩვენი ქვეყნის, ქალაქის და ამ ქვეყანაში მცხოვრები თითოეული მოქალაქისთვის. რასაკვირველია, პრობლემა უამრავია და მას ერთი ხელის მოსმით ვერ მოვაგვარებთ, მაგრამ მერწმუნეთ, 24-საათიანი შრომით, პროფესიონალთა ძალისხმევით, თბილისი იქნება კიდევ უფრო გამწვანებული, განახლებული ქუჩებით და ინფრასტრუქტურით, უფრო ხელმისაწვდომი სერვისებით; იქნება მეტი ხელშეწყობა სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების კუთხით; ყველა დაპირებას, რაც ჩემგან და ჩემი გუნდისგან მიიღეს თბილისელებმა წინასაარჩევნოდ, აუცილებლად შევასრულებთ. ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანის, თანამშრომლის როლი და მონდომება, რომ არსებულ პრობლემებს შესაბამისი პასუხი გაეცეს“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ დედაქალაქში მცხოვრებლებს მიმართა, რომ იყვნენ თბილისში მიმდინარე ყველა პროცესის მოზიარე და გულშემატკივარი, რადგან ეს ყველაფერი კეთდება სწორედ ხალხისთვის და მომავალი თაობისთვის.

„მინდა, მივმართოთ დედაქალაქში მცხოვრებ ადამიანებს და ვთხოვო მხოლოდ ერთი რამ: დარჩით ამ ქალაქის გულშემატკივრად, მის მეგობრად, ყველა მიმდინარე პროცესის თანამოზიარედ. ის, რაც თბილისში კეთდება, კეთდება თქვენთვის, ჩვენთვის, ჩვენი შვილებისთვის. ჩვენი მიზანია, რომ ქალაქში ყველაფერი იყოს მოწესრიგებული. მხოლოდ ერთობით, საერთო ზრუნვით შევძლებთ უკეთეს თბილისში ცხოვრებას. მაქვს თქვენი მხარდაჭერის იმედი, რაც მაძლევს ძალას, ჩემს გუნდთან ერთად, შევუდგე უამრავი მასშტაბური პროექტის განხორციელებას. ასე იყო 2017 წლიდან მოყოლებული. ყოველდღიურად ვგრძნობდით თქვენ თანადგომას, მხარდაჭერას, რაც კიდევ უფრო მეტ ძალას გვაძლევდა მუშაობისთვის. ვუსურვოთ ერთმანეთს წარმატებები თბილისის საკეთილდღეოდ“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის ერთ-ერთი პირველი პროგრამა, რომელიც დღეიდან ამოქმედდება, მედიკამენტების 500-ლარიანი ვაუჩერების პროგრამაა.
მისი თქმით, ამ პროგრამის ბენეფიციარები თბილისში რეგისტრირებული საპენსიო ასაკის პირები იქნებიან, რომელთა ოჯახების სოციალური სარეიტინგო ქულა 200 000–ს არ აღემატება.

„ეს არის ყოველწლიური და არა ერთჯერადი ვაუჩერი, რომლის გამოყენება ბენეფიციარებს მათი შეხედულებისამებრ, ექიმის დანიშნულებიდან გამომდინარე, მთელი წლის განმავლობაში, ლიმიტის ამოწურვამდე შეეძლებათ. მოქალაქეს ვაუჩერის მისაღებად მერიაში ან რაიონის გამგეობაში მისვლა არ დასჭირდება და კრიტერიუმების დაკმაყოფილებისთანავე, ავტომატურად გახდება პროგრამის მოსარგებლე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა აღნიშნული ვაუჩერი და საინფორმაციო ბუკლეტი წარადგინა, რომლის დარიგებაც გამგეობის თანამშრომლებს დაავალა.

„ვაუჩერის გამოსაყენებლად პროგრამის ბენეფიციარი ან მისი წარმომადგენელი საჭირო მედიკამენტების განსაზღვრის მიზნით, ექიმს მიმართავს. ის პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობას, რომელშიც მითითებული იქნება საჭირო მედიკამენტების ჩამონათვალი და რაოდენობა, განათავსებს პროგრამის ელექტრონულ მოდულში. ამის შემდეგ, ბენეფიციარი ან მისი წარმომადგენელი, ტელეფონის ნომერზე სპეციალურ კოდს მიიღებს და პირადობის მოწმობით, მისთვის სასურველ აფთიაქს მიმართავს. იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარის მიერ შერჩეულ აფთიაქში სრულყოფილად არ არის ჯანმრთელობის ცნობაში მითითებული ყველა მედიკამენტი, მას შეეძლება დარჩენილი მედიკამენტი სხვა აფთიაქში ან მოგვიანებით, იმავე აფთიაქში აიღოს. ბენეფიციარმა ან მისმა წარმომადგენელმა აფთიაქიდან მედიკამენტები კოდის მიღებიდან არაუგვიანეს 30 დღეში უნდა გაიტანოს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა პროგრამის დაწყებისა და განხორციელების წესის შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით, სამედიცინო დაწესებულებებისა და სააფთიაქო ქსელის წარმომადგენლებს შესაბამისი ტრენინგები უკვე ჩაუტარა, რათა პენსიონერებმა მომსახურება დაუბრკოლებლად მიიღონ.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერმა საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება, რომელიც მიკროავტობუსების სრულად ჩანაცვლებას ეხებოდა, შესრულებულია. მისივე განცხადებით, 1 000 ერთეული მიკროავტობუსი უკვე თბილისშია, რომელიც ეტაპობრივად გაეშვება ქსელში და რამდენიმე დღეში ე.წ. ყვითელ მიკროავტობუსებს სრულად ჩაანაცვლებს.

„რეფორმა, რომელიც 2017 წელს დავიწყეთ და გრძელდება, ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ, ფაქტობრივად, ჩავანაცვლეთ ავტობუსების პარკი. ხედავთ, რომ არც ერთი ე.წ. ყვითელი ავტობუსი აღარ დადის ქალაქში. ჩემი დაპირება, რომ ქალაქში ე.წ. ყვითელი ავტობუსები აღარ იმოძრავებდა და ისინი ჩანაცვლდებოდა, შესრულებულია. პარალელურად, ასევე დაპირება გვქონდა მიკროავტობუსების განახლებასთან დაკავშირებით. უკვე თბილისშია 1 000 ერთეული მიკროავტობუსი, რომელიც ეტაპობრივად გაეშვება ქსელში და რამდენიმე დღეში ე.წ. ყვითელ მიკროავტობუსებს სრულად ჩაანაცვლებს. ქალაქში არ იმოძრავებს არც ერთი ძველი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა თუნდაც გადაადგილების თვალსაზრისით. ავტობუსებს ყველანაირი რესურსი ამოწურული ჰქონდა. იგივე შემიძლია ვთქვა მიკროავტობუსებზე, რომლებიც ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით, პრობლემას წარმოადგენდა. შეიძლება ითქვას, რომ დღეს უკვე სრულად განახლებული და მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოემსახურება თბილისის მოსახლეობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, თბილისში ძველი საზოგადოებრივი ტრანსპორტი აღარასდროს იმოძრავებს და ის ეტაპობრივად განახლდება.
გარდა ამისა, თბილისის მერმა მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ახალ სისტემაზეც გაამახვილა ყურადღება. აღინიშნა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი ულიმიტო სამგზავრო აბონემენტების გაყიდვების ნახევარი ერთწლიან ბარათებზე მოდის.

„სააბონემენტო სისტემა ნაწილია იმ სატრანსპორტო რეფორმის, რაც წამოვიწყეთ. 5 იანვრიდან გაყიდვაშია საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი ულიმიტო სამგზავრო ბარათები. გარკვეული რაოდენობა უკვე გაყიდულია და გაყიდვების ნახევარი მოდის ერთწლიან ბარათებზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, მგზავრობის ინტეგრირებული სისტემა ევროპული სტანდარტია და დედაქალაქში პირველი თებერვლიდან ამოქმედდება.

„ეს არის ევროპული სტანდარტი, როდესაც მგზავრები სარგებლობენ ვადიანი ულიმიტო სამგზავრო აბონემენტებით. აღნიშნული სისტემის შესახებ საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად, ბევრი არასწორი ინფორმაცია გავრცელდა. თითქოს, მგზავრობის ტარიფი გაძვირდა, რეალობა კი სხვაა. საზოგადოებრივი ტრანსპორტის აქტიური მომხმარებლები, ასევე, 53% ადამიანებისა, რომლებიც შეღავათიანი ტარიფით/ფასით (0,2, 0,1 ლარი) და უფასო მგზავრობის უფლებით სარგებლობენ, ინტეგრირებული სამგზავრო სისტემის ფარგლებში, ნებისმიერი ტრანსპორტით გაცილებით იაფად იმგზავრებენ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, თბილისის მერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ „საახალწლო სოფელი“, რომელიც 24 დეკემბერს გაიხსნა, 14 იანვარს დედაენის ბაღში დასკვნითი კონცერტით დაიხურება. კახა კალაძემ თბილისის მერიის თანამშრომლებს საახალწლო ღონისძიებებში აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.

„საახალწლო სოფელს“ ამ დღეებში ბევრი ადამიანი სტუმრობდა, რაც სასიხარულოა. ნამდვილად საახალწლო განწყობა იყო შექმნილი. ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ეს დღეები ყოფილიყო დასამახსოვრებელი ყველა ადამიანისთვის. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო თბილისის მერიის ყველა იმ თანამშრომელს და საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებს, რომლებიც პირველი დღიდან ჩართული იყვნენ საახალწლო ღონისძიებების მზადებისა და განხორციელების პროცესში. მადლობა მათ ყველას უკლებლივ. არ მინდა, ვინმე გამომრჩეს. ძალიან დიდი შრომა ჩაიდო იმისთვის, რომ საახალწლო განწყობა და ზეიმი შეგვექმნა თბილისში მცხოვრები მოქალაქეებისთვის, ჩამოსული სტუმრებისთვის. ვფიქრობ, ეს ჩვენ შევძელით და მოვახერხეთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ასევე, მადლობა გადაუხადა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს მხარდაჭერისა და სხვადასხვა ადგილის საახალწლოდ მორთვისთვის.

„ასევე, მადლობა მინდა, გადავუხადო ბიზნესსექტორს თანამშრომლობისთვის, მხარდაჭერისთვის, რომელთა აქტიური ჩართულობითა და თანადგომით, თბილისში არაერთი სკვერი და პარკი მოირთო, განათდა საახალწლო ილუმინაციებით, რაც ძალიან სასიამოვნოა. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო და წარმატებები ვუსურვო ყველა იმ მეწარმეს, ვინც ჩართული იყო საახალწლო ღონისძიებებში. პანდემიის პერიოდში მათ სერიოზული პრობლემები შეექმნათ. მაქსიმალურად ხელი შევუწყვეთ ამ ადამიანებს, რომ მათ თავიანთი ნაწარმის გაყიდვის შესაძლებლობა ჰქონოდათ. იყო ფინანსური მხარდაჭერა ჩვენი მხრიდან. ამ პირობებში კი, განსაკუთრებით სასიამოვნოა, რომ პანდემიის დროს დაზარალებული ასობით მცირე და საშუალო მეწარმე, კვების ობიექტი, საბავშვო გასართობი ცენტრი თუ სტუდია, საახალწლო ღონისძიებებშია ჩართული, ასევე, სამკვირიან მუსიკალურ-გასართობ პროგრამაში, ჯამში, 1 000-ზე მეტი მუსიკოს-შემსრულებელი იღებს მონაწილეობას“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ 14 იანვარს დედაენის ბაღში დაგეგმილი დასკვნითი კონცერტის პროგრამაზეც ისაუბრა და მოქალაქეებს პანდემიის პირობებში დადგენილი რეგულაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

„14 იანვრამდე სულ რამდენიმე დღე რჩება. იქამდე კი შეგვიძლია კიდევ ერთხელ ვესტუმროთ „საახალწლო სოფელს“ ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად, დავისვენოთ, გავერთოთ და ერთად გავატაროთ სასიამოვნო დრო. 14 იანვარს, 20:00 საათზე გიწვევთ დედაენის ბაღში დასკვნით კონცერტზე, რომელიც რუსუდან მორჩილაძემ მოამზადა ძველით ახალი წლისთვის. ჟანრობრივად მრავალფეროვან მუსიკალურ საღამოზე, სხვადასხვა თაობის ქართველი შემსრულებლები და ჯგუფები, მუსიკალური ბენდის თანხლებით, საახალწლო და ყველასთვის საყვარელ სიმღერებს შეასრულებენ. კვლავ გელით „საახალწლო სოფელში“, ამავე დროს, მოგმართავთ თხოვნით, გავითვალისწინოთ ქვეყანაში არსებული კოვიდვითარება, ვიზრუნოთ ერთმანეთის ჯანმრთელობაზე და ვატაროთ პირბადე. ასევე, ვაქცინა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დამცავი შესაძლებლობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ასევე აღნიშნა, რომ 56 წლის წინ თბილისის მეტროს დიდუბე-რუსთაველის მონაკვეთი ოფიციალურად გაიხსნა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, მრავალწლიანი სტაჟის მქონე 15 თანამშრომელს საპატიო თანამშრომლის წოდება მიენიჭა.
საპატიო თანამშრომლის წოდება მიენიჭათ ჯუმბერ მერაბიშვილს, ავთანდილ ჯანეზაშვილს, იური ენუქიძეს, ალექსანდრე გოგინაშვილს, ვალერიან კავკავაშვილს, გელა იტრიაშვილს, რობიზონ სარდლიშვილს, რევაზ თიკანაშვილს, რევაზ ჩიტაშვილს, ნიკოლოზ დათებაშვილს, გოჩა ლელუაშვილს, ბადრი ქუხილავას, მიხეილ ყიფშიძესა და ვაჟა გიგილაშვილს.

„თბილისის მეტრო გამორჩეულად მოთხოვნადი, უსაფრთხო და სწრაფი ტრანსპორტია, რომლითაც ყოველდღიურად, დაახლოებით, 200-250 ათასი მგზავრი გადაადგილდება. დღეს, მისი ამოქმედებიდან 56 წელი შესრულდა. თბილისში მეტროს მშენებლობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 15 წლის შემდეგ, 1966 წლის 11 იანვარს ოფიციალურად გაიხსნა დიდუბე-რუსთაველის მონაკვეთი. ამ ხნის განმავლობაში, მეტროს ასობით თანამშრომელი ემსახურება და სწორედ მათ პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული მგზავრების უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილება. წელს, ტრადიციულად ჯილდოვდებიან ის გამორჩეული თანამშრომლები, რომლებიც მრავალი წელია ემსახურებიან ამ საქმეს. მათ საპატიო თანამშრომლის წოდება მიენიჭებათ. კონკრეტულად ამ თანამშრომლების სტაჟი 32-დან 52 წლამდე მერყეობს, რაც ვფიქრობ, საქმის სიყვარულის და ერთგულების მანიშნებელია. მინდა, ამ ადამიანებს გულწრფელად გადავუხადო მადლობა იმისთვის, რასაც ისინი ყოველდღიურად აკეთებენ ამ ქალაქისთვის, აკეთებენ მეტროს გამართული ფუნქციონირებისთვის, რაც ნამდვილად დასაფასებელია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, საპატიო თანამშრომლის წოდება ენიჭება აწ გარდაცვლილ მერაბ ჩადუნელს, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტს, რომელმაც 42 წელი იმუშავა თბილისის მეტროში. ჯილდო მის ოჯახს გადაეცემა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0